საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მარსელის ციხეში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ექომაგება. მიხეილ სააკაშვილმა დავით კეზერაშვილის მხარდაჭერის მიზნით, საფრანგეთის მთავრობას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოში დავით კეზერაშვილის ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, თუ რას წერს წერილში ამერიკაში მყოფი სააკაშვილი, ეს უცნობი რჩება, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოველგვარი პიარის გარეშე, წერილი ჯერ მოამზადა და შემდეგ საფრანგეთში გაგზავნა.
თუ რატომ იცავს, ასე თავგამოდებით სააკაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს? ამის გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრა:
ყოფილი პრეზიდენტი საფრანგეთის მთავრობას მიმართავს საქართველოში დავით კეზერაშვილის ექსტრადირება არ მოხდეს. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, კიდევ რა წერია, აღნიშნულ წერილში?
- ეს წერილი საიდუმლო არ არის. ეს წერილი ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელსაც პარტიის ლიდერები როგორც შუამდგომლობას, ყველა იმ სასამართლოს ვუგზავნით, სადაც ჩვენი თანაგუნდელების საქმეების განხილვა მიმდინარეობს. ეს წერილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და ყოფილი პრეზიდენტის მიერ იქნა დაწერილი. ამაში არანაირი საიდუმლო არ არის. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, რამდენიმე ტყუილი თქვა. მათ შორის, ის, რომ თითქოს, „საიდუმლო“ წერილი იქნა მომზადებული და ის, რომ თითქოს, კეზერაშვილი პარტიის ერთადერთი დამფინანსებელია. წერილში მსგავი რამ, არ წერია. იქ აღნიშნულია, რომ კეზერაშვილი ჩვენი პარტიის კონტრიბუტორია და ეს აქამდე, არც კეზერაშვილს დაუმალავს და არც ჩვენ. თავის დროზე, კეზერაშვილმა თავად თქვა, რომ ჩვენს პარტიას აფინანსებდა. იმაში რა არის სკანდალური, რომ ჩვენი თანაგუნდელების ციხიდან გამოყვანაზე ვიზრუნოთ?! ეს არის გასაკვირი?!
თქვენ ამბობთ, რომ ეს წერილი საიდუმლო არ არის, მაგრამ აქამდე, რატომ არ გამოქვეყნდა? ამასთან, სააკაშვილის მხრიდან წერილის დაწერას, პოლიტიკურ წრეებში გარკვეული ეჭვები მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „როცა სააკაშვილი ითხოვს, რომ არ მოხდეს კეზერაშვილის ექსტრადირება, აღვივებს ეჭვებს, რომ რაღაც დაკავშირებულია ფინანსებთან“. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან ბევრი კითხვა არის კეზერაშვილის არალეგალურ საქმიანობასთან, მის ბიზნესაქტივობასთან და სხვადასხვა პროდუქციით მის სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირდაპირ გკითხავთ, რატომ იცავს მიხეილ სააკაშვილი კეზერაშვილს ასე გამალებით, მის უკან ხომ არ დგას?
- ენას ძვალი არ აქვს და ჩვენს ოპონენტებს, რაც სურთ, ის თქვან. თუმცა, იმას რად უნდა თქმა, რომ საფრანგეთის მხრიდან კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ არის მიზანშეწონილი, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა იმ ადამიანებზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას, რომლებიც ციხის მიღმა არიან. გასაკვირი რა არის იმაში, რომ ჩვენვე ვდილობდეთ, თანაგუნდელის ციხიდან გათავისუფლებას, მაშინ, როცა ეს ხელისუფლება იმასაც კი კადრულობს, რომ კრიმინალური წარსულის მქონე პირი მთავარ პროკურორად დანიშნოს. კრიმინალად შერაცხეს ის ფაქტი, რომ თურმე, ჩვენ ჩვენი მეგობრების დასაცავად კანონიერ ქმედებებს ვახორციელებთ. რა არის ამაში სასკანდალო და აღმოჩენა?! აღმოჩენა ის არის, რომ უსუსური და უაზრო ქმედებებით, ხელისუფლება საყვარელი პროკურორისა და მინისტრის კრიმინალის გადაფარვას ცდილობს.
თუმცა, მთავარმა პროკურორმა პოსტი დატოვა...
- ოთარ ფარცხალაძე თანანმდებობიდან იმიტომ გადადგა, მას დაუმტკიცდა, რომ კრიმინალია. ახლა კი საუბარია, მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
ბატონო გიორგი, ერთია რა სურთ თქვენს ოპონენტებს, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს, როგორ გახდა საჯარო მოხელე, დავით კეზერაშვილი თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღესვე მილიონერი?
- დათო კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობის შესახებ დეტალურად ვერ გესაუბრებით, მაგრამ ბიზნესი კეზერაშვილის მამასაც ჰქონდა. მინისტრის პოსტი კეზერაშვილმა ექვსი წლის წინ დატოვა, რის შემდეგაც მან საქართველოში ინვესტორები ჩამოიყვანა. ის ბიზნესების მფლობელი მარტო არ არის და ისე არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მხოლოდ კეზერაშვილს აქვს მილიარდები. მას რამდენიმე კომპანია აქვს და შეიძლება, ეს კომპანიები მზარდი იყოს და მას რაღაც დაუგროვდეს. თუ როგორ გახდა კეზერაშვილი მილიონერი, საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ინტერეს იწვევს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. როგორც ვიცი, მას შემდეგ, რაც ის თანანმდებობიდან გადადგა, ხელი იმ ბიზნესებს მოჰკიდა, რომელიც მამამის ჰქონდა და ამავდროულად, მან ქვეყანაში ინვესტორები შემოიყვანა.
ამ ქვეყანაში ბიზნესი ბევრს აქვს, მაგრამ მილიონერი ისე წარმატებით ვერავინ გახდა, როგორც ეს კეზერაშვილის შემთხვევაში მოხდა. არ ფიქრობთ, რომ მას ბიზნესის კეთებაში ხელს ის უწყობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაახლოებული?
- ნაციონალებთან ყოფნას ვერავის ავუკრძალავთ და თუ ადამიანი ბიზნესტალანტს გამოიყენებს და საქმეს გააკეთებს, ეს მისი ნებაა. იმის სპეკულირება შეიძლება, რომ რადგან კეზერაშვილი ნაციონალებთან იყო ახლოს, მან ბიზნესი ამიტომ გაზარდა, მაგრამ ეს არის ლეგალური ბიზნესი და მან პატიოსანი და ლეგალური საქმიანობის დასადასტურებლად მოიწვია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია deloitte, რომელმაც დასკვნა დადო. ეს დასკვნა ადვოკატებმა საფრანგეთის სასამართლოს გაუგზავნეს, სადაც არალეგალური არაფერია. ამ მასალაში, რომ რაღაც არასწორი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, კეზერაშვილი თავის მაკომპრომეტირებელ მასალას სასამართლოში გააგზავნიდა?!
სწორედ, ამ დასკვნაზე გკითხავთ. მასში აღნიშნულია, რომ 2009 წლიდან კეზერაშვილი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის წილის მფლობელი იყო. ამ კომპანიის ანგარიშზე კი საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხები ტრიალებდა, რის გამოც, საქართველოს მთავარ პროკურატურას ეჭვი ფულის გათეთრებაზე ან დანაშაულის შემცველ სხვა ელემენტებზე უჩნდება...
- კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ეს დასკვნა კეზერაშვილის ადვოკატებმა საფრანგეთის სასამართლოს მიაწოდეს და როგორ წარმოგიდგენიათ, კეზერაშვილის ადვოკატები მის მაკრომპრომეტირებელ დოკუმენტებსთავისი ხელით სასამართლოს მიაწვდიდნენ? ასეთი ეჭვი, რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს დაებადება?! ასეთი რაღაცეების სკანდალად მონათვლას ცდილობენ, მაგრამ სხვათაშორის, როცა ოფშორზე ამახვილებენ ყურადღებას, ამ ხელისუფლების სანაქებო საინვესტიციო ფონდი, რომელზეც მათ მზე და მთვარე ამოსდით, სწორედ ოფშორულ ტერიტორიაზეა დარეგისტირებული. მორალური პრობლემაა ის, რომ საქართველოს პრემიერი-მინისტრი, რომელიც საზოგადოებას ქვეყნის გადარჩენას ჰპირდება, ფონდს ოფშორში ფლობს. ადამიანს, რომელსაც ბიზნესი აქვს, მას სადაც უნდა იქ დაარეგისტირებს. კერძოდ, იქ სადაც უფრო ნაკლები გადასახადი იქნება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა ბიზნესი ცდილობს, რომ ლეგალურად იოლი გზა მოძებნოს და ოფშორულ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი კომპანიაა დაფუძნებული, რაც არც კარგს ნიშნავს და არც ცუდს, მაგრამ ეს მორალური უხერხულობა მოქმედი პრემიერისთვისაა და არა გადამდგარი მინისტრისთვის.