სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა მორიგი სპეციალური კვლევა ჩაატარა და საზოგადოებას მორიგი სავალალო სურათი გადაეშალა თვალწინ. რძის პროდუქტების 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებულია. პროდუქტი, რომლის ეტიკეტზე მითითებულია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რძის პროდუქტი არ არის.
ორგანიზაციის ცნობით, ფალსიფიცირებულია: „სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „არაჟანი ექსტრა სანტე 15%“; „სანტე ჯიემთი“ პროდუქტების წარმოებული „მაწონი ექსტრა სანტე 3.2%“; „სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „ხაჭო სანტე 6%”; „სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „სანტისიმო გარგრის ჯემით ხაჭოს დესერტი 3.5%“; „ჯორჯიან ეკოს“ წამოებული „ხაჭო ეკო-ფუდი 9%“; „ჯორჯიან ეკოს“ წამოებული „მილკო ფუდი არაჟანი 15% 1ლ“; „ნატურალ პლუსის“ მიერ წარმოებული „ხაჭო“; „ნატურალ პლუსის“ წარმოებული „არაჟანი 15%“; „ნატურალ პლუსის“ წარმოებული „არაჟანი 25% სვანური 1 ლ“; „ვიმ-ბილ-დან“ საქართველოს წარმოებული „მაწონი მე მარგო 15%“;
„მომხმარებელი.ჯი-ზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნამდვილ რძის პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს სულ 5 პროდუქტი: „არაჟანი სოფლის ნობათი 15%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 93.2%); „არაჟანი 20% სანტინო“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 99.8%); „მაწონი სანტინო 3.2%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 98.87%); „სოფლის ნობათი მაწონი 3.2%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 94.46%); „სანტინო ხაჭო 6%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 98.15%);
„ჩემი აზრით, ისეთი პროდუქტის ფალსიფიკაცია, როგორიც რძეა, დანაშაულია, თუნდაც იმიტომ, რომ ის ბავშვების მთავარი საკვებია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი სხვა ტიპის საკვები, მაგრამ ვერც ერთი პროდუქტი ვერ ცვლის მას. რძეში შედის ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება, რომელიც ადვილად ასათვისებელია. ის ადამიანის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ ასზე მეტ კომპონენტს შეიცავს. ადამიანი ხარჯავს თანხას, ჰგონია, რომ იძენს ძალიან სასარგებლო პროდუქტს და ამ დროს მის ნაცვლად საწამლავს სთავაზობენ!“ - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რძის პროდუქტების შემოწმება მომავალშიც განხორციელდება. ცენტრი მომხმარებლებს შეახსენებს, რომ საერთაშორისო სტანდარტით მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი რძის პროდუქტის დასახელებით არ უნდა იყიდებოდეს.
2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა 1442 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია. ხელმომწერები პარლამენტს სთხოვენ, საქართველოში კანონით აიკრძალოს რძის პროდუქტის დასახელებით ისეთი სასურსათო პროდუქტის გაყიდვა, რომლის არსებითი კომპონენტები (მათ შორის, ცხიმი, ცილა) არა ცხოველის რძისგან, არამედ სხვა ნედლეულისგან არის დამზადებული.
„გვინდა საქართველოს პარლამენტს ვთხოვოთ მიიღონ კანონი, რომლითაც აიკრძალება რძის პროდუქტის დასახელებით ისეთი სასურსათო პროდუქტის რეალიზაცია, რომლის ძირითადი კომპონენტები - ცხიმი და ცილა - ცხოველის რძისაგან კი არა, სულ სხვა ნედლეულისგან არის დამზადებული. ეს ეხება არა მხოლოდ რძეს, არამედ რძის პროდუქტსაც, მაგალითად, ნაღებს, ხაჭოს, არაჟანს...
კარაქი არ შეიძლება ეწოდოს პროდუქტს, რომელსაც ერთდროულად აწერია კარაქი და სპრედი - ეს ორი, ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ტერმინია. სპრედი არის ნარევი, შეიძლება ჯემების ნარევსაც დავარქვათ ასე, ხოლო კარაქი არის რძის ცხიმისაგან მიღებული პროდუქტი, მათ შორის დიდი განსხვავებაა. ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე ფულის კეთება დანაშაულია!“ - ამბობს სარჯველაძე.