საქართველოს კონსტიტუციისა და ორგანული კანონის გათვალისწინებით, როდესაც პრეზიდენტი იყენებს ვეტოს, ასეთ შემთხვევაში ვეტოს დაძლევის პრეროგატივა აქვს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას და კანონზე ხელმომწერი პირი ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კონსტიტუცია ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ მიიღოს ორიდან ერთი გადაწყვეტილება. თუ ეთანხმება კანონს, მაშინ ხელი მოაწეროს, იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმება და გააჩნია მოტივირებული უარის თქმის საფუძველი, მაშინ ეს უნდა დაასაბუთოს და დაადოს ვეტო.
სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო და პარლამენტს უკან „მოტივირებული შენიშვნების“ გარეშე დაუბრუნა. უკან დაბრუნებულ პროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც შალვა პაპუაშვილს 5-დღიანი ვადა აქვს. კანონზე ხელის მოწერის დღიდან კი კანონი ძალაში შედის.
კანონი, რომელიც ძალაში 5 დღეში შედის, გერმანიის კანცლერის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება. ოლაფ შოლცმა ბერლინში, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის მიერ ქვიარ ადამიანების უფლებების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიაში ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ ცხოვრება და სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისაგან დაცული უნდა იყოს.
„საქართველომ, მაგალითად, ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, რომელიც დისკრიმინაციულია და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. გარკვევით ვიტყვი: ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება. კარგია, რომ ასეთ შემთხვევებს ყურადღებას აქცევთ და სოლიდარობას ავლენთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი, რომელმაც დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებზე ეკონომიკაზე და ბაიდენის პერიოდში რეკორდულ ინფლაციაზე არც ერთ კითხვას არ უპასუხა, ამომრჩეველთან შეხვედრაზე ლგბტ პროპაგანდას აქტიურად ეწევა. „ვისაც გინდათ შედით მერიაში და დაქორწინდით და დაე, შემოკრან ქორწილის ზარებს. ეს ჩვენ დავადგინეთ ასე, იმიტომ რომ სამოქალაქო კავშირი არ გვყოფნის, ჩვენ გეი ქორწინება გვინდა“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.
ეს კი ცხადყოფს, რომ აშშ და ევროკავშირი როგორ აიძულებს საქართველოს დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბავშვის აყვანის უფლებაც უნდა მიეცეთ. ამ ზეწოლის მიუხედავად, პრეზიდენტი ისევ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მიღებული პროექტი საქართველოს ევროპის საწყის ფასეულობებთან აახლოებს და ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი ვერ მოაწერა კანონს, იმაზე მეტყველებს, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს.
„ჩვენი ქვეყანა იცავს ყველას უფლებას, მათ შორის განსხვავებული სექსუალური ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებას. ევროპას კი არ აშორებს, მგონი ევროპის საწყის ფასეულობებთან აახლოებს საქართველოს ეს ჩვენი კანონები. ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი ვერ მოაწერა ამ კანონს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს, მაგრამ ვეტოც რომ არ დაადო, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, ვეტოს დადების სამართლებრივი საფუძველიც არ გააჩნდა. ისევე როგორც მისი წინა ვეტოები, ეს ვეტოც გახდებოდა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი ფიასკო პარლამენტში განხილვის დროს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის ყოფილი წევრი, პროფესორი თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო სივრცეში ჰქვია ჩავარდნა, რომელმაც არც ვეტოს უფლება გამოიყენა და არც ხელი მოაწერა კანონს. ამ შემთხვევაში მიიღო შუალედური გადაწყვეტილება. მაისურაძე თვლის, რომ ზურაბიშვილს იურისტმა ურჩია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
„კანონში წერია - ან ერთი, ან მეორე და მესამე ვარიანტი დასაშვები არ არის, შესაბამიად, პრეზიდენტია მთლიანად პასუხისმგებელი. სიმართლე რომ გითხრათ, პრეზიდენტი არის იმპიჩმენტირებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რეალურად, როგორც პრეზიდენტი არც არის უფლებამოსილი. სამართალი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზენაესი. მე, პარლამენტარების ადგილას რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი არის არაუფლებამოსილი და საერთოდ არაფერს არ გადავუგზავნიდი. მივიღებდი პარლამენტის ჩვეულებრივი უმრავლესობით კანონს და დავიწყებდი კანონის აღსრულებას.
საერთოდ, ძალიან ძნელია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ინტერპრეტაცია მისცე. მან გააკეთა ისეთი სვლა, რომელსაც როგორც უნდა, ისეთ ინტერპრეტაციას მისცემს. ამიტომ, მან დაიტოვა სვლა შემდეგისთვის და ჩამოკიდა. ახლა რომ კითხოთ რატომ გააკეთა, არ გიპასუხებთ. იტყვის, რომ ეს ჩემი უფლებაა და არ გეტყვითო, მაგრამ დაიტოვა ადგილი ორი სახის ინტერპრეტაციისთვის - ან იმიტომ არ მივეცი, ან ამიტომ. ასე რომ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, ეშმაკური სვლაა და სხვა არაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.
უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა გათვალა, რომ კანონისთვის ვეტოს დადება იქნებოდა მის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური გუნდის კრახი. ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც გაფილტრულია ოპოზიციურ პოლიტიკურ გუნდში.
„როდესაც შენ ლგბტ პროპაგანდას უჭერ მხარს, ამით, ბუნებრივია, იხევ ადამიანურ სახეს და ცხადია, იქნებოდა წამგებიანი ვეტოს დადება. შესაბამისად, არ აწყობდა. ამიტომ, ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება. ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება. ეს მოსაზრება არის გაფილტრული მთელ პოლიტიკურ გუნდში, ვისაც მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებულია ასევე აშშ-ის ელჩთან. რას გამოიწვევდა ერთი მხრივ მხარდაჭერა, ხელის მოწერა და კანონის უკვე კანონიერ ძალაში შესვლა, ხოლო მეორე მხრივ, რას გამოიწვევდა ვეტოს დადება. მათთვის ორივე შემთხვევა განხილული იქნა, როგორც მაღალი ხიფათის შემცველი. შესაბამისად, მიღებული იქნა კაზუსური გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებით კანონში ჩანაწერი არ გვაქვს. რეალურად, საქმე გვაქვს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. იმიტომ, რომ კონსტიტუცია ავალდებულებს პრეზიდენტს, მიიღოს ორიდან ერთი გადაწყვეტილება, რაც არ გააკეთა, ჩნდება კითხვა - მაშინ, რასთან გვაქვს საქმე? ეს არის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.
უფლებადამცველი თვლის, რომ ზურაბიშვილის მიერ მიღებული ეს შუალედური გადაწყვეტილება მომავალში უნდა აისახოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რომ არც ერთ პრეზიდენტს თავში არ მოუვიდეს პოლიტიკური სპეკულაციის გზით მოახდინოს პროპანირება მასზე არსებული ვალდებულების.
„როდესაც პრეზიდენტი ადებს ვეტოს, ასეთ შემთხვევაში ვეტოს დაძლევის პრეროგატივა აქვს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას და ამ შემთხვევაში კანონზე ხელმომწერი პირი ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ძალიან კარგად იცოდა პრეზიდენტმა და მის უკან არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ე.წ. ოპოზიციამ და ამიტომ, ადგნენ და დოკუმენტი დატოვეს ხელმოუწერელი, რაც არის ცინიზმი, კონსტიტუციის მასხრად აგდება და უხეში დარღვევა, რომელიც მიუთითებს თანამდებობრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.
ეს კანონი აუცილებად იქნება მიღებული, რადგან ეს კანონი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რა მომავალი აქვს საქართველოს. აქვს მომავალი, რომელიც ეფუძნება მრავალსაუკუნოვან, ორიათასწოლოვან ქრისტიანულ კულტურას თუ მომავალი, რომელიც ეფუძნება გლობალური ომის პარტიის მიერ განხორიციელებულ ნარატივს - აგრესიული გენდერიზმის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ალბათ ასე გადაშენებულან წინა ცივილაზაციებიც. თუ ადამიანთა მოდგმის, თვითგადარჩენის ინსტიქტი არ გაიღვიძებს, მსოფლიოს ნახევარს (ცივილიზაციის ავანგარდს), უახლოეს 50 წელიწადში მოინელებს ეს სენი, მეორე (მუსულმანური) ნახევარი რამდენ ხანს გაუძლებს, მის ჩაკეტილობაზე იქნება დამოკიდებული.