რა მიზანი დევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაში, რომელიც თბილისში კვლავ პოლიტიკური განხილვის და დაპირიპირების საგანია? მმართველმა გუნდმა ლავროვს უპასუხა და რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ მის მიერ საჯაროდ ნათქვამი კონკრეტული ქმედებებით უნდა გამყარდეს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ, მინიმუმ, უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა და მსჯელობის საგანი დეოკუპაცია და ჯარების გაყვანა გახდეს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და შერიგებისთვის მათი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია.
მათი თქმით, შერიგების ინიციატივას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლოებში ქართველი სამხედროების დადანაშაულების საფრთხე მოიხსნა. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ამ პროცესში რუსეთის პოზიციაც საქართველოს ინტერესების შესაბამისად უნდა იყოს გამოყენებული.
საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით სერგეი ლავროვმა განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ მოსკოვი მზად არის მხარეებს ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს.
სერგეი ლავროვის გზავნილი და ადრესატების პასუხი ოპოზიციისთვის მორიგი კრიტიკის მიზეზი გახდა. მათი ნაწილი თვლის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ დასავლელი მოკავშირეების საშუალებით უნდა განხორციელდეს. მეორე ნაწილი ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სერგეი ლავროვის განცხადებები საკმაოდ საეჭვოდ და არასანდოდ გამოიყურება და სწორედ, ამიტომაც განაცხადა „ოცნებამ“, რომ საუბარს თუ საქმეს მოაყოლებენ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს გაიყვანენ, მაშინ დაიჯერებენ ლავროვის სიტყვებს. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ეს განცხადება რუსების მხრიდან წინასაარჩევნოდ ქვეყნის შიგნით ჩარევის მცდელობაა.
„ძალიან ხშირად ემთხვევა რუსების და მათი ჩინოვნიკების განცხადებები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ეს პიდაპირ შიდა პოლიტიკაზე გავლენისთვის კეთდება. ლავროვის ნათქვამიც ამაზე მიანიშნებს და ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ოპოზიციის დასახმარებლად არის გამიზნული. ჩვენი ოპოზიცია მუდმივად იმაზე აპელირებს, რომ აი, ივანიშვილი რუსეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფება და ა.შ. ამიტომაც ვითომ მას იმედია ქვს, რომ რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუთმობენ. თუმცა ლავროვის განცხადება იყო ასეთი, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენას უნდა შევუწყოთ ხელიო, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არასდროს დაუშვებს.
ამიტომ აქ ხომ უკვე ფაქტია და ჩანს, რომ „ოცნება“ რუსეთთან და კრემლთან არანაირ კოორდინაციაში არ იმყოფება. ეს განცხადება ლავროვმა გააკეთა ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაპირისპირებისთვის, რომ საარჩვენოდ ოპოზიციას დაეხმაროს, ისევე, როგორც ამას აკეთებს ამერიკა. რუსეთსაც და ამერიკასაც ხელისუფლებაში აწყობთ „ნაციონალური მოძრაობა“ ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს პოლიტიკური ძალა, ორივესთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა. ამიტომ ლავროვმა მათ ბოსტანში კენჭები გადააგდო. ანუ „ოცნებას“ ეუბნება, რომ თუკი ათვიცნობიერებ, რომ რაღაცა ქართველებმაც მიქარეს, მაშინ მოდი და აღიარე ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა. აი, ამ გაურკვეველ პოლიტიკურ პინკ-პონკშია კრემლი, რომელიც ყველაზე მეტად ახლა ოპოზიციას ეხმარება“, - ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ლავროვის განცხადებას, გარკვეულწილად, ყინულის გალღობის პროცესს უწოდებს. მამრაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ამდენი წლის შემდეგ, მსგავსი განცხადება რუსეთმა პირველად გააკეთა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბოლო დროს რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში მიმდინარე საუბრები აფხაზეთსა და ოსეთზე ძალიან საინტერესოა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა.
„მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, არაერთი განზრახული ქმედებით გააკეთეს ის, რომ ამ ორ რეგიონსა და საქართველოს შორის სრულიად გაწყვიტეს კომუნიაკციის შესაძლებლობა. ე.წ. ოკუპაციის კანონით, რამაც გამოიწვია სრული გაუცხოვება. საერთოდ, რკინის ფარდა გაავლო, რაზეც ადრე ევროკავშირში არაერთხელ უსაბრიათ ჩემს კოლეგებს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ევროკავშირი ამერიკისგან დამოუკიდებლ პოლიტიკას ახერხებდა. მსგავსი რამის გაკეთება, ყველა ამბობდა, დაუშვებელიაო. ახლა ეს ისტერიკა, რაც ამ რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის ლავროვის განცახდებაზე, არის იმის შიში, რომ როგორმე არ გამოინახოს რესურსი რუსეთთან გარკვევული ნაბიჯების გადადგმისთვის. ამ ტერიტორიების დაბრუნება არ უნდათ“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, რაღაცა ნიშნები არის და ამაზე ჰაერზე არავინ საუბრობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, არსებობს გარკევული კომუნიკაციებიც და სწორედ ამაზე საუბრობს ივანიშვილი.
„ამათი ისტერიკა გასაგები და ლოგიკურიც არის. სააკაშვილმა 2008 წელს არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც მაშინ სარკოზიმ მედვედევთან შეთანხმების შედეგად ჩამოუტანა. იქ იყო ასეთი მე-6 პუნქტი, სადაც ეწერა, რომ თუკი დასავლეთთან არ მოხდებოდა კომუნიკაცია და თანხმობა, მაშინ რუსეთი ამ ტერიტორიების აღიარებას ვერ მოახერხებდა. სააკაშვილმა დაიწყო ისტერიკა და მიტინგზე გავარდა. ხელი არ მოაწერა მანამდე, სანამ სარკოზიმ არ დარეკა რუსებთან და ეს პუნქტი არ ამოაღებინა. ამის შემდეგ კი აღიარებული ტერიტორიები მივიღეთ. ამიტომ ახლა ვკითხულობ, ვინ არის მოღალატე, ვის არ სურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? ვინ ითამაშა მაშინაც და ახლაც რუსეთის საქმე?“, - ამბობს მამრაძე.