ბოლო პერიოდში, საქართველოში ტურიზმის სექტორში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გიდები მომრავლდნენ. ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, ბაზრის წილის მინიმუმ ნახევარს უცხოელი გიდები დაიკავებენ. აქ უკვე საუბარი არ არის იმაზე, რომ ისინი თავიანთ თანამემამულეებს ემსახურებიან. რუსები, პოლონელები და არაბები უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც უწევენ მეგზურობას, რადგან ისინი ფლობენ უცხო ენებს და საქართველოში ტურებს უპრობლემოდ გეგმავენ.
როგორც ქართველმა გიდმა ალექსანდრე გიორგაძემ განაცხადა, სექტორის წარმომადგენლები დიდი ხანია ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ და კანონის დონეზე შემზღუდველი მექანიზმის შემოღებას ითხოვენ ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია.
„თუ ადრე რუსი გიდების პრობლემა იყო, ბოლო 2 წელია ინდუსები, ჩინელები, არაბები და პოლონელები მომრავლდნენ, რომლებიც დიდი ხანია ამ საქმიანობით არიან დაკავებული. მე არ ვიცი ჯამში რამდენი არიან, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ყოველი მესამე ან მეოთხე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს 3-4 წელიწადში მინიმუმ ბაზრის ნახევარს უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაიკავებენ.
ძალიან დიდხანს ვითხოვდით, რომ ეს ყველაფერი კანონით ყოფილიყო დარეგულირებული, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. როდესაც ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიმართულებით სამუშაოდ მივდივართ, ნებართვა უნდა მივიღოთ, რომ ვიმუშაოთ. თუნდაც მსგავსად, რომ ისინიც დარეგისტრირდნენ და გადასახადები გადაიხადონ. მეორე მხრივ, რომ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ქართველი გიდების ცოდნის, კომპეტენციის მხრივაც გვაქვს პრობლემები, რადგან ბაზარი არის სრულად თავისუფალი“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გიორგაძემ.
ყველასათვის ცნობილია, რომ უცხოელი გიდები იღებენ ფულს, გადასახადებს კი არ იხდიან და სექტორიდან თანხის გადინება ხდება.
საქართველოში სულ უფრო მეტ უცხოენოვან გიდს შეხვდებით, რომლებიც ტურისტულ ჯგუფებს მომსახურებას უწევენ, თანხას იღებენ, ხოლო ბიუჯეტში ამ თანხიდან არაფერი შედის. როგორც „საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ აღნიშნა, ქართველ გიდებს უკვე სერიოზული პრობლემები აქვთ.
„ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია, არა მარტო გიდების სფეროში, ასევე მძღოლების, ტურისტულების შემთხვევაშიც. უამრავი ტურისტია ახლაც საქართველოში და ამ ჯგუფებს უძღვებიან - რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი გიდები. ებრაული, პოლონური, ჩინური ჯგუფებიც ძალიან ბევრია და ყველა ეს გიდი მუშაობს ყოველგვარი შეზღუდვისა და ნებართვის გარეშე. დარწმუნებული იყავით, რომ მათგან არანაირი შემოსავალი ბიუჯეტში არ შედის. თუ ასე გაგრძელდა, მივალთ იმ კატასტროფულ მდგომარეობამდე, რომ ჩვენს გიდს ტურისტი აღარ ეყოლება და ეს მაშინ, როცა ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს“, - აცხადებს ის.
ბოლო დროს საქართველოთი დაინტერესებამ იმატა ახალი ზელანდიიდან და ბრაზილიიდან, თუმცა გიორგი თეთრაძემ დაადასტურა, რომ მათ მომსახურებას უწევენ რუსი გიდები, რომლებიც უცხო ენასაც ფლობენ.
„ამ შემთხვევაში არიან რუსულენოვანი გიდები, რომლებიც უცხო ენაზეც ატარებენ ტურებს. ისინი აქ არიან ჩამოსულები, როგორც ტურისტები, ცხოვრობენ და ახერხებენ იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისინი ხვდებიან და სწორედ ისინი უწევენ გიდობას“, - აღნიშნა თეთრაძემ.