35 კითხვა და პრემიერ-მინისტრის ამდენივე პასუხი. „შერატონ მეტეხი პალასში“ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან პირველი გაფართოებული პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე დასასწრებად აკრედიტაცია 150-მდე პირმა გაიარა. პრემიერსა და ჟურნალისტებს შორის დიალოგი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მთავარი პროკურორის კანდიდატურა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმე, საგარეო ურთიერთობები და ეკონომიკური საკითხები, - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაციები იკვეთება და ამ საკითხით საქართველოს გარდა უცხო ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურებიც არიან დაინტერესებულები. მისივე თქმით, კეზერაშვილის იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობის საკითხს გამოძიება დაადგენს და ასევე საყურადღებოა კერძო სექტორში გადასვლისთანავე მისი კომპანიის შემოსავლების განსაკუთრებულად ზრდის საკითხი.
„ვერავინ ამიხსნის, თუ საიდან აქვს 800-მილიონიანი ბრუნვა კეზერაშვილს მხოლოდ 2012 წელს, საიდან აქვს მის კომპანიას მილიარდნახევრიანი ბრუნვა, მას შემდეგ, რაც ის გადავიდა კერძო სექტორში. ეს არის შოკისმომგვრელი, სკანდალური ინფორმაცია და საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს. ჩვენი ხელისუფლება და პროკურატურა დაინტერესდა ამ ინფორმაციით და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვფინოთ ნათელი ამ ფაქტს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ გამოძიება გამოკვეთს, გახდება თუ არა საჭირო კეზერაშვილის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა.
მთავარი პროკურორის წარდგენის საკითხზე კი განმარტა, რომ რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და ახალი მთავარი პროკურორი უახლოეს დღეებში დასახელდება. საკადრო საკითხებზე საუბრისას ღარიბაშვილმა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები გამორიცხა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობაში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება, უკვე გათავისუფლებულ პროკურორების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი კი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება იყო.
„პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები რაღაც გაშარჟებული ფოტოშოპებით და სურათებით იყვნენ დაკავებულები. როდესაც პროკურორი ერთობა ფოტოშოპებით, ეს არის კატასტროფა. ასეთი ადამიანი არსად არ უნდა მუშაობდეს. არ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო დაწესებულებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასა და გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერებაზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ კითხვები, რომლებიც გაჩნდა, კომუნიკაციის ნაკლებობით აიხსნება და პირადად არის მზად, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ყველა კითხვაზე უპასუხოს.
„ბუნებრივია, ევროპელებს აქვთ კითხვები. ისინი არ არიან მიჩვეულები, რომ მათი დედაქალაქის მერი იყოს ბრალდებული 50 მილიონის გაფლანგვაში. ბუნებრივია, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენთან და შესაბამისად, ეს შეშფოთებაც ამით არის განპირობებული“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საკითხი კი, ღარიბაშვილის განმარტებით, მარტივი პროვოკაცია და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დაგეგმილი ორგანიზებული კამპანია იყო.
„არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს კითხვები კიდევ აქვს ამ საკითხზე, სოზარ სუბარის უწყებას მიმართოს.
მისივე თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ შეჩერდება და ყველა დამნაშავეს მოუწევს აგოს პასუხი.
„ყველა, ვინც იყო დამნაშავე და დანაშაულის სისტემის შემქმნელი, პასუხისგებაში იქნება მიცემული. არ უნდა დარჩეს განცდა მოსახლეობაში, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შენელდა. პირიქით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო, სწორედ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, მაშინ, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და გაიმარჯვა ქართველ ხალხთან ერთად. ეს არის უწყვეტი პროცესი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესი წარიმართოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით“, - განმარტა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან უახლოეს პერიოდში განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებას არ ელის და აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტამდე, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი რამ არ იგეგმება. მისივე განმარტებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე რუსეთისგან არც განსაკუთრებული პროვოკაციებია მოსალოდნელი, რადგან უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების მექანიზმები ნაკლებად გააჩნია.
„ადრე ვთქვი, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები. ამ პროვოკაციებს ჩვენ ვხედავდით და გვესმის მთელი წლის განმავლობაში. იგივე საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში. გარდა ამისა, სხვა პროვოკაციებიც შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანს არ ველოდებით, რაღაც განსაკუთრებულს, რა უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც უკვე გვაქვს და ჩვენ ტერიტორიის 20% ოკუპირებული გვაქვს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, მაგრამ ამ ფორუმის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან არც ფორმალურ და არც არაფორმალურ შეხვედრას არ გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეკონომიკის განვითარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ დაპირებული 100 საწარმოდან 65 უკვე გახსნილია და „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე ხალხს დაჰპირდა. ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი საწარმოების გახნა კვლავ გაგრძელდება და ასევე გაგრძელდება სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა.
„დაახლოებით 700 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამით, საუბარია 205 მილიონ ლარზე. ასევე 200 მილიონ ლარზე მეტი გაიცა შეღავათიანი აგროსესხის სახით. ამას გარდა, დაახლოებით 65 საწარმო იქნა გახსნილი. ეს პროცესი გრძელდება. ეს პროცესი არის უწყვეტი. ჩვენ მიდგომა არ შეგვიცვლია. დაახლოებით მილიარდ 200 მილიონი ლარი იქნა დახარჯული შარშან სოფლის მეურნეობის სექტორში და იგივე დაიხარჯება წლის განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია უნდა გამარტივდეს და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა უნდა მოხდეს.
„ქვეყანა, რომლის 80% დამოკიდებულია იმპორტზე ეს არის კატასტროფა... ჩვენ იმპორტს არ უნდა შევეწინააღმდეგოთ და არ უნდა შევუქმნათ ბარიერები, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და აღმასვლა. უნდა შეიქმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რაც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, რათა კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ საქონელს და მეორე მხრივ, იმპორტირებული საქონელიც იქნება მაღალხარისხიანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და საწარმოები ყველა რაიონში შეიქმნება.