რა ქცევაა, როდესაც მეგობარი ქვეყნის დაზვერვის სამსახური ასეთ ძირგამომთხრელ ოპერაციას გეგმავს და ქვეყანაში აპარებს ადამიანს, რომელმაც აქ მდგომარეობა უნდა არიოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
„სად არიან ის ჩვენი ნაქები არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე ე.წ. პატრიოტები, რატომ არაფერს ამბობენ ამაზე?! ასე უნდა მოექცე შენს მეგობარს, რომ შეუპარო ადამიანი ქვეყნის ასარევად?! სად არის ამაზე პასუხი უკრაინის მთავრობისგან?! ის ადამიანი, ვინც არის ამის ორგანიზატორი, დღესაც არის უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. მიხეილ სააკაშვილი უკვე სასჯელმისჯილი იყო, როდესაც თავისუფლად გადაადგილდებოდა აშშ-ში, ევროკავშირის ტერიტორიაზე, მას ხვდებოდა სხვადასხვა პოლიტიკოსი, ის შეფარებული ჰყავდათ. შემდეგ უკრაინაში განაწესეს მაღალ თანამდებობებზე. ეს ადამიანი შემოაპარეს იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ და ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს გადაკიდებოდა და მერე არეულ ქვეყანაში ვისი ტყვია გაისროდა, ვისი ტანკი შემოვიდოდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, მერე ამაზე იქნებოდა მწუხარე განცხადებები, თანაგრძნობები და შეშფოთებები.
ჩვენ მაშინ ყველამ გაგვწირა. ევროპელებმა, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაგვწირეს. ვინც ქვეყანა გადაარჩინა, ეს იყო ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც გარედან დაგეგმილი სპეცოპერაცია გაშიფრა და მიხეილ სააკაშვილი დააკავა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა.