„ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო ბანერებს პოლიტიკურ და ანალიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ბანერებზე ვკითხულიბთ „არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“ ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით. ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს საკმაოდ წინდაუხედავი ნაბიჯი იყო მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან და აღნიშნულს სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდეს. თუმცა, მეორე ნაწილი გამართლებულად მიიჩნევს მსგავსი ტიპის ბანერების გამოფებას და აცხადებს, რომ დღეს არჩევანი რეალურად კეთდება ომსა და მშვიდობას შორის.
ამ ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო აღნიშნული და დაუშვებლად მიიჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება.
უკრაინული მხარე „ქართულ ოცნებას“ და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
გამოიწვევს თუ არა ბარენების საკითხი ახალ დიპლომატიურ სკანდალს?! - კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა იმაზე მეტად ვერ დაიძაბება, რაც ახლა არის. როგორც ზაქარეიშვილა განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხის წინასაარჩევნოდ გამოყენება სამარცხვინოა. მისი შეფასებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისწ ბრალი იყო, ხოლო დღეს მიმდინარე ომი - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის.
„შორს წასვლა არაა საჭირო, რადგან უკვე დიდი ხანია ჩამოვედით. საქართველოსა და უკრაინას შორის დიდი ხანია გაფუჭებულია ურთიერთობები - ომის დაწყებიდან საქართველო აბსოლუტურად უსაფუძლოდ ეჭვიანობდა უკრაინაზე და აბრალებდა იმას, რაც სინამდვილეში არ იყო. აშკარად ჩანდა, მას ჰქონდა დავალება, რომ მუდმივად მოეხდინა დისტანცირება საქართველოსა და უკრაინას შორის რუსეთთან მიმართებაში. მთელმა მსოფლიომ ნახა, რუსეთის იმპერიალისტური ომი დაიწყო 2008 წელს და 2022 წელს უკრაინაში გაგრძელდა. საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ სახით, ცდილობდა პირიქით დაეჯერებინა მსოფლიო, რომ 2008 წელს სულ სხვა ომი იყო და ამაზე დღემდე მიდის აპელაცია, რომ ეს იყო სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ბრალი, ხოლო, უკრაინაში მიმდინარე პროცესები - ზელენსკის ბრალი იყო და ეს ბანერებიც ამის მაგალითია, რომ თითქოს უკრაინა შეცდა.
კობახიძის არაერთხელ უთქვამს, უკრაინა სწორად რომ მოქცეულიყო, ომი არ იქნებოდა, რაც მიუღებელია, რადგან უკრაინა არ ახდენდა რუსეთის პროვოცირებას. ამ ბანერებზე შესაძლებელია სხვა სურათები ყოფილიყო, მაგალითად, პირველ ან მეორე მსოფლიო ომიდან, მაგრამ არა უკრაინიდან, რადგან უკრაინაში ომი ახლა მიდის, არ დასრულებულა. ეს არ არის ომსა და მშვიდობაზე საუბარი, ესაა უკრაინის საწინააღმდეგო ბანერები. დავალებაა, რომ მუდმივად მოხდეს დისტანცირება და განსხვავება საქართველოსა და უკრაინას შორის - ეს დღესაც გრძელდება, რადგან რუსეთს და მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს უკრაინასთან და 2008 წელს სულ სხვა ომი იყო. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ასე უტიფრად და ცინიკურად ხდება უკრაინის ომის დამცირება, მაშინ როდესაც უკრაინელები საქართველოსთვისაც იბრძვიან.
არსებობს ასეთი გამოთქვა, რომ „იატაკის ქვემოთ ვერ დაეცემი“, - ჩვენ უკვე დიდი ხანია დავეცით იატაკზე და ამის ქვემოთ ვერ დავეცემით. უკრაინის მიმართ ყველა ჩვენი საქციელი იყო სამარცხვინო, გამომწვევი და დამამცირებელი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ძირი და ფსკერი უკვე გავანგრიეთ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართაც, ასევე ნატო-ს და ევროკავშირის მიმართაც. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს? რამდენჯერ შეიძლება ადამიანი მოკვდეს?! - მხოლოდ ერთხელ. რამდენჯერ შეიძლება დაკარგოს საქართველომ დასავლეთის იმედი?! - ერთხელ უკვე დაკარგა და ვიღაც ელოდება, რომ რაღაც მოხდება? - არა! ახლა ყველა არჩევნებს ელოდება, როდესაც შესაძლოა სიტუაცია გამოსწორდეს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის წინასაარჩევნო კამპანია საზოგადოებაზე აღარ მოქმედებს:
„არ ახდენს ეს გავლენას! საზოგადოება უკვე მკაფიოდ არის დალაგებული. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ზუსტად იგივე შედეგი დადგებოდა, რაც იქნება 26 ოქტომბერს, თუ კიდევ მორიგი იდიოტობა არ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. ის ხალხი, ვინც მაინც აპირებს ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, ამ ბანერებს ყურადღებას არ მიაქცევს, ის ხალხი, ვინც არ აპირებს „ოცნებისთვის“ ხმის მიცემას, მათ აღარ სჭირდებათ დამატებითი არგუმენტები, რატომ არ უნდა მისცენ ხმა „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ბანერები დამატებითი არგუმენტი არ იქნება მათთვის. ეს ბანერები სჭირდება რუსეთს, რათა მან ნახოს, რომ „ქართული ოცნება“ „სწორ გზაზე დგას“ - ეს დამატებით ბონუს ქცევებია რუსეთის მხრიდან მოწონებისთვის“, - დასძინა ზაქარეიშვილმა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ დედაქალაქში გამოჩენილი საარჩევნო ბანერები მოსახლეობას შეახსენებს, თუ ვინ და რა უნდა აირჩიოს.
„ეს არის სამწუხარო რეალობა, მხედველობაში ომი მაქვს, რომელიც უკრაინაში ხდება. ეს შედეგები უმძიმესია, რა შედეგებიც ომს მოაქვს. სამწუხაროდ, საქართველოში დღეს წარმოდგენილია რადიკალური პოლიტიკური პარტიები - ოპოზიციის სახით და არასამთავრობო ორგანიზაციები (თუმცა ესენი ყველა ერთნი არიან), რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, აჟღერებდნენ „მესიჯებს“, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, მაშინ როდესაც ჩვენ სანქციებს არ შევუერთდით და მეორე ფრონტთან დაკავშირებით მკაფიო „მესიჯი“ გავაჟღერეთ. შესაბამისად, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, სჭირდება შეხსენება, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. რას ვირჩევთ ჩვენ? - ომს, წარსულში დაბრუნებას, უბედურებას, განადგურებულ ქალაქებს, სოფლებს, დაღუპულ, დაჩეხილ მოსახლეობას, თუ ვირჩევთ - მშვიდობას, განვითარებას, წინსვლას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კალაძემ.