თბილისის საკრებულოს დათხოვნა ემუქრება

თბილისის საკრებულოს დათხოვნა ემუქრება

„მთავრობას სურს, დაითხოვოს საკრებულო და დანიშნოს მერი“, - შიშობს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე. მისი აზრით, ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში ჩაგდება აქვს მიზნად დასახული, რათა თავის ნებაზე ჩაატარონ არჩევნები.

ამავე აზრს ახმოვანებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ გრიგალაშვილიც. მისი აზრით, მიზანი არის ერთადერთი, რომ ირაკლი შიხიაშვილმა მოახდინოს დედაქალაქის მერიაში ხელისუფლების უზურპაცია და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხელში ჩაიგდოს დედაქალაქში ძალაუფლება. სწორედ ამით ხსნის თემურ გრიგალაშვილი, რომ საკრებულოს უმრავლესობამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო. ბიუჯეტის პროექტის კიდევ ერთხელ ჩავარდნის საფრთხე კი ისევ არსებობს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს ზედიზედ სამჯერ ვერ დამტკიცებენ?! საკითხს თვითმმართველობის შესახებ კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მეთაური უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით, დაითხოვოს საკრებულო, თუკი საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან სამ თვეში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არ დაამტკიცა. ამის შემდეგ მას უფლება აქვს, დანიშნოს მერის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც არჩეულ გუნდთან ერთად განახორციელებს მმართველობას.

უფრო ზუსტად, თუ თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტს 11 მარტამდე არ დაამტკიცებს, მთავრობა საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას მიიღებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 11 დეკემბერს მიიღო, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტის დამტკიცებიდან სამთვიანი ვადა 11 მარტს გადის, მანამდე მერიას კიდევ აქვს ვადა, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის შეჯერებული ვარიანტი ორჯერ წარადგინოს საკრებულოში. 2014 წლის რიგით პირველი სხდომა კი, სავარაუდოდ, 24 იანვარს გაიმართება.

საკრებულოს დათხოვნის ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, მოსალოდნელ რისკებზე უკვე საუბრობენ თვითმმართველობის საკითხებზე მომუშვე ექსპერტები. საკრებულოს უმრავლესობა კი კანონით გათვალისწინებულ ამ ნორმაზე საუბარს ნადრევად მიიჩნევს, რადგან თვითმართველობის ორგანოში ბიუჯეტის პროექტის კიდევ ორჯერ განხილვაა დაგეგმილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ საკრებულოს დათხოვნა მართლაც დაემუქრება, თუ 10 მარტამდე ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს.

„ის, რომ საკრებულოს უმრავლესობამ ერთი მოსმენით არ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი, სულაც არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს ზოგადად არ მიიღებს საკრებულო და ამას პოლიტიკურ სარჩულს დაუდებს. ეს არასწორია, ვურჩევდი მერიას, კიდევ ერთხელ გაითვალისწინოს ყველა ის შენიშვნა, რაც ჰქონდა სარევიზიო კომისიას, ცალკეულ დეპუტატებს, ფრაქციებს და შემოიტანოს ბიუჯეტის შეჯერებული პროექტი. საკრებულო უარს არ ამბობს კონსულტაციებზე მერიის შესაბამის სამსახურებთან, რათა ჩამოვყალიბდეთ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საკრებულო დაამტკიცებს ბიუჯეტს და დედაქალაქი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ბიუჯეტის სამჯერ არდამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური რეალობა დადგეს ქალაქში და ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა შემოვიდეს დედაქალაქში. ამას ნამდვილად ითვალისწინებს კანონი და სამთვიანი ვადა აქვს თვითმმართველობას“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.

ამასთან, მოვლენების ამგვარად განვითარებას სწორად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ არავითარი საჭიროება არ არის, ასეთი კრიზისი შევქმნათ დედაქალაქში. ამიტომ მერია მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ვალდებულებას, გაითვალისწინოს საკრებულოს შენიშვნები და საკრებულოც ამის ადეკვატური იქნება.

მისივე თქმით, „საკრებულოს ახალი უმრავლესობა უკვე იღებს პასუხისმგებლობას იმ ბიუჯეტზე, რომელიც შედგენილია ქალაქის მერიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარკვეულ კორუფციაში ეჭვმიტანილი გიგი უგულავა. იგი გადაყენებულია თანამდებობიდან, რადგან პარტიული ნიშნით იყენებდა თბილისის ბიუჯეტს და პროგრამები მაქსიმალურად იყო მორგებული ამომრჩევლის გულის მოსაგებად. ამიტომ საკრებულო ამას აღარ გააკეთებს. ბიუჯეტი ისე უნდა აიგოს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის პარტიულ ინტერესთა გატარება გამოირიცხოს.

შესაძლებელია, ჩვენ ამ თვის ბოლოსაც მივიღოთ ბიუჯეტი, თუ მერია ამისთვის მზადყოფნას გამოხატავს. თვითმმართველობა უწყვეტი პროცესია. ევროქარტია ჩვენ ამ ვალდებულებების შესრულებას და უწყვეტობის პრინციპის დაცვას გვავალდებულებს“.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, თუკი სამი თვის განმავლობაში საკრებულომ არ დაამტკიცა ბიუჯეტი, მაშინ საკრებულოს დათხოვნა და პირდაპირი მმართველობის წესის შემოღება ხდება.

„სევდია უგრეხელიძის შიში რამდენად რეალურია, ვერაფერს გეტყვით. საკრებულოს საქმიანობაში არ ვერევი და ვერც ჩავერევი. ეს თავად საკრებულოს გადასაწყვეტია. თუმცა თავად კანონის ეს ნორმა ბადებს კითხვის ნიშანს. რა ვუყოთ ისეთ შემთხვევას, როცა წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ობიექტურად მიუღებელია და, თუ საკრებულომ არ მიიღო, მაშინ დაითხოვენ. რამდენად სამართლიანია ასეთი წესი?! თუკი რაღაც მიუღებელია, მაშინ მიუღებელს ხმა რატომ უნდა მისცეს კაცმა?! რა მიზანი აქვს საკრებულოს? ჩემი აზრით, მისი მიზანია, უკეთესი ბიუჯეტის დამტკიცება. საკრებულოს მიერ არსებული პრეტენზიები დედაქალაქის ბიუჯეტის მიმართ საკმაოდ არგუმენტირებულია. კარგი იქნებოდა, საკრებულოს არგუმენტებს დასთანხმებოდა მერია. მაშინ ბიუჯეტს მიიღებდნენ და იმ სპეკულაციასაც ბოლო მოეღებოდა, საკრებულო თურმე იმიტომ არ ამტკიცებს ბიუჯეტს, რომ პირდაპირი მმართველობა შემოვიდესო“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან საუბარში.