„ქოცმა თუ გააყალბა, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ ვაჩვენოთ ქართული წარმოშობის რუსებს ჩვენი ძალა, ქართული ღირსება და თავმოყვარეობა. დაალაიქეთ და დააკომენტარეთ იმ ხალხმა, ვინც ამისთვის ხართ მზად. წინასწარ მადლობა ყველას“, - წერს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში, რომლის წინააღმდეგ სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს საქმეზე - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და ტერორისტული აქტის მომზადება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად იღვიძებენ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური სახეები. გაიღვიძა „სულს ამოგხდით თქვენ ნაძირლებო“-ს ავტორმა გივი თარგამაძემ, რომელიც ამჯერად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ბოძებზე გაკვრით ემუქრება. „ერთ თვეში მაგ ბანერებზე უნდა გაგაკრათ სულ სათითაოდ, სკოჩით, როგორც მოღალატეებს აკრავენ ბოძებზე უკრაინაში, ნაღდად ღირსები იქნებით და არავინ დაგიცავთ“, - წერს გივი თარგამაძე.
გამოიღვიძა კულტურის ყოფილმა მინისტრმა გოკა გაბაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს არის რეფერენდუმი, რომელიც იტყვის, რომ ამ ხელისუფლებას აღარ აქვს მართვის ლეგიტიმურობა. მაშ ასე, „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად ემუქრება ხელისუფლებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაამხობს. ამ მუქარას ამაგრებს ღიად გამოხატული დასავლური მხარდაჭერა.
განსაკუთრებით აქტიურობს „მაკკეინის ინსტიტუტი“ რომლის მიერ გამოქვეყნებულო ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩვევნების შედეგების აღიარების მიუხედავად.
„ამ დოკუმენტს თუ წაიკითხავთ, ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს კლასიკური მაგალითი, სადაც პირდაპირ გაწერილია არეულობის გეგმა. მათ შორის, იხილავთ ისეთ ნაწილებს, სადაც „ქართული ოცნების“ უცხოელი დამკვირვებლის დასტურით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, თუკი არავინ, არც ერთი დამკვირვებელი, გარე აქტორები კითხვის ნიშანს არ შეიტანენ, მოუწოდებს აშშ-ს და ევროკავშირს, რომ უნდა დააკვირდნენ პროტესტს, რომელიც ამას მოჰყვებაო. იმას კი არ ამბობენ, რომ ამერიკამ და ევროპამ უნდა უთხრას თავის „ენჯეოებს“, აღიარონ არჩევნები და პროტესტს შეეშვან. პირდაპირ დებს სცენარს, რომ პროტესტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული იქნება ეს დამკვირვებლების მხრიდან და ამ პროტესტს უნდა მიეხმარო. ეს რა არის, თუ არა პირდაპირი სცენარი არეულობის და დემოკრატიის ძირის გამოთხრის. ეს დოკუმენტი არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მოქმედებს დირექტივით, რომელსაც ოკეანის გაღმიდან იღებენ. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, საქართველოში შემოსულია 40 მილიონი დოლარი, რომელიც მთლიანად უნდა მოხმარდეს ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას.
„კაჟაია ბულავას ბავშვები ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არა ოკეანეს გაღმა მყოფი მათი მხარდამჭერები, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომლის ინტერესებს გამოხატავს დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია. მათ გაუწიეს ფარდა, როგორც გურიაში იტყვიან, მათ ბაღნებს, მათ სუკინ-სინებს - ე.წ. ძაღლის შვილებს და ათქმევინებენ ამას, თორემ რისი გამკეთებელია თარგამაძე, რომელსაც საკუთარი პირი ვერ გაუღია? მას მისცეს ასეთი დავალება და აცხადებინებენ ამას.
რაც შეეხება იგივე გოკა გაბაშვილს, არაა მისი განცხადება გასაკვირი, რადგან ორივე მამა-შვილს ხელში ავტომატი ჰქონდა აღებული ზვიად გასახურდიას წინააღმდეგ და მაშინაც ესენი იყვნენ კაჯაია ბულავას შვილები. ყველანი ესენი არიან სუკინ სინები, რომელთათვიც საქართველო არაფერს ნიშნავს, ესენი არიან დავერბოლკებულები. მეცოდებიან, რადგან თუ არ დაემორჩილნენ მბრძანებლებს გამოუტანენ განაჩენს, რადგან იმათი ფული აქვთ საკმაოდ ნაჭამი. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, საქართველოში ამ ამებებისათვის შემოსულია 40 მილიონი დოლარი, რასაც მოწმობს მაკკეინის ინსტიტუტის განცხადება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მთელი ეს ტექსტები კეთდება შიდა მოხმარებისთვის. წესით, რევოლუციის მომწყობები არ უნდა ყვიროდნენ რევოლუციას ვაწყობთო, მაგრამ ამ ტექსტის გაჟღერება იმ ადამიანის პირით, რომელსაც ანალოგიური ტექსტი ადრეც უთქვია, სავარაუდოს ხდის, რომ ეს პიარის ნაწილია და კერძოდ, მოსახლეობის იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელთაც ნაციონალების მიმართ აქვთ ეს აგრესიულობა და ეს სეგემენტი, რომ გააქტიურდეს და არჩევნებზე გამოვიდეს.
„შემდეგ უკვე იწყება მეორე მოქმედება და 26 ოქტომბრის მერე როგორი იქნება პროცესები, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. მათი ეს მოწოდება - „გაგაკრავთ ბანერებზე“ სულ არ არის ლიტონი სიტყვები, ჩვენ გვინახია, რომ ხალხი ბანერებზე თუ არ გაუკრიათ, ყოველ შემთხვევისთვის, არცთუ ისე სასიამოვნო მდგომარეობაში ჩაუყენებიათ. ამიტომ, ამ მუქარას რეალური საფუძველი აქვს. ოღონდ დგება მეორე საკითხი - რაზე არის გათვლილი. უპირველეს ყოვლისა, გათვლილი არის ხმების დიდ რაოდენობაზე.
თუკი ოპოზიციის და ხელისუფლების ხმები ერთმანეთს მიუახლოვდა, მაშინ ადვილი იქნება იმის დაძახება, რომ გაყალბდა და ამაში ხალხის დარწმუნება, არანაციონალებსაც კი გვერდით დაიყენებენ და დაიწყებენ შტურმს. ხელისუფლების შტურმით აღება, თუ იარაღით არა, რაც გამორიცხული არ არის, ეს არის ხავერდოვანი რევოლუციის ერთ-ერთი მეთოდი. ამისთვის კი ხალხის დიდი მასები უნდა იყვნენ მობილიზებული, რისთვისაც სჭირდებათ ისეთი ტიპის ამომრჩეველი, ვინც ნაციონალებს ადრეც აძლევდა ხმას და ახლაც აძლევს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება ამ პროცესში უკრაინის ხაზს, როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, მარტივად იშიფრება უკრაინის კვალი და თავად აცხადებენ, რომ საშიშები არიან.
„აქ ერთი მომენტია და ვიმეორებ, ეს ბანერები სრულიად გაუმართლებელი ელემენტი იყო „ოცნების“ პიარში, მაგრამ ის, რომ უკრაინა ჩასაფრებული არის და ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეუწყობს იქ მებრძოლების აქეთ გადმოსროლაში, ფაქტია. თან უკრაინა დღეს ფიზიკურ ბეძოლაში მყოფი ქვეყანაა, რომლისთვის გამარჯვება მტრის განადგურების ტოლ-ფასია.
ანალოგიურად, მათთვის საქართველოში გამარჯვება და ამ შემთხვევაში, აქ საუბარია ხელისუფლების ფიზიკურ განადგურებაზე. რაში სჭირდებათ ფიზიკური განადგურება? - სწორედ იმაში, რომ მათ მიაჩნიათ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, მეორე ფრონტს გახსნიდა და მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მათთვის კომფორტული იქნება და ამიტომ, ბუნებრივია, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მათთვის კომფორტული ხელისუფლების მოყვანა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ გივი თარგამაძის განცხადება არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ნიშნების მქონე განცხადება და ამავე ნაწილში საყურადღებო არის უკრაინაში მყოფი ქართველი მეომრების განცხადება. როგორც კუხალაშვილი აცხადებს, ყველა ის საჯარო განცხადება, რაც ღია წყაროში კეთდება, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ მდგომარეობის, რომლის შესახებ სუს არაერთხელ აფრთხილებდა საქართველოს მოსახლეობას.
„ყველაფერი ის, რაც აგენტურულ-ოპერატიული და ტექნიკური ინფორმაციის შედეგი იყო, დღესდღეობით, ეს არის ღია წყაროში, ღიად გაკეთებეული განცხადება, რომელიც ფიქსირდება საქართველოში დესტრუქციით დაინტერესებული პირების მიერ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის საქმეების მასშტაბები იზრდება და შესაბამისად, მნიშვნელოვან პირთა და პირთა ჯგუფების დამატება მოხდება ამ სისხლის სამართლის საქმეებში.
აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები და პოლიციური უწყება მზად არის პროცესების ნეიტრალიზაციისთვის და რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის იყოს ძალიან მძიმე დასანახი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საფრთხეების წინააღმდეგ მზად არიან ჩვენი სპეცსამსახურები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესაძლებლობა“, - აცხადებს კუხალაშვილი.
რაც შეეხება უკრაინის ინტერესებს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ძალები და საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას დესტრუქციული ძალების მხრიდან და შესაბამისად, მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაში უკრაინის სპეცსამსახურები, რომელსაც ასევე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები კოორდინირებულად ეთანამშრომლებიან, მზად არიან, რომ თავიანთი რესურსები გამოიყენონ მიზნების მისაღწევად.
„ასე რომ, ეს არის სერიოზულად გასათვალისწინებელი ძალა. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს როგორც არსებულმა ხელისუფლებამ, ისე იმ ძალებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოახდენენ გადატრიალებას და მათ მშვიდი ცხოვრების საშუალება მიეცემათ და თავის ზრახვების ასრულების ნება. სახელმწიფოს დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ როგორც კი სცენარები იმ მიმართულებით განვითარდება, რომელსაც აანონსებენ ის პირები და პირთა ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში დესტრუქციით,
არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოხდეს უცხო ძალის უკვე ოფიციალურად ჩარევა საკუთარი შეიარაღებული ძალებით და შესაძლებელია, ეს საქართველოს დაუჯდეს დანაწევრების ფასად. ამიტომ, ცოტა მეტი გონიერება მართებთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად შეპყრობილი არიან ხელისუფლების გადატრიალებით, აღქმის კოეფიციენტი უნდა აღიმაღლონ, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების რღვევა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.