საქართველოს ეკონომიკაზე არც სანქციების თემის გააქტიურება მოქმედებს, არც გლობალური დაძაბულობა და არც მოახლოებული არჩევნები. ბოლო დღეებში გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს მშპ-ს მიმდინარე წლის პროგნოზი მკვეთრად გააუმჯობესეს.
აზიის განვითარების ბანკი 2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას უკვე 7%-ით ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის აპრილში გაცხადებული 5%-იანი მოლოდინიდან შესამჩნევი მატებაა. 2025 წლის ზრდის პროგნოზი კი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ სატრანსპორტო და სასაწყობე სფეროებში, 8.5% საბინაო და კვებით მომსახურებაში, 12.2% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებზე და 9.6% საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებებზე. შიდა მოხმარებამ — ეკონომიკური წინსვლის მთავარმა მოტივატორმა — გაზარდა შიდა ინვესტიციები. უმუშევრობა 2024 წლის პირველ კვარტალში 14%-მდე შემცირდა.
„საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ურყევ წინსვლას მიუხედავად გეოპოლიტიკური რისკებისა“, - განაცხადა ADB-ის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა - „ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი წინაპირობაა განაგრძოს რეგიონული კავშირების გაძლიერება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობაში ინვესტირება“.
აზიური ბანკის პროგნოს იზიარებენ ევროპაში, სადაც ასევე გაუმჯობესებას ელიან. ორი დღის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტული პუნქტით 6.5%-მდე გაზარდა.
რაც შეეხება 2025 წლის ზრდის პროგნოზს, ის EBRD-მა უცვლელად 4.6%-ზე დატოვა, ბანკს წინა პროგნოზი 2024 წლის მაისში ჰქონდა გაკეთებული, შესაბამისად, გასულ ოთხ თვეში ევრობანკმა საქართველოში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა დაინახა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.
საქართველო კარგა ხანია ნარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„როგორც ცნობილია, ბოლო 2 წელიწადში წარმოიშვა მნიშვნელოვანი გამოწვევები. არაერთი ტესტის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა განსაკუთრებული გამძლეობა ამ ტიპის გარე შოკების მიმართ. 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9.7%-ს. მტკიცე მაკროეკონომიკური საფუძვლების და ფისკალური დისციპლინის წყალობით, სახელმწიფო ვალი შემცირდა 39.3%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი - მხოლოდ 2.5%-მდე. გარდა ამისა, საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებლები, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც, როცა უმუშევრობის დონემ იკლო რეკორდულ მაჩვენებლამდე და 13.7% შეადგინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დადებითი ტემპის შენარჩუნების იმედი აქვს მთავრობის წევრებსაც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მმართველი პატრიის საერთო ამოცანაა არსებული 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაა. ძირითადი აქცენტი კი ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
„ჩვენ ძალიან გამჭვირვალე ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. მომავალ წლებში გვექნება მაღალი კაპიტალური დანახარჯი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, შევინარჩუნებთ კაპიტალური ხარჯების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ, 8%-იან ნიშნულს. ეს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წყაროა და ჩვენი მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. ამ მხრივ, ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალური დანახარჯები ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ იყოს მიმართული.
უფრო გრძელვადიან პერიოდში ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ პროდუქტიულობის ზრდაზე, ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე ეკონომიური პრობლემა არ არსებობს. როგორც ბიზნესმენმა, კომპანია “რედიქსის" დამფუძნებელმა და „ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, „ეკონომიკაში ბრწყინვალე მდგომარეობაა“.
„მე არ ვიცი, ღრმა პოლიტიკაში ვერ შევალ, მაგრამ მთავრობის წევრები, რომლებსაც ვხვდები, მათ ქმედებაში ვერანაირი ხარვეზი ვერ შევნიშნე. ეკონომიკაში ბრწყინვალე მდგომარეობაა, არანაირი გამოწვევა არ არსებობს. ეკონომიკაში არანაირი გამოწვევა არ არის, გარდა პოლიტიკურისა. მზარდია და გავიზრდებით კიდევ. ჩემი და მთავრობის არ არის, „გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზია“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ევრობანკის შეფასებით, მთლიანად რეგიონში, რომელსაც ბანკი აჯგუფებს, როგორც „აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია“ ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 3.7% იქნება, მათ შორის ყველაზე მაღალი ზრდა კი საქართველოს ექნება.
სხვა ქვეყნების და მთლიანად რეგიონის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
სომხეთი - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 6.2%;
აზერბაიჯანი - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 3.8%;
საქართველო - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 6.5%;
მოლდოვა - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 3.2%;
უკრაინა - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 3%.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ თურქეთს იქ EBRD 2024 წელს 2.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზის ანალოგიურია, რუსეთის ფედერაციაში ბანკი წელს 3.6%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც მაისის პროგნოზთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია.