კომპრომატებით ომი იწყება - რა შინაარსის ჩანაწერები შეიძლება გამოქვეყნდეს წინასაარჩევნოდ?

კომპრომატებით ომი იწყება - რა შინაარსის ჩანაწერები შეიძლება გამოქვეყნდეს წინასაარჩევნოდ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ელოდება, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით ორი კვირით ადრე, ქართული ოცნება აუცილებლად გამოაქვეყნებს სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით და მათ შორის, ეს ყველაფერი მოსალოდნელია, პირადად მის წინააღმდეგაც. როგორც სააკაშვილმა თავის მიმართვაში დაწერა, თავად ყველანაირ რეპრესიულ მიდგომას ელოდება.

ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს.

მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ უახლოეს დღეებში და კვირებში. გარდა ამისა, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერებს (ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულს თუმცა ზოგიერთი შეიძლება ნამდვილიც იყოს) ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, თუმცა ხალხი ამას არ წამოეგება, - აღნიშა სააკაშვილმა.

თუკი წინასაარჩევნოდ გარკვეული ტიპის ჩანაწერები გამოქვეყნდება, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება. მსგავსი გამოცდილება წარსულში უკვე ჰქონდა ოპოზიციურ სპექტრს, როდესაც წინასაარჩევნოდ, კომპრომატების სახით, ჩანაწერები გავრცელდა, რომელიც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყო მიმართული. ანალიტიკოსთა ნაწილი მსგავს შესაძლებლობას არც ახლა გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია არჩევნებამდე კიდევ ვიხილოთ მსგავსი სახის ჩანაწერები.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს ქართული ოცნების მხრიდან ჩანაწერების გავრცელებას. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიმართ შესაძლოა კომპრომატების დიდი რაოდენება არსებობდეს, რაც მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში დაგროვდა.

ამის მოლოდინი მაქვს, რადგან ზოგადად, არჩევნებს სჩვევია კომპრომატების ამოტივტივება და კომპრომატებით ომი არჩევნების თანმხლები პროცესია. თუკი ადამიანს ეგულება კომპრომატები თავის შესახებ, ექნება მოლოდინი, რომ მასზე კომპრომატები ამოტივტივება. ნაცმოძრაობამ მოახერხა და 9 წელიწადში კომპრომატების ისეთი რაოდენობა დააგროვა, რომლის ანალოგი ძნელია მოიძებნოს და ასე, ნელ-ნელა, ყოველ წელიწადს, იყენებს ოცნების ხალხი და შემდეგ ცდილობენ, რომ ამ კომპრომატებით მიაღწიონ სასურველ შედეგს, რაც არაა გასაკვირი არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

გამოუცდელობის გამო, ასეთი კომპრომატების საფრთხე გამორჩა ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომაც თქვა სააკაშვილმა, ჩანაწერები გამოქვეყნდებაო - მას ეგულება ასეთი კომპრომატების დიდი რაოდენობა, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკას იყენებს, რაც ჩანაწერების გავრცელებას გულისხმობს. მისი შეფასებით, ახალი ჩანაწერების გავრცელებას იგივე გავლენა არ ექნება საზოგადოებაზე, რაც წინა არჩევნების დროს ჰქონდა.

კომპრომატებით ომი აუცილებლად იქნება. არაერთხელ ამბობდა ოცნების ლიდერშიფი, რომ მათ ჰქონდათ ასეთი კომპრომატები. შესაბამისად, ეს, ალბათ, გამოყენებული იქნება - ოცნება იყენებს მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ტექნიკას.

ქართულ ოცნებას რთულად აქვს საქმე - კონსტიტუციური უმრავლესობის აღებაზე საუბარიც ზედმეტია, საპარლამენტო უმრავლესობა რომ ამოიღონ, ამაზეც მადლობა უნდა თქვან. ოცნებამ წინა არჩევნებშიც გამოიყენა მსგავსი ტიპის კომპრომატები და ვფიქრობ, ამას გარკვეული ეფექტი საზოგადოებაზე აღარ ექნება ახლა. განსხვავება ის არის, რომ თუ წინა არჩევნებს ჰქონდა შიდა პოლიტიკური ტიპის გავლენის უნარი, დღეს უკვე არის საგარეო პოლიტიკური საკითხი - რაც მოქმედებდა შიდა პოლიტიკურ კონტექსტში, არ იმოქმედებს საგარეო პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.

აქვე შეგახსენებთ, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესი 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროკურატურამ შესავალი სიტყვა თქვა, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადმოკვეთა საზღვარი უკანონოდ სააკაშვილმა 2020 წლის 28 სექტემბერს.

დაცვის მხარე უნდა წარმდგარიყო შესავალი სიტყვით, თუმცა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამისთვის მზად არ იყვნენ. დღესვე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაისინჯა ამ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაპატიმრობა, რომელიც მოსამართლემ ძალაში დატოვა. მანამდე სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.