29 დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნებით იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იქნება ელექტრონული არჩევნები, რაც გამორიცხავს ე.წ. კარუსელებს და მით უფრო განცხადებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ არჩევნების გაყალბების ყველა რისკი მოხსნილია, რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე აკეთებენ განცხადებებს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს.
„ხალხის ძალის“ წევრის, თამთა მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციის მცდელობა, არჩევნებს დაუკარგოს მნიშვნელობა და აქციოს რევოლუციური სცენარის განხორციელების წინაპირობად, ამ ფონზე არარეალურია, თუმცა მცდელობები მართლაც არის.
for.ge თამთა მეგრელიშვილს ესაუბრა.
აქვს თუ არა ადგილი ოპოზიციის მცდელობას, არჩევნებს დაუკარგოს თავისი მნიშვნელობა და აქციოს რევოლუციური სცენარის განხორციელოების წინაპირობად?
თამთა მეგრელიშვილი: არჩევნების არსიდან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურად კულტურული ამომრჩევლის ხელწერაა, რომელიც საარჩევნო ურნასთან პოლიტიკურ „კის“ ეუბნება სასურველ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკურ სანაგვეზე ისტუმრებს მისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას. არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს, ცესკომ ამომრჩეველთა ფართო ინფორმირების ღონისძიებები ჩაატარა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია შეეხო საზოგადოების ყველა სეგმენტს - საჯარო და ბიზნეს სექტორებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ/დარგობრივ გაერთიანებებს, ამომრჩევლებს. კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა: 1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის დაწესებულებებში; 2. ადგილობრივ თვითმმართველობებში; 3. უმაღლეს სასწავლებლებში; 4. მეტროს სადგურებში (დედაქალაქის მასშტაბით); 5. რკინიგზის სადგურებში; 6. სავაჭრო ჰიპერმარკეტებში/მოლებში; 7. ბიზნეს-სექტორის სფეროს მსხვილ და ლოკალურ წარმომადგენლობებში; 8. არასამთავრობო სექტორისა და მედია-საშუალებების წარმომადგენლობებში; 9. საერთო-სახალხო დღესასწაულებზე; 10. სპორტულ ფედერაციებში; 11. დიდი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებებზე.
იცით, რომ ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა. ამომრჩეველი ადგილზე გაეცნო ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობის სპეციფიკას, მათ განემარტათ რეგისტრაციის და ხმის მიცემის პროცედურები. აქტიური მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის როგორ მისცეს ხმა მისთვის სასურველ ძალას, იცის როგორ მოხდება მათი ხმების დათვლა და შეჯამება. ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ცესკომ ყველა პირობა შეუქმნა პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
რამდენმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ და პარტიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მონაწილეობის მიღების სურვილი?
- 30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი ცხრამ, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან ექვსმა გამოთქვა. სამწუხაროდ, შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ის რაოდენობაც არ გამოცხადდა, რაც მათ მიერვე მოწოდებულ ინფორმაციაში იყო ასახული. ის, რომ პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ცალსახად ამყარებს ეჭვს, რომ ოპოზიციური სპექტრი და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა დიდი ნაწილი წინასწარ დაწერილი გეგმით მოქმედებს და ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, ნარატივით რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან მათ ისევ ვერ გაიმარჯვეს!
არჩევნებამდე მიზანმიმართულად მიდის ცესკოს დისკრედიტაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უნდობლობის გამოსაწვევად ყალბი ნარატივით. უცნაურია, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მნიშვნელოვან რეკომენდაციას - არჩევნებამდე ამომრჩევლების ინფორმირების კამპანიების განხორციელებას, მათ შორის თავად პარტიების, არაფრად აგდებდე, საკუთარი პარტიის წარმომადგენლებს უკრძალავდე მიიღოს კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და მხოლოდ ქუჩის რევოლუციისთვის „კანვასის“ გადამზადებაზე ატარებდე. ოპოზიციის მცდელობას არჩევნებს დაუკარგონ თავისი მნიშვნელობა და აქციონ რევოლუციური სცენარის განხორციელოების წინაპირობად, ამ ფონზე არარეალურია, თუმცა მცდელობები მართლაც არის.
რაც შეეხება წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგეენლები, იკვეთება თუ არა რევოლუციური პროცესებისადმი ღია მხარდაჭერა?
- „საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ!“, - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა ეკა გიგაურმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. სენატორმა ჯიმ რიშმა გიგაურის მოსმენის შემდეგ თქვა „თუ სიმართლეა ის, რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, მათ ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშოროს არამზადები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. დაგაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის“.
რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა - მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია - დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა გამოცემა Globalnews.ge-თან ინტერვიუში განაცხადა: „ამერიკა მზად არის, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“.
ეს განცხადებები ღია აღიარებაა იმისა, რომ არჩევნებამდე არჩევნებისთვის დაგეგმილი სცენარი რევოლუციაზე გადის და ოპოზიციურ სპექტრს, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია მხარდაჭერა აქვს ქუჩის რევოლუციური პროცესებისათვის. მეტიც, ვფიქრობ, ამ განცხადებებით იქმნება პოლიტიკური ალიბი ოპოზიციისათვის, იმოქმედოს კანონს მიღმა და არჩევნებში წაგების მიუხედავად, ქუჩის პროცესებით ეცადოს ხელისუფლებაში მოსვლა.
ამ ფონზე რამდენად მზად არის ცესკო გაუმკლავდეს მის წინაშე მდგომ გამოწვევებს?
- ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა საარჩევნო პროგრესია, რომელსაც ქართული სახელმწიფო ამ არჩევნებში პირველად გამოიყენებს. დიახ, პირველად ისტორიაში, ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ხელისუფლების მიერ საარჩევნო პროცესების უპრეცედენტო გამჭვირვალობის მზაობის.
ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა არჩევნების ადმინისტრირების საქმეში პროგრესული ნაბიჯია, რადგან ის ზრდის საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტიანობას, არჩევნების შედეგებს სძენს სისწრაფესა და სიზუსტეს და ამყარებს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას. სწორი მენეჯმენტის პირობებში საარჩევნო პროცედურების ავტომატიზებას შეუძლია გაყალბების გამორიცხვა, არჩევნების შედეგების გამოცხადების დაჩქარება და გრძელვადიან პერსპექტივაში, საარჩევნო ხარჯის ოპტიმიზებაც. ცესკო მზად არის გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და დაიცვას პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ამომრჩევლის მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანი.