ამერიკელებს, ვაჟა-ფშაველასგან განსხვავებით, „სტუმარ- მასპინძელი“ არ დაუწერიათ, თორემ მიხვდებოდნენ, რას ნიშნავს კავკასიელისთვის სტუმრის ჯერ მიწვევა, შემდეგ კი მიღებაზე უარის თქმა.
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი მომხდართან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებს უკვე ესაუბრა და დარწმუნებულია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის გაუგებრობა აღმოიფხვრება. ზალკალიანი აცხადებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, ქართული მხარე კი საუბრებისთვის მზად არის.
„ამერიკასთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ეს ურთიერთობა 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ფაქტებით იყო გამყარებული, მათ შორის, კონტრიბუციით, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ გაიღეს საერთაშორისო მისიებში საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვფიქრობ, ეს არის საწინდარი, რაც გვაკავშირებს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აცხადებს ზალკალიანი.
„აღარ არსებობს შეერთებული შტატები... შეშინებული ამერიკა სტუმარს ემალება“,- ამბობს „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი.
დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რადიკალების მოთხოვნები რომ გაეთვალისწინებინა, ბაიდენი მოწვევას კი არ გაუუქმებდა ირაკლი კობახიძეს, მხრებზე შეისვამდნენ მას და ისე შეიყვანდნენ გაეროს სამიტზე.
არდაპატიჟებისთვის დაპატიჟებული ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. პრემიერის თქმით, ვახშამზე მიწეულიყო 150-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის, გაფორმებულად კონსტიტუციურად არის ავტორიტარული სახელმწიფო.
ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც ბაიდენის ვახშამს ესწრებოდა, იყო კატარიდან, რომელსაც წინა წელს ამერიკელები ტერორისტულ სახელმწიფოს ეძახდნენ, წელს კი მისთვის მიწვევა არ გაუუქმებიათ.
გაჭრის თუ არა სტრატეგიულ პარტნიორთან დიალოგი და არის თუ არა ამერიკის მხრიდან დიალოგის მზაობა იმ პრელუდიის შემდეგ, რაც ვიხილეთ ამერიკაში?
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი For.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უყვარს თავისი ისტორიის მოყოლა იმ პერიოდიდან, საიდანაც მას აწყობს. ეს მაშინ, როცა ო'ბრაიენი იყო ჩამოსული, ივანიშვილთან შეხვედრა უნდოდა და ივანიშვილი არ შეხვდა.
„მოდით, აქედან დავიწყოთ ისტორია და მაშინ ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდება, სტუმარმასპინძლობაც და ყველაფერიც. გერმანიიდან ჩამოვიდა დეპუტატების მაღალი დონე, მაგრამ მათ არ შეხვდა ის ხალხი, ვისთანაც შეხვედრა უნდოდათ. შაჰინი იყო ჩამოსული, გავლენიანი სენატორი, ვინმე შეხვდა? რაც შეეხება კობახიძეს, ის ამერიკის მთავრობასთან კი არ ჩასულა, არამედ გაეროში ჩავიდა და ბარემ მოუნდა ბაიდენთან შეხვედრა. თუ პატიოსანი დიალოგი უნდათ, გამოიწვიონ ეს დაწყევლილი რუსული კანონი, რომელიც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, აშშ-ს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აღიარებს გავლენების გამტარებლად, თითქოს მათ რაღაც ინტერესები აქვთ საქართველოში, სინამდვილეში, მათ არანაირი ინტერესი საქართველოში არ აქვთ, მათ უნდოდათ, დახმარებოდნენ საქართველოს, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა, რომ მივდიოდით ნატოსა და ევროკავშირისკენ. დაახლოებით ეს იგივეა, სტუმარი რომ მოდის შენთან და შიშობ, გზაში რამე არ მოუვიდეს, რადგან ქარბუქია საშინელი, წვიმაა. განა არ გახვალ და არ დაეხმარები, რომ შენთან მშვიდობიანად მოვიდეს?!“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ კობახიძე ჯერ დაპატიჟეს ბაიდენთან ვახშამზე, შემდეგ უარი თქვეს მიწვვევაზე, ამას პაატა ზაქარეიშვილი შემდეგნაირად ხსნის, რომ რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა გაერო, სადაც კობახიძე იყო ჩასული, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მაღალი დონის სტუმრებს ვახშამზე ეპატიჟება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არ იყვნენ ჩასულნი სტუმრები. სავარაუდოდ, გაეროში მომუშავე ამერიკელმა დიპლომატებმა მიიღეს დასაპატიჟებელთა სია და, ვინც მუშაობს საქართველოსთან დაკავშირებით, მათ თქვეს, ხალხო, საქართველოსთან ჩვენ აღარ გვაქვს კონტაქტები, ჩავხსენით ეს კონტაქტები და მათთან შეხვედრა არ იქნება არჩევნებამდე, ვინაიდან ივანიშვილმაც თავის დროზე უარი გვითხრა შეხვედრაზე.
