„ორბი ჯგუფის“ მიერ წამოწყებულ პროექტს ადგილობრივეთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციები და საინიცაიტივო ჯგუფებიც ეწინააღმდეგებიან. ისინი პირობას დებენ, რომ მშენებლობას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ.
„ბახმაროს გადარჩენის“ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სამშენებლო კომპანია ბახმაროში მშენებლობის დასაწყებად გარკვეულ სამუშაოებს შენიღბულად ახორციელებს. შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფი სამშენებლო კომპანიას ბახმაროში მრავალბინიანი კომპლექსის აშენების უფლებას არ მისცემს და ამ ფაქტს შეეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად ნაჩუქარი მიწიდან, ბახმაროს დასამარების ხარჯზე იშოვოს მილიონები.
„მე არავითარი პასუხი პროკურატურიდან არ მიმიღია. მე რამდენჯერმე გავაგზავნე წერილი. ბოლო რაც მიწერილი მაქვს, იმაზე რეაგირება არ ყოფილა. სამშენებლო კომპანია ბახმაროში რაღაცის დასაწყებად ემზადება. მათი მხრიდან გარკვეული მობილიზაციაა, შენიღბულად და ფარულად. ჩადგეს კონტეინერი, ეტყობა რაღაც მომენტს ელოდებიან, რომ დაიწყონ პროცესი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მალე შეიძლება ბახმაროში თოვლი მოვიდეს და გზა ჩაიკეტოს. ამან შეიძლება ბუნებრივად შეაფერხოს ეს ამბავი, მაგრამ ის, რომ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს და არ ითვალისწინებს პროტესტს, ეს ასეა.
ვინც ვაქტიურობდით აქამდე ბახმაროში მშენებლობის გასაპროტესტებლად, ჩვენ ყველა მზად ვართ, რომ ეს პროტესტი არ შევწყვიტოთ. არც შეგვიწყვეტია, სხვადასხვა ფორმით გრძელდება ეს პროტესტი, მაგრამ ის კი ვიცით, რომ კომპანიას არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იქ მშენებლობა დაიწყოს. მოქალაქეებს გვაქვს კანონით დადგენილი უფლებები და ამ უფლებების ფარგლებში გამოვხატავთ პროტესტს.
მე არ მქონია არავისთან კომუნიკაცია გარდა იმისა, რომ ვითხოვდი სახელმწიფო უწყებებიდან რეაგირებას. სამშენებლო კომპანია ჩასაფრებულია და ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ დაიწყოს სამშენებლო პროცესი, მე ხშირად ვარ ხოლმე ბახმაროში და ვიცნობ სიტუაციას. კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად ნაჩუქარი მიწიდან, ბახმაროს დასამარების ხარჯზე, იშოვოს მილიონები. რა შეაჩერებს იმ მტაცებელ კომპანიას, რომელმაც დაასამარა ბათუმი და ახლა მიადგა ბახმაროს?! ელოდება ხელსაყრელ მომენტს, ჩვენ შევეწინააღმდეგებით, ჩვენ არ დავუშვებთ!“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ახვლედიანმა.
2 თვის წინ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, საქართველოს მთავრობამ ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა.
მთავრობის ახალი განკარგულებით ცვლილება შევიდა 2019 წლის განკარგულებაში, რომლითაც „ორბს“ სახელმწიფომ ბახმაროში ჯამში 4 ჰექტარზე მეტი მიწა 1 ლარად მიჰყიდა.
მთავრობის განკარგულებით, ცვლილებები შევიდა ასევე „ორბთან“ გაფორმებულ სხვა [2020 წლის] ხელშეკრულებაშიც და კომპანიას ამ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრეს.
ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
ამასთან, „წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას… კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.