12 წელი ხელისუფლებაში, 12 წელი უწყვეტი მშვიდობა, 12 წელი ბეწვის ხიდი და არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის სამ ვადას 1 ოქტობერს აჯამებს და რამდენიმე თემაზე მნიშვნელოვან აქცენეტებს აკეთებს.
„დღე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას გამოხატავს“ - ასე იწყება ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან 12 წელს უკავშირდება. მმართველი პარტიის დამფუძნებელი წერს, რომ 12 წლის წინ, 29 სექტემბერს, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა, თავისუფლების გამზირზე შეკრებით, იმდროინდელი ხელისუფლების მიერ გაბატონებული შიში დაძლია და, ორ დღეში, მისი მეთაურობით, ხელისუფლების შეცვლა შეძლო.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე 12-წლიან პერიოდს ბეწვის ხიდზე სიარულს ადარებს, რომელმაც მმართველ გუნდს უწყვეტი მშვიდობისა და ეკონომიკური პროგრესის საშუალება მისცა.
გადალახული საფრთხეების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის წერილში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზეცაა საუბარი. მმართველი პარტიის დამფუძნებლის აზრით, გარე ლობისტების ხელით ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა მუდმივ ტურბულენტობის რეჟიმში აცხოვროს. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უპრეცედენტო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. წერს, რომ „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მშვიდობას, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრას და სტაბილურობას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს.
ივანიშვილი 1 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს და მას 1918 და 1991 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღებთან ერთად ახსენებს.
„ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი! ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!“ - წერს ივანიშვილი.
მმართველი პარტიის ლიდერი თავისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-12 წელს კვლავ პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების დაპირებას იძლევა. სწორედ ამით ხსნის ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობას.
„ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ: ჯერ, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;
იმისთვის, რომ საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, - წერია განცხადებაში.
წერილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ასევე ამერიკის სააელჩოს განცხადებას პასუხობს, რომ აშშ დაკავშირებული არ არის Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავასთან.
განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა, ივანიშვილი უარყოფს მისი და მმართველი პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან აშშ-ის ან ევროკავშირის ფინანსურ შანტაჟში დადანაშაულებას. თუმცა, აქვე ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ პოლიტიკოსებზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.
„როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“, - წერია ივანიშვილის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს“.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოლიგარქიულ გავლენებზეც დასვა აქცენტი. „იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული აქცენტები, მშვიდობასა და ქვეყნის „ბეწვის ხიდზე“ გავლაზე სიმართლეს რომ შეესაბამება ამას ქართველი ხალხი ყველაზე კარგად მიხვდა.
„რა თქმა უნდა, როცა ამხელა ტურბულენტულ სიტუაციაში ქვეყანა ინარჩუნებს სიმშვიდეს და განვითარებას, ხელისუფლების დამსახურებაა და არავისი სხვისი. გვახსოვს, ომთან დაკავშირებით რა სამარცხვინო პორპაგანდა ჰქონდა ოპოზიციას და რა სახის რიტორიკას აწარმოებდნენ. ეს ჩანაწერები და მათი განცხადებები ხომ ინტერნეტში ყევლაზე კარგად იძებნება. ამხელა ზეწოლის ფონზე, „ოცნებამაც“ და ივანიშვილმაც ყველაფერს გაუძლეს, რომ ქვეყანა ომში არავის ჩაეთრია. გაუძლეს ამ ყველაფერს საკუთარი პირადი ინტერესების დათმობის ხარჯზე. ივანიშვილი, ფაქტობრივად, სანქციების ქვეშ იმყოფება და ეს ხომ ახალი ამბავი არ არის. ასევე, ქვეყანაში რევოლუციურ სცენარზე ღიად საუბრობს ოპოზიცია. ჩვენ ვიხილეთ გვარამიას განცხადება, რომელიც პირდაპირ გათქვამს იმ გეგმას, რაც 27 ოქტომბერს ოპოზიციას აქვს. რას გააკეთებენ და რომ მათ ცესკოს ოფიციალური მონაცემები არაფერში აინტერესებთ. ასევე, გვარამია ისევ აპელირებს „მითიურ ქართველ ხალხზე“, რომლთა მხარდაჭერის 5%-იც არ ექნება“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ის, რომ მათ არჩევნების შედეგები არ აინტერესებთ, ეს ჯერ კიდევ ყოფილი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიერ ითქვა. ეს გაიმეორეს ოდიოზურმა ფიგურებმა ევროპარლამენტში, როგორებიც არიან ფონ კრამონი და ა.შ. ამ ოპოზიციის მიერ მოგონილი ვირტუალური ქართველი ხალხით დასავლელ პარტნიორებს ატყუბენ, ვითომ ხალხის მხარდაჭერით სარგებლობენ.
„საკუთარი გამოკითხვებით „ენდიაის“, „აირაის“ მეშვეობით ილუზიას ქმნიან, რომ ვითომ ნატოში გაწევრიანებას ქართველების 80% უჭერს მხარს და 16%-მდე კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამით ცდილობენ ისეთი სურათი აჩვენონ, რომ ვითომ აი, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს „ოცნება“ არ უნდათ. ამაზე საუბრობს სწორედ ივანიშვილი, რომ ეს გეგმა აქვთ, რომელიც ჯერ ვერ განახორციელეს და ამას ვერც 27 ოქტომბერს განახორციელებენ“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცახდებას და ივანიშვილის პასუხს, ქართველიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს მომენტი დააკავშირა იმ არასწორმა ინტერპრეტაციამ, რომელიც ამერიკის და ევროკავშირის ლიდერებს თავად გაუჩნდათ.
„გლობალურ ომის“ პარტიასთან თავი თავადვე დააკავშირეს. არადა როგორც „ოცნების“, ასევე „ხალხის ძალის“ მიერ არა ერთხელ ყოფილა ამაზე განმარტება. საუბარია იმ 7 ტრანსკორპორატიულ წარმონაქმნზე, რომელიც ამერიკაში, ბრიტანეთში და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში დიდი სიღრმის სახელმწიფოებს ქმნიან, რომლებიც შიგნიდან მთელი რიგი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებზე გავლენას ახდენენ. სწორედ ამას გულისხმობს ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიაში“. ისინი ცდილობენ გავლენების მოპოვებას ყველა სფეროსა და სტრუქტურაში. მათ ჰყავთ გავლენის აგენტები პოლიტიკოსების და სხვა სფეროს წარმომადგენლების სახით. სწორედ, ამაზეა საუბარი და კონკრეტულად არავის არასდროს უთქვამს, რომ ეს არის ამერიკა და ევროკავშირი“, - ამბობს ქართველიშვილი.