„ჩემი აზრით, ორ ამერიკულ უწყებას შორის, რომელთაგან ერთი მუშაობს გაეროზე და მეორე საქართველოზე, იყო წინასწარი შეუთანხმებლობა, ანუ გაეროში მომუშავეებმა ბაიდენთან ვახშამზე მიწვევა გააფორმეს, ხოლო საქართველოზე მომუშავე უწყებამ ეს მოწვევა გააუქმა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე არ გამორიცხავს, ამერიკასთან გაუგებრობა მოლაპარაკების შედეგად აღმოიფხვრას, რადგან ეს არის დიპლომატია. ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ და უნდა ვეცადოთ ორლესული პოლიტიკის წარმოებას, რომ სიტუაცია იყოს დაბალანსირებული როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში.
„ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ (და არა ამერიკელმა ხალხმა) რაც ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელი რამ არის. ეტყობა, აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციაში არ ჰყავთ, რბილად რომ ვთქვათ, განათლებული ადამიანები, თორემ რაც გააკეთეს, ამას არც ერთი კავკასიელი უბრალო გლეხი არ ჩაიდენდა. მათ არ იციან ერთი რამ, რომ კავკასიაში სტუმარს უწოდებენ ღვთის მიერ მოვლენილს, რომ სტუმარი ღვთისაა. ალბათ, ეს სამარცხვინო ფურცლად შევა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში. ჯერ ერთი, ვინ სთხოვდათ, დაეპატიჟებინათ ირაკლი კობახიძე და მერე დაპატიჟებულ სტუმარს ვინ ეუბნება უარს, არ მოხვიდეო. მე მგონი, მსოფლიოს არც ერთ ხალხში ეს არ ხდება. ეს გააკეთა დღევანდელმა გამოელგებეტექუელებულმა ამერიკის ადმინისტრაციამ ბაიდენის მეთაურობით. სამაგიეროდ, დაპატიჟეს დიქტატორული ქვეყნების წარმომადგენლები, ანუ ეს ვახშამი იყო საკუთარი „სუკინ სინებისთვის“, გამოდის, მათი ძაღლიშვილებისათვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო ვინც ამერიკელებს წინააღმდეგობას უწევს და სურს საკუთარ ქვეყანას საკუთარი თავი თავადვე ეყუდნოდეს, მათთვის არაფერი არ შეიძლება“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge- სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციას ეს არ შეეშლებოდა, ვინადან ტრამპი კონსერვატიული ლიდერია, „რესპუბლიკური პარტია“ ძირითადად მიმართულია კონსერვატორული იდეებისკენ.
ანალიტიკოსის პროგნოზით, სავარაუდოდ, თაბაგარი რომ გვყავს, ლგბტ წარმომადგენელი, ასევე, სუბელიანი და ორნაქმარევი კაცი - მიხაილ როთი, მათ დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ ამ ვახშამზე და ღვინოს თუ არა, წვენებს მაინც დალევდნენ ბაიდენთან ერთად.
ინტერესები თუ არ აქვთ, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი, მაშინ რაზე ააშენეს აქ ნახევარი თბილისის ოდენა საელჩო, რას აკეთებს ამ ერთი ციცქნა ქვეყანაში ამოდენა დიპლომატიური წარმომადგენლობა?
ვინმეს დახმარებით თუ იწვიან, ამ სიშორეს რას გამორბიან, იქვე არ ჰყავთ ჩვენზე უფრო დასახმარებელი, მთელი ლათინური ამერიკა?!
სინამდვილეში, მათ უფრო ვჭირდებით, ვიდრე გვჭირდებიან. ვჭირდებით არა ნატოში, არამედ რუსეთის საჩხიკინოდ, ირანის წონააღმდეგ პლაცდარმად, არც თურქეთი ეიმედებათ მაინც და მაინც და სხვა ამნაირი საქმეებისათვის. სამაგიეროდ სულ გვამყოფებენ იმედიან, მაგრამ ხელის ბიჭის, როლში. თუ ამ როლზე უარს გავბედავთ, გაგვრიყავენ, დაგვამცირებენ, დაგვპატიჟებენ და მერე სასტუმრო დარბაზიდან გამოგვაგდებენ, თუ მაინც არ მოვთვინიერდებით, იმედს წაგვართმევენ, დაგვასანქცირებენ, ხელისუფლებას თავზე დაგვამხობენ, თავის მარიონეტებს დაგვისვამენ. მერე მაშინვე დაგვემეგობრებიან, თავის დასმულ ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურად გამოაცხადებენ, იმედებსაც დაგვიბრუნებენ და თუ ჭკუით ვიქნებით, შეიძლება რომელიმე კავშირშიც მიგვიღონ, ციხიდან ნაწილ-ნაწილ გაქცეული, უხელფეხო პატიმარივით.