ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა სამშაბათს დილით დაიწყო. შეუძლია თუ არა რუტეს მნიშვნელოვან და რთულ საკითხებზე 32-წევრიანი ალიანსი კონსენსუსამდე მიიყვანოს?
იენს სტოლტენბერგმა, რომელიც თანამდებობა ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ დატოვა, თქვა, რომ ალიანსი კარგ ხელშია. მისი მთავარი მიზნები იქნება უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს წევრების წახალისება, რათა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
57 წლის რუტე, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია და ნიდერლანდების ყველაზე ხანგრძლივ პრემიერ-მინისტრია, მსოფლიო ასპარეზზე გამოცდილი მოთამაშეა. რუტე საერთაშორისო ასპარეზზე 2014 წელს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მალაიზიის ავიახაზების რეისი MH17 რუსული სარაკეტო სისტემამ აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდო, რის შედეგადაც დაიღუპა 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, მათ შორის ჰოლანდიის 196 მოქალაქე.
ნატოს დიპლომატები ამბობენ, რომ რუტე „იგივე საქმეებს გააკეთებს, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბით და განსხვავებული გზით“.
ნატოს მისიის ძირითადი შეცვლა მოსალოდნელი არ არის. მაგრამ, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა რუტე 32 წევრი ალიანსის კონსენსუსამდე მიყვანოს. რუტე მრავალი პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, ნატოს ოფიციალური პირები და დიპლომატები ელიან, რომ რუტე დაიცავს სტოლტენბერგის პრიორიტეტებს: კიევის მხარდაჭერას, ნატო-ს ქვეყნებს უბიძგოს რათა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შეინარჩუნონ აშშ-ის ჩართულობა ევროპის უსაფრთხოებაში.
პიტერ ბატორი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისამდე ნატოში სლოვაკეთის ელჩად მუშაობდა, ამბობს რომ რუტეს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა ამბიციები აქვს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან და განსაკუთრებით ამ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ნატომ გააორმაგა აღმოსავლეთში განლაგებული ჯარისკაცების რაოდენობა 10 000-მდე.
ნატოს აღმოსავლეთი ქვეყნები ითხოვენ მეტ იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს - რაც ნიშნავს ბლოკის დასავლელი წევრების დარწმუნებას, რომ მეტი საკუთარი იარაღი აღმოსავლეთში გადაიტანონ, რისთვისაც შემცვლელი უნდა მოიძებნოს.
გაიზარდა სამხედრო ხარჯები
ფინანსური ტვირთის გაზიარება მტკივნეული წერტილია მოკავშირეებს შორის. ივნისში გამართულ ევროკავშირის სამიტზე რუტე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ერთობლივ სესხებს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად. რამდენიმე ქვეყნის ლიდერს არ ესიამოვნა ეს განცხადებები: პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ სხვა ლიდერებმა „ხმამაღლა შეახსენეს“ რუტეს, რომ ის მალე გახდება ნატოს ბოსი და უნდა უზრუნველყოს, რომ მთავრობებმა არ დაზოგონ ფინანსები თავდაცვაზე.
ნატოს შეფასებით, მისი 32 წევრიდან 23 მიაღწევს მიზანს, რომ დახარჯოს მშპ-ს 2% თავდაცვისთვის წელს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებმა მხოლოდ ახლა მიაღწია ამ ბიუჯეტის მიზანს. ნატოს ბევრი ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ დანახარჯები უნდა გაიზარდოს კიდევ უფრო, შესაძლოა, მშპ-ს 2,5 პროცენტამდე ან კიდევ უფრო მეტად, რათა დამატებითი ჯარი და იარაღი მოერგოს ალიანსის თავდაცვის გეგმების ძირითად პუნქტს.
ფული და იარაღი უკრაინისთვის
რუტეს პირველი ამოცანა იქნება უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება, ალიანსის წევრების რიგებში რყევების მიუხედავად: მაგალითად, უნგრეთი უარს ამბობს სასიკვდილო იარაღის მიწოდებაზე, ხოლო შეერთებული შტატები და გერმანია სკეპტიკურად უყურებენ კიევის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. ალიანსში იზრდება გაურკვევლობა იმის თაობაზე, შეუძლებს თუ არა უკრაინა გამარჯვებას და როგორი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.
რუტის ამოცანა ასევე იქნება, ნატოს წევრების დარწმუნება, რომ გააგრძელონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება - წელს დაპირებული 40 მილიარდი ევროთი.
ნატოს როლი ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაში
მოლაპარაკებები დანახარჯებზე გადამწყვეტი იქნება ალიანსში აშშ-ს როლის შესანარჩუნებლად: ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ჩინეთში არსებულ მდგომარეობასაც.
მას შემდეგ, რაც პეკინმა დაიწყო საფრთხის კლასიფიკაცია, ნატოს წევრები სწავლობდნენ ჩინეთის გარკვეული ქმედებების შედეგებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებაზე.
უნდა უპასუხოს თუ არა ალიანსმა ჩინეთის მზარდ გავლენას, ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეუძლია შეერთებულ შტატებს ალიანსის დღის წესრიგის მართვა მისი პრეფერენციების შესაბამისად.
ზოგადი პოზიცია რუსეთის მიმართ
ვაშინგტონში, ივლისის სამიტზე, ლიდერებმა რუტეს მნიშვნელოვანი ამოცანა დაუსახეს - თუ როგორ უნდა დაამყაროს ურთიერთობები რუსეთთან უახლოეს მომავალში.
აქ, სავარაუდოდ, ალიანსის წევრების პოზიციებს შორის სხვაობა გამოჩნდება: ბალტიის ქვეყნები ტრადიციულად დაჟინებით მოითხოვენ უკიდურესად მკაცრ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, ხოლო უნგრეთი ან თურქეთი უპირატესობას ანიჭებენ უფრო ზომიერ მიდგომას.
ბალტიისპირეთის ქვეყნებს სურთ დაიწყონ ურთიერთობების დამყარება ახალ საფუძველზე, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გაჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, კერძოდ, გააუქმონ რუსეთ-ნატოს საკონსულტაციო საბჭო. ალიანსის ზომიერ წევრებს რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფორმატის შემუშავებამდე ურჩევნიათ დაელოდონ უკრაინაში სიტუაციის მოგვარებას.
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cd0z7lx12mlo