რაზე შეთანხმდნენ და როგორ ასრულებენ უკრაინა-რუსეთის ომს ზელენსკი და ტრამპი? - 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართული შეხვედრიდან გამოსულ არც ერთ ლიდერს ამაზე კონკრეტულად არ უსაუბრია. მიხედავად იმისა, რომ შეხვედრა შედგა, ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ასაჯაროვებს ინფორმაციას, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს. შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელიც დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ორივე ომის დასრულების ალბათობაზე თანხმდება, თუმცა როგორ, ამაზე კონკრეტულად არც ერთ მათგანს არ უსაუბრია.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის „სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა. თუმცა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ როგორ შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად.
„ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ეს დასრულდეს და ორივეს გვინდა სამართლიანი შეთანხმება. ის სამართლიანი უნდა იყოს. და მე ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საჭიროა ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი შევაჩეროთ. ის (ომი) ჩვენს ტერიტორიაზეა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გვესმოდეს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
არც ტრამპს და არც ზელენსკის საჯაროდ არ განუმარტავთ პოტენციური შეთანხმების დეტალები.
დაძაბულობა ტრამპსა და ზელენსკს შორის
ბოლო დღეებში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგებზე ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა, რომ მაშინაც კი, როცა უკრაინის ქალაქები განადგურებულია, უარს ამბობს შეთანხმების მიღწევაზე და „დედამიწაზე უდიდესი ვაჭარია“, რადგან აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიაქვს მილიარდობით დოლარი.
მოგვიანებით, 26 სექტემბერს, საღამოს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის დილით შეხვდებოდა თავის ცათამბჯენ Trump Tower-ში.
დონალდ ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 24 სექტემბერს ჯორჯიის შტატში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე, ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაადანაშაულა, რომ მათ აშშ უკრაინის ომში შეიყვანეს და ვეღარ გამოჰყავთ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამას გაუმკლავდება და მოლაპარაკებებს მიაღწევს.
„ბაიდენი ამბობს, არ წავალთ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მაგრამ რა იქნება, თუ ისინი(რუსეთი) გაიმარჯვებენ?!“ - მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს.
ზელენსკის ვიზიტს აშშ-ში თან ახლდა სკანდალიც.
კერძოდ, რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 22 სექტემბერს პენსილვანიის შტატში მდებარე საბრძოლო ჭურვების მწარმოებელ ქარხანაში პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობისას იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და არც ერთი რესპუბლიკელი არ მიუწვევიათ. ამის გამო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ეჭვი შეიტანა შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას „პატიოსნებაში“ და დემოკრატების სასარგებლოდ „პარტიზანულ კამპანიაში“ დაადანაშაულა.
მაიკ ჯონსონმა საჯაროდ გამოაქვეყნა 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც ზელენსკის გაუგზავნა. ჯონსონი ზელენსკისგან მოითხოვს ელჩის თანამდებობიდან მარკაროვას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
რა მნიშვნელობა ჰქონდა შეხვედრას
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ სიტუაცია ორ ლიდერს შორის ნამდვილად დაძაბული და რთულია და შეხვედრა რომ მშვიდ და ტკბილ ვითარებაში არ ჩაივლიდა, ფაქტია - ამას შეხვედრიდან გამოსულ მათ სახეებზეც წავიკითხავდით, მით უმეტეს ბოლო დროს ზელენსკისა და ტრამპს შორის სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.
„ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რაზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ. მე უფრო დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზელენსკი რესპუბლიკელებთან მომხდარი სიტუაციის განმუხტვას ამ ფორმით შეეცადა. ვნახეთ რა სახის კრიტიკა და დაძაბულობა მოჰყვა მის პენსინვალიაში დემოკრატებთან ერთად ერთ-ერთ იარაღის მწარმოებელ ქარხანაში შეხვედრას. რესპუბლიკელებმა უკრაინის ელჩის გაძევებაც კი მოითხოვეს. ამიტომ საუბარი რომ თბილი და შინაურული გარემოში არ იქნებოდათ, ფაქტია. ზელენსკი მიხვდა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ის ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება, ამიტომ ხიდების აღდგენას ცდილობს. მიხვდა, რომ პოლიტიკური შეცდომა დაუშვა და ასე ღიად დემოკრტების მხარდაჭერა არ წაადგება.
ფაქტია, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ის ომს ნებისმიერ ფასად დაასრულებს. დიდი ალბათობით, ზელენსკის ეს უთხრა და რაღაცა მონახაზი, ალბათ, ორივე მხარეს აქვს, როგორ და რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს. ალბათ, ზელენსკი თავის მხრივ შეეცადა თავის პოზიციების დაცვას. ფაქტია, რომ ორივეს სახეზე ეწერათ დიდად სასიამოვნო საუბარი არ ჰქონდათ. ზელენსკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი სწორია, რადგან კაცმა არ იცის, ვინ გაიმარჯვებს. თუმცა თუკი ტრამპმა გაიმარჯვა, ფაქტია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ენდომება თუ არა ეს ზელენსკის, დაჯდომა მოუწევს“, - ამბობს მაისაია.
რაც შეხება რუსეთის პოზციებს, რამდენად შეიძლება ის ტრამპს მოლაპარაკების მაგიდასთან წაჰყვეს, მაისაია ამბობს, რომ უკრაინის ომი ჩიხშია შესული, შესაბამისად მისი დასრულება რუსეთის ინტერესშიც არის. გააჩნია ახლა ტრამპი მაგიდასთან რა სახის გეგმას დადებს და იქნება თუ არა ის ორივე მხარისთვის სასურველი.
„რუსეთში ხედავენ, რომ ამ ომში ყელმადე ჩაეფლენ და რაც უფრო დროში გაიწელება, სიტუაცია მით უფრო სავალალო იქნება. პუტინი ცდილობს სავაჭროდ რაც შეიძლება დიდი ტერიტორიები გამოიტანოს, რომ იქიდან ის მიიღოს, რასაც საკუთარ ქვეყანაში უფრო კარგად გაყიდის. შესაძლოა, ეს ცეცეხლის შეწყვეტის შეთანხმებაც იყოს, რაც ომს გაყინავს. გაყინული კონფლიქტის ამბავი კი ჩვენზე კარგად არვინ იცის. ამიტომ ზელენსკი არ არის მარტივი არჩევანის წინაშე და ამიტომაც მიხვდა, რომ სჯობს რაღაცები ტრამპთანაც დაალაგოს. მისი გამარჯვების შემთხვევაში, გეგმების სრულიად გადალაგება მოუწევს. ამიტომ ამ სცენარისთვისაც უკრაინელები და უკრაინა მზად უნდა იყოს“, - ამბობს მაისაია.