საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპული ვოიაჟი გრძელდება. ზურაბიშვილი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დოკუმენტური ფილმის ჩვენებას „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ დაესწრო. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, 1-ელ ოქტომბერს კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა. 2 ოქტომბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს“.
„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ხოლო, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან ხაზგასმით აღინიშნა ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კი სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს არაკონსტიტუციური უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს არ ყოფილა მთავრობასთან შეთანხმებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც:
„რეალურად, გერმანელებს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაცრი მიდგომა აქვთ. გერმანიაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აგიტაციის ჩატარება იკრძალება. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა გერმანულმა მხარემ თავიდან აირიდა, რაც უკვე კარგია. კიდევ ერთხელ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ თავად გერმანელებს საკუთარი სამართლებრივი აქტებით აკრძალული, შეზღუდული აქვთ შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე საარჩევნო აგიტაცია ჩაატაროს. ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას. თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან, ამით ისინი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ. საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ეს მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტულ ქვეყნებში შეიმჩნევა. როდესაც კანდიდატი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემ, ეს არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნებამდე, რამდენიმე კვირით ადრე მსგავსი ტიპის მოგზაურობას ანალიტიკოსთა ნაწილი უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს მიმართულია, საქართველოში არსებული ვითარების არევისკენ და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის წინაპირობის შესაქმნელად. ანალიტიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ერთგვარ კონსულტაციებს გადის, რომლის მიზანიც არის არჩევნების შედეგების არ აღიარება და ტექნიკური მთავრობის ფორმირება. როგორც გვენტაძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, იგი არ გამორიცხავს არჩევნებამდე გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი.
„ხელისუფლებამ რაც არ უნდა განაცხადოს, „წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია“. ახლა აშკარა არის ერთადერთი რამ: ხელისუფლება ამ არჩევნებს დიდი ანგარიშით იგებს, ხალხის განწყობის და გამოკითხვების მიხედვით. დასავლეთს, მიშელებს და ლაიენებს ძალიან უნდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.
ოკეანის გაღმიდან დაკვეთა მიღებული აქვთ ევროპელ ვასალებს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ხელისუფლება უნდა შეცვალონ. ამიტომ დაიბარეს „მეხუთე კოლონის“ მეთაურად სალომე ზურაბიშვილი, აწ უკვე ვერშემდგარი მეთაური, რომ მას შესაბამისი კონსულტაციები ჩაუტარონ და მოსთხოვონ, 100%-ც რომ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში, არ აღიაროს ეს ლეგიტიმურად - თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა და აყალიბებს ტექნიკურ მთავრობას, რის საფუძველზეც მოხდება ქუჩაში გამოსვლები - ამას კიდევაც საუბარობს, მისი ერთ დროს მაგინებელი და ახლა მასთან ჩახუტებული, ნიკა გვარამია.
მიზანია, როგორმე აქ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება არჩევნების შემდეგ. მოსალოდნელი არის არჩევნებამდეც ძალიან დიდი პროვოკაციები, რომელსაც მთელი ქართული სახელმწიფო ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ერიდებოდეს. (რევოლუციისთვის) ჰყავთ სალომე ზურაბიშვილი დაბარებული. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი მეთაურობდა და პირდაპირ ეუბნებოდა ნიკა გვარამიას, შეკრების დროს კარგი იქნება, ორსულ ქალს თუ მოკლავთ, ეს ხალხს უფრო გააგიჟებსო - ამათთანაა სალომე ზურაბიშვილი. ამ სიტყვების ავტორს წარმოსახავდა და დღესაც წარმოსახავს ზოგიერთი ევროპელი პოლიტ-ელიტის წარმომადგენლი დემოკრატიის შუქურად და ამის მომსმენს და სავარაუდოდ, შემსულებელს მედლით აჯილდოებს“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან.