ბიზნეს-სექტორისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელი და „ქონებაჩამორთმეული“ ბიზნესმენები არ მიუწვევიათ. ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელისთვის ეს ფაქტი გაუგებარია, რადგან იგი საკმაოდ სოლიდური ადგილობრივი მწარმოებელია, შესაბამისად, ბიუჯეტშიც სოლიდური შენატანით არის წარმოჩენილი, ამის მიუხედავად, მსხვილ ბიზნესმენებს შორის მისი მიწვევა „დაავიწყდათ“.
ცეზარ ჩოჩელის კომპანიის („ზედაზენის“, „ბარამბოსა“ და „მიქსორის“) წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაზე მიწვეულნი არ ყოფილან არც „ქონებაჩამორთმეული“ ბიზნესმენები და არც პურის მწარმოებლები.
ცეზარ ჩოჩელის პრეს-სამსახურის განცხადებით, როდესაც მან შეხვედრის ერთ-ერთ ორგანიზატორს - ბექა დოჭვირს სთხოვა, განემარტა მისთვის, თუ რატომ არ იყო ამ ბიზნესებიდან თუნდაც ერთი წარმომადგენელი მიწვეული, პასუხი ასეთი იყო: „არ ვარ კომპეტენტური, პოლიტიკურ პოლემიკაში ჩავერთო“.
„ვადასტურებ პრემიერ ღარიბაშვილის მოსაზრებას, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებში კომპეტენციის და კომუნიკაციის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა მიქაცაძე.
ამ შეხვედრაზე არც „კუს ტბის“ ყოფილი მფლობელი ბესიკ ხარძიანი მიუწვევიათ, რასაც ხარძიანი იმით ხსნის, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხი, თუ როდის აღდგება ქვეყანაში სამართლიანობა საკუთრების უფლების მიმართულებით და, საერთოდ, დაუბრუნდება თუ არა ამ ადამიანებს წართმეული ქონება. როგორც ხარძიანი აცხადებს, ქვეყანას რეალურად არ ჰყავს პროკურორი.
ამ შეხვედრას არ ესწრებოდა მოქმედი ბიზნესის კიდევ სხვა წარმომადგენელიც. „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ ამ შეხვედრაზე დასწრება სცადა, მაგრამ მისვლის მიუხედავად, ვერ მოახერხა, რადგან მიწვეულთა სიაში არ აღმოჩნდა.
ვინ და რატომ არ დაპატიჟა ჩოჩელი პრემიერთან შეხვედრაზე. ამის გასარკვევად ბიზნესომბუდსმენს და თავად ცეზარ ჩოჩელსაც დავუკავშირდით. ამასთან, დავინტერესდით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრისას მაინც თუ ახერხებდა ცეზარ ჩოჩელი შეხვედრაზე დასწრებას. თუმცა, იგი აცხადებს, რომ მის კომპანიებს არანაირ ბიზნესშეხვედრებში არ მიუღიათ მონაწილეობა.
- იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ სოლიდური ადგილობრივი მწარმოებლები ვართ და, შესაბამისად, ბიუჯეტშიც სოლიდური შენატანით ვართ წარმოჩენილნი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საერთოდ, ჩვენს ჯგუფში შემავალი არცერთი კომპანიის წარმომადგენელი პრემიერთან შეხვედრაზე მიწვეული არასდროს ყოფილა. ძნელია, ჩემი მხრიდან განვჭვრიტო, რატომ ხდება ასე. ერთი წელია გრძელდება ჩვენს წინააღმდეგ პროცესები, ძნელია, ჩემი გადასახედიდან ეს შევაფასო. ფაქტი ერთია, რომ ადგილობრივი წარმოების კუთხით, საქართველოში ყველაზე დიდი ჯგუფი ჩვენ ვართ და ამ დროს, ჩვენ არ ვხვდებით ამ შეხვედრაზე. მით უმეტეს, როდესაც საუბარია წლევანდელი წლის ადგილობრივი წარმოების წლად გამცხადებაზე, ეს ძალიან ცუდია.
შემდგომ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, თქვენც მიგიწვევენ, როგორც ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენ, რომელთანაც ათასობით ადამიანია დასაქმებული. რა იქნება ის ძირითადი შეკითხვა, რომელზეც პასუხს პრემიერისგან მოელით?
- მართალია, ჩვენთან დღესაც რამდენიმე ათასი ადამიანია ჯერ კიდევ დასაქმებული, მაგრამ ბოლო მოვლენების ფონზე, მარტო ჩვენი ჯგუფიდან უმუშევრად დარჩა დაახლოებით 2 ათას ადამიანამდე. პრემიერთან ჩვენი შეკითხვები განსხვავებული არ იქნება, უბრალოდ, იქნება იმ რეალობაზე საუბარი, რაც ბიზნესთან და, კონკრეტულად, ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ შეხვედრას არ გამოვიყენებდით ჩვენი პირადი პრობლემების გადასაჭრელად. აქ უფრო მეორეა მნიშვნელოვანი, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე ზოგადად მარტო ცალკე აღებული ჩვენი პრობლემები.
პრემიერმა ზუსტად ქვეყნის შიდა წარმოების განვითარებაზე ისაუბრა, რომლითაც ნელ-ნელა უნდა მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება. ზოგადად, რა შეფასებას მისცემდით მის შეხვედრას სხვა ბიზნესმენებთან?
- შეხვედრაზე არ ვიყავი და რეალურად არ ვიცი, კონკრეტულად რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი. ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს და ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. რაც წარმოება დავიწყეთ, თითქმის 20 წელია, ამ თემაზე მუდმივად ვსაუბრობთ. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. თუ ეს ლაპარაკი ლაპარაკად, ხოლო დაპირება დაპირებად არ დარჩება, მაშინ ძალიან კარგი საქმე იქნება მთლიანად ქვეყნისთვის, ბიუჯეტისა და ეკონომიკური მდგომარეობისთვის.
პერიოდულად თქვენ ასახელებდით ცალკეულ პერსონებს, ვინც თქვენს წინააღმდეგ მოქმედებდა. დღესაც ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ვინმე გბლოკავდეთ და ბიზნესსექტორთან პრემიერის შეხვედრისას ვიღაცა თქვენს დასწრებას ეწინააღმდეგებოდეს?
- ვეღარაფერს გამოვრიცხავ. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ ის, რის გამოც დაყადაღებულია ყველა წარმოება, აბსოლუტურად უაზრობაა. ამიტომ, ძნელი სათქმელია, კონკრეტულად ცალკეული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი წყვეტს ამ საკითხებს თუ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ. დღეს უკვე გაუგებარ სიტუაციაში ვართ. იმედი მქონდა, ამ შეხვედრაზე მაინც ჩვენი, თუნდაც ერთი, რომელიმე კომპანია მოხვდებოდა. მარტო „ბარამბო“ რომ ავიღოთ, რეგიონში უნიკალური კომპანიაა, რომელიც ანალოგიური მიმართულების პროდუქციას აწარმოებს, რომ არაფერი ვთქვათ „ზედაზენზე“, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნად არის აღიარებული და სხვა კომპანიებზე. დანარჩენი კომპანიების შესაძლებლობებიც უნდა გავითვალისწინოთ. ვისურვებდი, ხელისუფლება იმ შეგნებამდე მივიდეს, რომ პრიორიტეტული დამოკიდებულება ჰქონდეს ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან. ვეთანხმები, არ არის დამატებითი ბერკეტები საჭირო, რომ შეიზღუდოს თუნდაც იგივე იმპორტი, მაგრამ რაღაც ფორმით უნდა ხდებოდეს, რომ ადგილობრივ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს უჩნდებოდეთ სურვილი ადგილზე ვაწარმოოთ პროდუქცია და არ ხდებოდეს ანალოგიური პროდუქციის იმპორტი უცხო ქვეყნებიდან.
***
თუ რატომ არ მიიწვიეს ცეზარ ჩოჩელი ბიზნეს-სექტორისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე, ამის შესახებ ბიზნეს-ომბუდსმენ გიორგი გახარიას განმარტება მედიასაშუალებებში გუშინვე გავრცელდა. მისი განმარტებით, შეხვედრაზე მხოლოდ ის ბიზნესმენები იყვნენ დაპატიჟებულნი, რომლებიც ბიზნეს-ასოციაციის წევრები არიან. სწორედ ამის გამო ვერ მოხვდა ცეზარ ჩოჩელი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. გახარიას თქმით, ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატმა, ბიზნეს–ასოციაციის მიერ მიწოდებული სიით ისარგებლა.
თუ რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნულ შეხვედრაზე ცალკეულ ბიზნესმენთა დასწრება, გიორგი გახარიამ For.ge-სთვის ჯერ კიდევ გუშინ განმარტა, რომ შეიძლება, აქ ყოფილიყო გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რადგან შერჩევა ხდებოდა ბიზნესასოციაციების საშუალებით და სხვა კრიტერიუმები არ ყოფილა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მათ არ სურდათ ძალიან დიდი შეხვედრის მოწყობა,
დღეს კი ჩვენთან საუბარში ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიზნესასოციაციის სია აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, პრემიერთან შეხვედრისას ბიზნესმენთა რაოდენობა შეზღუდული იყო და განსაკუთრებული კრიტერიუმი ერთადერთი იყო, რომ შეხვედრა ყოფილიყო საქმიანი.
„შეხვედრები იქნება რეგულარული, იქნება სრული როტაცია ამ შეხვედრებში მონაწილე კომპანიების. ას და ორას ადამიანთან საუბარი ცოტა რთულია. დარწმუნებული ვარ, როგორც კი შედგება შემდეგი შეხვედრა, ბატონი ცეზარიც იქნება მიწვეული. მის გარდა, იქ ბევრი სხვა კომპანიებიც იყვნენ, რომლებიც შეხვედრაზე ამჯერად ვერ მოხვდნენ“, - განმარტა გახარიამ.
ჩვენ დავინტერესდით, მაინცდამაინც ცეზარ ჩოჩელი და კიდევ ცალკეული ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები რატომ დაიბლოკნენ? ამის შესახებ გიორგი გახარია განმარტავს, რომ კომპანიები, რომლებიც დაესწრნენ პირველ შეხვედრას, შემდგომ შეხვედრებს აღარ დაესწრებიან და მათ ნაცვლად სხვა კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან პრემიერს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, მაგრამ არ შეიძლება, შერჩევითი პრინციპით მიიწვიონ ბიზნესმენები მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე.
„ბარამბო“ და „ზედაზენი“, - ეს არის ქართული წარმოების სახე, სოლიდური კომპანიები და, როცა ვსაუბრობთ, რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ, მათი დაბლოკვა არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება, კომპანიის დამფუძნებლის მიმართ არსებობდეს შეკითხვები, მაგრამ ეს შესაბამისი უწყებების საქმეა და ამის გამო კომპანიები არ უნდა იყვნენ ცუდ მდგომარეობაში. ასეთ ფაქტები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და ამიტომაც ბიზნესი არაკომფორტული იყო. ბიზნესის თავისუფლების ხარისხი ამჟამად გაზრდილია ქვეყანაში. უბრალოდ, ეს ერთი საქმე ტოვებს კითხვის ნიშნებს, თუ რატომ ექმნებათ პრობლემები „ბარამბოს“ და „ზედაზენს“ საქმიანობაში და რატომ არ ასწრებენ მათ მსგავს ღონისძიებებს“, - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.
მისივე აზრით, მთავარ პრობლემად მაინც რჩება ბიზნესასოციაციებისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის უუნარობა და პასიური როლი ბიზნესისა თუ ხელისუფლების კომუნიკაციაში.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე სკეპტიკურად უყურებს მსგავს შეხვედრებს. იგი ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერცერთ თავყრილობას ვერ იხსენებს, რაღაც ღირებული ინიციატივა გაჟღერებულიყოს. გამონაკლისი იყო, როცა მაშინდელ გადამხდელთა კავშირში შეიკრიბნენ ბიზნესმენები და ხელისუფლებას გაფრთხილება მისცეს, რომ ყურადღებით მოპყრობოდნენ ბიზნესს.
„ეს ტრადიცია უფრო მასკარადის სახეს იღებს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დამკვიდრდა, გაგრძელდა სააკაშვილის დროს და დღესაც გრძელდება. ასე რომ, ვინ დაესწრება ამ ღონისძიებას, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ეს შეხვედრები ზეგავლენას ვერ მოახდენს. კრიტერიუმები, რომლითაც ამ შეხვედრის მონაწილეებს არჩევენ, აუცილებლად გადასახედია, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ბიზნესასოციაცია, ბატონი ჭირაქაძე - არანაირი ასოციაციური ცხოვრება ამ გაერთიანების ირგვლივ არ არსებობს. საქართველოში, სადაც ბიზნესი პოლიტიკაა და პოლიტიკა ბიზნესია, ასეთი შეხვედრები არაფრის მომცემია“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
მისი აზრით, სავსებით სამართლიანია ცეზარ ჩოჩელის პრეტენზია, რომლის წინააღმდეგაც. მისი ნაცმოძრაობასთან ასოცირების გამო, რომელიც საჭოჭმანოა, აღძრულია საკამათო საქმეები. ექსპერტი აცხადებს, რომ ეს კაცი რამდენიმე ათასი მოქალაქის დამსაქმებელი და ოჯახის მეოხია. ამიტომ ასეთ ადგილობრივ მწარმოებელს ბიზნესმენთა შეხვედრაზე რომ არ იწვევენ, გაუგებარია.
„ადგილობრივი მწარმოებლები ცოტა თუ არის ჩოჩელზე უფრო მასშტაბური. დაუძახონ ამ კაცს, როგორც ჩანს, სათქმელი აქვს. ისევე, როგორც ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებს. მთავრობა ვერ აარიდებს ამ ხალხთან ურთიერთობას თავს. მით უმეტეს, პრემიერი ღარიბაშვილი კომუნიკაბელური, პრინციპული და მართალი კაცია“.