ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფასები კატასტროფულად მატულობს. ამ პროცესს ხშირად რეალური საფუძველი არ აქვს და გაძვირება ინერციით ხდება. ტარიფები იზრდება არა წლიდან წლამდე, არამედ თვიდან თვემდეც კი. რაც ყველაზე დამაფიქრებელია, ამ ყველაფერს თან სდევს მომსახურების ხარისხის გაუარესება და დამსვენებლების მზარდი უკმაყოფილება.
ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომ მაღალი ფასებია, ამაზე „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძეც საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ფასები ევროპულს გაუტოლდა, თუმცა ხარისხი მოთხოვნებს არ პასუხობს. წლიდან წლამდე იზრდება სასტუმროს, რესტორნის, ტურისტულ ზონების ტარიფები და ასეთ ვითარებაში, ვიზიტორების მოზიდვა სულ უფრო გაჭირდება.
„ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მაღალი ფასები. ფასებია ენით აუწერელი და წარმოუდგენელი. ევროპას დავეწიეთ და გავასწარით ფასებით. უკვე ერთი კაცის ვახშამი თავისი ღვინით 100 ლარი გახდა და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ხომ არ შეიძლება საქართველოში ფასი გქონდეს იგივე, რაც არის გერმანიაში, იტალიაში ან ბრიტანეთში. თუ ფასი მაღალია, მაშინ ხარისხიც მაღალი უნდა გვქონდეს. ვეღარ ვეწევით, კბილებით გვიჭირავს ფასი. თან გვინდა, რომ ტურიზმის ხარჯზე განვითარდეს ქვეყანა და აღორძინდეს ეკონომიკა, ამ დროს საკუთარი პროდუქტი, კარტოფილი და პომიდორი არ გვაქვს, რომ შევთავაზოთ, იმპორტით შემოგაქვს“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.
გაუმართავი მომსახურების, გადაუმზადებელი კადრებისა თუ სხვა პრობლემების მიმდინარე სეზონზე უკვე არაერთი ტურისტი წერდა. ბოლო წლებში ქვეყნის მთავარ საკურორტო ქალაქს ერთგვარი პრობლემა შეექმნა. ბათუმში დამსვენებლების მოზღვავებამ ყოველდღიური საცობები და ობიექტების გადატვირთვა გამოიწვია. ასეთი ქაოსის გამო კი, მომსახურება გაუარესდა. შესაბამისად, კომპანია „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელის მაია მურაჩაშვილის მოსაზრებით, საკმაოდ სახიფათოა, რომ აჭარას დაგროვილი პოპულარობა სავალალოდ არ შემოუბრუნდეს.
„ბათუმს წელს ნამდვილად ბევრი დამსვენებელი მიაწყდა და ამას თავის მიზეზები აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში ნაგროვებმა ცნობადობამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ეს პიარი და ხალხის ინტერესი შეეჩეხოს არასათანადო სერვისს, ხარისხს და გაუმართაობას.
ფასები საქართველოს ტურისტულ ადგილებში არ არის დაბალი, ბათუმი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი სიძვირით. შესაბამისი მომსახურების გაწევა კი ვერ ხერხდება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, კადრების ნაკლებობაა. ძალიან ბევრი ტურისტი წერს ამ პრობლემაზე, მას შემდეგ რაც ბათუმიდან თავის ქვეყანაში ბრუნდებიან.
ინფრასტრუქტურა, გადაადგილება, საცობები, გაძვირებული ფასები, რიგები რესტორანში, არასწორი და არასაკმარისი მომსახურება და სერვისი - სამწუხაროდ, მართლაც ძალიან სახიფათო მომენტია, რომ უკუშედეგი არ მიიღოს აჭარამ“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მურაჩაშვილმა.