მთავრობა გაქცეულ ლარს ვეღარ ეწევა

მთავრობა გაქცეულ ლარს ვეღარ ეწევა

ლარმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 3-წლიან მაქსიმუმს უწია. მთავრობის პროგნოზი, რეალობას არ ემთხვევა. მოსახლეობა შეშფოთებული ადევნებს თვალს ეროვნული ვალუტის თავქვე დაქანებას.

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ 39 პუნქტით გაუფასურდა და 1.7572 ნიშნულზე შეჩერდა. ასეთი „დაბალი ფასი“ ლარს 2011 წლის თებერვალის შემდეგ აღარ ჰქონია. ერთი წლის განმავლობაში ქართული ვალუტა უკვე თითქმის 6%-ით გაუფასურდა.

იმ დროს, როცა ეროვნული ვალუტა დიდი სისწრაფით ქვემოთ მოექანება, საქართველოს მთავრობის წევრები სრულიად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებენ: „ლარის კურსი დასტაბილურდა და ბოლო დღეების განმავლობაში, დოლარის კურსის შემცირების ტენდენციაც შეინიშნება“, - განაცხადა ორი დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად გარკვეულ ღონისძიებებს ატარებს.

„პროცესი დასტაბილურდება და არანაირ გართულებას ადგილი არ ექნება. ვფიქრობ, ეს კურსი არის ახალი წონასწორული კურსი და ეკონომიკური პროცესები ამით არათუ არ შეფერხდება, პირიქით, შესაძლოა, დაჩქარდეს კიდეც“, - მოჰყვა თავდაჯერებულ მტკიცებას ფინანსთა მინისტრი, თუმცა ამ განცხადებისთანავე ლარი ისევ თავდაღმა დაეშვა.

ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე თბილისის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარზე მოთხოვნის დაახლოებით 20-30%-ით ზრდაზე საუბრობენ, თუმცა ზოგადად, მოთხოვნას სტაბილურს უწოდებენ. მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობა არ შეიმჩნევა, თუმცა ეს ჯერჯერობით სადღესასწაულო დღეებს ბრალდება. საქმე ისაა, რომ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ მოსახლეობას ეროვნული ვალუტის ჭარბი რაოდენობა აღარ აქვს, რომ დოლარში გადაცვალოს და ის ფაქტი, რომ ლარის კურსის 1.75-იანი ნიშნულის გადალახვის შემდეგაც დოლარზე მოთხოვნა არ გაზრდილა, სწორედ ლარის სიმცირეს უკავშირდება.

ახალი წლის წინა პერიოდს და მოსახლეობაში ლარის სიმცირეს უკავშირებს დოლარზე მოთხოვნის სტაბილურობას ექსპერტი სოსო არჩვაძეც. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობისგან ფულადი მასის გადინებაა და ადამიანებს დაგროვებული ლარის სახით ფული, უბრალოდ, აღარ დარჩათ.

ექსპერტის თქმით, ახალ წელს საჩუქრებისა და საკვები პროდუქტების შეძენის მიზნით დიდი რაოდენობის ფულადი მასის გადინება მოხდა, თან ამ პერიოდში გარკვეული პროდუქტები ფასნამატით იყიდებოდა. შედარებით მეტი ფული მოსახლეობას იანვრის ბოლოს გაუჩნდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გაიზარდა დოლარზე მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის პირველ ნახევარში, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გამყარების მიზნით - 550 000 000 დოლარი იყიდა, წლის მეორე ნახევარში კი 220 000 000 ამერიკული დოლარი გაყიდა. დამატებით კიდევ გაიყიდა 60 000 000 დოლარი 2014 წლის იანვარში. მიუხედავად ამისა კურსის დასტაბილურება ვერდავერ მოხერხდა. ლარის გაუფასურებამ უკვე ფასებზეც მოახდინა გავლენა. ამას „საქსტატიც“ ადასტურებს.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,5 პროცენტი შეადგინა.

ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თითქმის 32 პროცენტიანმა გაძვირებამ, ასევე რძის, ყველისა და კვერცხის გაძვირებამ (1,7 პროცენტით). მთლიანად - სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, ფასები 4,8 პროცენტით გაზარდა.

12,8 პროცენტით გაძვირებულმა მყარმა საწვავმა, თავის მხრივ, 1 პროცენტით გააძვირა საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის ჯგუფი.

ფასების ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ჯერჯერობით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ვერ ხედავენ შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას.

„თუ ლარის კურსის დაცემა ფასების ზრდაზე აისახა და ჩვენ დავინახეთ, რომ სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი ინფლაციური ზეწოლა, თუ ჩვენი მიზნობრივი ინფლაცია, რომელიც არის 5 პროცენტი, დადგა საფრთხის ქვეშ, ამ შემთხვევაში დავიწყებთ პოლიტიკის გამკაცრებას, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყვველა ბერკეტს და ამ პროცესებს არ დავუშვებთ“, - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

წლიური მაჩვენებლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ნოემბერ-დეკემბერში ინფალცია აშკარად გადაცდა 5%-იან ნიშნულს და ასე გაგრძელება მოსახლეობას კარგს არაფერს უქადის.