დიდი ამპლიტუდა მშპ-ს პროგნოზებში

დიდი ამპლიტუდა მშპ-ს პროგნოზებში

ეკონომიკური ზრდის წლევანდელი პროგნოზები 4-დან 6,3%-მდე მერყეობს. საქართველოს მთავრობა და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობ განსხვავებულ მონაცემებს ასახელებენ. თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ ეკონომიკურ პერიპეტიებს, ეს გასაკვირი სულაც რა უნდა იყოს.

საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა საქართველოს ჯერ კიდევ შარშან, ივნისში გამოცხადებული პროგნოზი დაადასტურა, რომლის საფუძველზე ირკვევა, რომ გაისად 6,3%-იანი ზრდა გვექნება. ასეთივე ტემპი შენარჩუნდება 2015 წელსაც. როგორც ბანკი თავის კვლევაში („გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2014“) იუწყება, სავაჭრო ბალანსი მშპს-თან მიმართებაში 0.7%-ით გაუმჯობესდება და ნავარაუდევი - 7,8%-ის ნაცვლად - 7.1%- იქნება.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში არსებულ 21 ქვეყანას შორის, საქართველო ეკონომიკური ზრდით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე იმყოფება. ის მხოლოდ თურქმენეთს (10.1%), უზბეკეთს (7%) და ყირგიზეთს (6,5%) ჩამორჩება. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანის მშპ წელს 5,3%-ით, სომხეთის - 5%-ით, ხოლო უკრაინის - 2%-ით გაიზრდება. შესამჩნევად დაბალი მაჩვენებლებიაქვთ თურქეთს (3,5%) და ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა ბულგარეთი (1,7%), უნგრეთი (1,7%) და რუმინეთი (2,5%).

საერთო ჯამში, მსოფლიო ბანკის ექსპერტების აზრით, მსოფლიო ეკონომიკა წელს გაძლიერდება, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტემპი აჩქარდება, ხოლო ის ქვეყნები, რომელთაც მაღალი შემოსავლები აქვთ, ხუთწლიანი მსოფლიო კრიზისიდან გამოვლენ. რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მშპ-ს ზრდა 2,8% იქნება, თუმცა არსებობს სხვადასხვა რისკი, რომელთა გამოც, შეიძლება, პროგნოზი გადაიხედოს.

საქართველოს ხელისუფლება უკვე რახანია ამტკიცებს, რომ 2014 კარგი წელი იქნება, ხოლო 2015 კი - უკეთესი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ბევრად მნიშვნელოვანი წელი ელოდება.

„ჩვენი პროგნოზები იყო სწორი, რომ წლის ბოლოდან და განსაკუთრებით, მომავალი წლიდან ველოდებით ეკონომიკურ ზრდას, რაც უკვე დააფიქსირა სტატისტიკამ - უკვე ნოემბრის თვეში არის მთლიანი შიდა პროდუქტის 7,8% - იანი ზრდა და ვფიქრობ, რომ დაახლოებით ამდაგვარი იქნება დეკემბერშიც. იანვარი შედარებით ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა მთლიანობაში პირველი კვარტლიდან პირადად მე საკმაოდ კარგ წელს ველოდები. ველოდები, რომ საქართველოში ეკონომიკა შედარებით სწრაფი ტემპით დაიწყებს ზრდას, შესაბამისად, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, შემოვა ინვესტიციები.

ეს არის სწორედ ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვქონდა. პირველი წელი იყო ძალიან რთული კოაბიტაციის, როდესაც ყველანაირად ხელს გვიშლიდა ოპოზიციური ძალა, რომელიც მთელ რიგ სახელისუფლებო სტრუქტურებში იყო წარმოდგენილი“, - ამბობს ონოფრიშვილი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არც საქართველოს ხელისუფლების და არც მსოფლიო ბანკის აღტკინებას არ იზარებს და შედარებით მოკრძალებულ მაჩვენებელს აქვეყნებს. „ბიპიენის“ ცნობით, ევრობანკმა 2014 წლისთვის ეკონომიკური ზრდის საქართველოსთვის განკუთვნილი საპროგნოზო მაჩვენებელი 5%-დან 4%-მდე შეამცირა.

როგორც ორგანიზაციის მმართველი დირექტორი ოლივიე დეკამი აცხადებს, ევრობანკი კონსერვატიული დაწესებულებაა, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს მუდმივად აკორექტირებს.

„სისუსტე უკლებლივ ყველა ქვეყანაში შეინიშნებოდა და ამის საფუძველზე მოხდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კორექტირება. მაინც ვფიქრობთ, მომავალ წელს საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებელი ექნება. თუ ქვეყანა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე უფრო წარმატებულია, ეს მეტად სასიხარულოა. ჩვენ დღეს ზრდის ტენდენციებს ვხედავთ და ვიმედოვნებთ, მომავალ წლებში საქართველოს გაცილებით დიდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება“, - განაცხადა დეკამმა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ინვესტორთა რადარებზე დაბრუნდება.

„ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები ვართ და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რათა საქართველოში გაიზარდოს ინვესტიციები, განვითარდეს კონკურენცია და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, თუმცა ეს იყო გლობალური ტენდენცია“.