„აფხაზები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ რუსებმა გაგვყიდესო და ლავროვმა ამის შესარბილებლად გააკეთა ეს განცხადება“

„აფხაზები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ რუსებმა გაგვყიდესო და ლავროვმა ამის შესარბილებლად გააკეთა ეს განცხადება“

ვინ როგორ გაიგო რუსთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება თბილისში, სადაც სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც“.

ლავროვი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბრალოდ, სამართლიანად აფასებს წარსულს.

„მათ თქვეს, რომ „სურთ ისტორიული შერიგება“, თუმცა რა სახით, რა ფორმით შეიძლება, მოხდეს ეს შერიგება – ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, იქ გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, ჩვენ, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით, დავეხმაროთ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ და საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ შერიგების პროცესის პარალელურად, მნიშვნელოვანია, გარკვეული ძვრები მოხდეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ეს თემა უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და დაიწყოს კონკრეტული სამოქმედო გეგმის მომზადება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პასუხად, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს აკეთებენ სახელისუფლებო გუნდის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი, შერიგების გზით უნდა აღდგეს.

ოპოზიციაში კი ლავროვის განცხადებას რიგით პროვოკაციდ აფასებენ. მათი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები განსაკუთრებულად საარჩევნოდ იჩენს ხოლმე თავს, რასც მიზნმიმართულად აკეთებს კრემლი. ამით ქმნის ილუზიას, რომ თითქოს რაღაცა ნაბიჯები იდგმება კონფლიქტის მოსაგვარებლად.

კონფლიქტოლოგი მამაუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გასაკვირი ლავროვის განცხადებაში არაფერი არ უნდა იყოს, რადგან რუსეთი თავის თამაშს თამაშობს. არეშიძე ამბობს, რომ კრემლი ახლა ცდილობს ის ეჭვები, რომელიც სეპარატისტულ რეჟიმში გაჩნდა, ამ ფორმით გააქარწყლოს.

„აფხაზები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ რუსებმა გაგვყიდესო. ზოგი რუსის მიერ გადადგმული ნაბიჯი, იქნება ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის თუ აფხაზეთის მიმართ, ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა. ასეთი განწყობები რომ შეარბილონ, ამიტომც გააკეთა ეს განცხადება ლავროვმა. ამის წინ კიდევ ჰქონდა ზახაროვას მსგავსი განცხადება გაკეთებული. ის, რომ რუსეთი ასე მარტივად ოკუპირებულ რეგიონებს არ დათმობს, ეს ყველამ უნდა გაიგოს. თუმცა მოსკოვში აფხაზების მიმართ გაღიზიანება ნამდვილად სერიოზულია. პოლიტოლოგ ტატიანა პოლოსკოვას ბოლო განცხადება ამას მოწმობს. რუსეთში ბევრი წონიანი ფიგურა საუბრობს იმაზე - თუკი აფხაზებს არ უნდათ, წავიდნენ და საქართველოს შეუერთდნენ ისევო. ამის თაობაზე დუმის არაერთი დეპუტატი ამბობს, აი, პოლოსკოვამაც ასეთი რამ თქვა და თან დაამატა, რომ აფხაზები საქართველოში კონფედერაციის სახით უნდა დაბრუნდნენ, რადგან აფხაზების აღიარებაზე უარს ვერ იტყვიან. თუმცა ქართველებთან ყოფნაც გაუჭირდებათ, რათა ქართველები გენოციდზე მათ შეედავებიან, რაც რეალურად იყო. რუსებისგან მსგავსი განცხადება პირველად გავიგე. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსულ პოლიტიკურ ელიტაში აფხაზების მიწასთან გასწორების ტენდენცია გამოჩნდა. აფხაზებიც რუსებზე ძალიან გაბრაზებულები არიან“,-ამბობს არაშიძე.

მისივე თქმით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-რუსულ კულუარებში ნაბიჯები ნამდვილად იდგმება იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს და მიდის გარკვეული ძვრები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს.

„ეს ფაქტი ჩანს და ზოგიერთი ნაბიჯი ჩემთვის ცნობილია. თავად აფხაზური ოპოზიცია ამაზე გაუთავებლად საუბრობს და ამბობენ, რომ ამაში ქართველებიც აქტიურად არიან ჩართულები. ეს საკმაოდ არეული ვითარებაა და მოცემულობა ისეთი ქაოტურია, რომ საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის დასკვნების გაკეთება რთულია. ამიტომაც ვამბობ, რომ ლავროვის განცხდება იქნება თუ სხვა, ეს არის გამოხმაურება იმ ვითარებაზე, რომელიც ხდება, მაგრამ ამ ტიპის განცხადებებით რუსეთი ხაზს უსვამს იმას, რომ სიტუაციის მაკონტროლებელი თავად არის. კი ბატონო, შესაძლოა, ეს ასევე რუსეთში ჩამოუყალიბლობის ბრალია, მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, რომ ესეც კრემლის პოლიტიკის ნაწილია. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ეს არხეინად და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს“, - ამბობს არეშიძე.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამხელა დიპლომატის, ლავროვის მხრიდან მსგავსი განცხადება ცოტა გასაკვირია, რადგან გამოდის, რომ ამით რუსეთი „ოცნებას“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ იმედს არ აძლევს.

„ლავროვის განცხადება ასე ჟღერს, რომ კი ბატონო, ბოდიშს ვიღებთ, მაგრამ საქართველო უნდა შეეგუოს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. რუსეთი ცდილობს დაანგრიოს მითი, რომელსაც „ოცნება“ ბოლო დროს აშენებს, რომ ჩვენ თითქოს ვპოულობთ საერთო ენას რუსეთთან. ლავროვი კი პირდაპირ ამბობს, რომ არანაირი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდება და აღიარეთ ისინი, როგორც თანაბარუფლებიან მეზობელ სახელმწიფოებად.

 ჩვენ მზად ვართ კარგ ურთიერთობებზე, თუმცა ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელია, ხოლო ხელს შეგიწყობთ, რომ ე.წ. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ - დაახლოებით ეს გავიგე ლავროვის ამ განცხადებიდან. სჯობს „ოცნებამ“ უპასუხოს და თქვას, რომ მათთვის ლავროვის განცხადება ძალიან უცნაური და მიუღებელია. საქართველო არ ცნობს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. კი ბატონო, თქვას, რომ საქართველომ თავის დროზე დაუშვა შეცდომები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ „ნციონალური მოძრაობის“ გამო, თავის მოქალაქეებთან აფხაზებთან და ოსებთან კომუნიკაციის საშუალება დაკარგოს. ამიტომ „ოცნებამ“ უნდა დაგმოს ლავროვის ეს შემოთავაზებული ე.წ. მშვიდობის ფორმულა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ლავროვი „ოცნებას“ საერთოდ წყალს უწურავს და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს და რუსეთს შორის არანაირი მოლაპარაკება ან გეგმა არ არსებობს იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს. ლავროვმა ყველანაირი ის ნარატივი დაანგრია, რომლის მიხედვითაც საქართველო გამონახავდა საერთო ენას რუსეთთან, რათა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარება მომხდარიყო.

ლევკოთეა ჰოდა, რუსეთი რომ ყოველთვის სააკაშვილისთვის სასარგებლო, ,,სატოპკე" განცხადებებს აკეთებს, ვისაც ცოტა აზროვნება შეუძლია, ადვილად ხვდება.
ეგაა, როგორ გინდა ეს გააგებინო და აუხსნა საქართველოს მოსახლეობის არც-თუ მცირე ნაწილს, წაკითხულიდან აზრიც რომ ვერ გამოაქვს, არამც-თუ დაფარული აზრი.
1 თვის უკან