ვის შეიძლება არჩევნების აღიარება-არაღიარების კონტექსტში „ქართული ოცნება“ დაეყრდნოს, როცა ცნობილი ხდება, რომ იმ სადამკვირვებლო მისიების უმეტესობა, რომელიც არჩევნების წინ დარეგისტრირდნენ, პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულები, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები კი ინფორმაციას სწორედ მათგან იღებენ?
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არჩევნების შეფასებას და მის ლეგიტიმურობას საქართველოში დარეგისტრირებული ის ადგილობრვი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აპირებენ, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულები. ასეთებად კი მმართველი გუნდი 19 სადამკვირვებლო ორგანიზციას ასახელებს.
სადამკვირვებლო კომისიის წევრმა, გივი მიქანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ერთ-ერთ მთავარ მაგალითად სახელისუფლებო გუნდში ლელა ჯეჯელავას და ივა ჭყონიას საარჩევნო სიებში ყოფნა დაასახელა.
ლელა ჯეჯელავა არის „აირჩიე ევროპას“ დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ სუბიექტად მიიჩნია, რასაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ გაირკვა, რომ ლელა ჯეჯელავა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაშია. რაც შეეხება ივა ჭყონიას, ის არჩევნებში მონაწილეობას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სახელით მიიღებს.
„27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, გამოვლინდა, რომ არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი (ანუ, ეს არის 14%) არის ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც, რეალურად, ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%“, - ამბობს მიქანაძე.
მედია ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ის ორგანიზაციები, რომლებიც სადამკვირვებლო მისიებად არიან დარეგისტრირებული, პოლიტიკური პარტიების დანამატები არიან და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მათ არჩევნებთან დაკავშირებით რეალური სურათი დადონ. ამის მწარე გამოცდილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე გვქონდა.
„წარმოიდგინეთ, რამხელა მზადება მიდის არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის. ყველა პარტიას საკუთარი სადამკვირვებლო მისიები ჰყავს, რომელთა მეშვეობითაც ღმერთმა იცის, რა გეგმას ხლართავენ. როგორ შეიძლება ეს ხალხი ნეიტრალურ დამკვირვებლად ჩაითვლონ და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვინმესთვის რეალური იყოს?! მარტო ის რად ღირს, როცა „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლის დროს მონაცემები გააყალბა და ქვეყანაში ლამის, რევოლუცია მოაწყვეს. ეს რომ სხვა ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში მომხდარიყო, თუნდაც ამერიკაში, მერწმუნეთ, ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შეგნებულ დანაშაულს ჩაიდენენ, ციხე არ ასცდებოდათ. ამ ორგანიზაციასაც დახურავდნენ და უმძიმეს პირობებს შეუქმნიდნენ ყველა იქ მომუშავე ადამიანს, რომელიც ვერსად ვეღარ იმუშავებდა მსგავს სფეროში. ჩვენთან კი ენჯეო სექტორი პირდაპირ, ღიად არის საარჩევნო პროპაგანდაში ჩართული და იძახიან ნეიტრალური მხარე ვართო. თურმე უნდა ვენდოთ მათ დასკვნებს და იმაზე საუბარს, არჩევნები ჩატარდა თუ არა ლეგიტიმურად. პირდაპირ სახელები და გვარებია დასახელებული, რომლებიც პატრიულ სიებში არიან ჩაწერილები. არადა ამ სადამკვირვებლო მისიებზე დაყრდნობით, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა დასკვნები უნდა გააკეთონ. ეს თავად ჩვენმა პარტნიორებმა აღიარეს. ახლა გავაკეთოთ დასკვნა, რა გველის 27 ოქტომბერს და ვინ უნდა აღიაროს ოპოზიციის წაგება, თავად ოპოზიციის სადამკვირვებლო მისიებმა? სად არის აქ ლოგიკა“,-ამბობს ახვლედიანი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ახლა „ოცნებისა“ და დასავლეთის ურთიერთობაში ძალიან დიდი უნდობლობაა. მით უმეტეს გაშიფრულია სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც პირდაპირ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებულები, ამიტომ თუ დასავლურმა ორგანიზაციებმა დადეს მმართველი პარტიისთვის არასასურველი დასკვნა, „ოცნებამ“ შესაძლოა არ აღიაროს.
„თუ ურთიერთობას უნდობლობა ახლავს, ბუნებრივია არის იმის ვარაუდი, რომ „ოცნება“ არ ენდობა საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივების დასკვნებს. მაგრამ რაც არის, ეგ არის, სხვა ვარიანტი ნაკლებადაა. მაშ, რაშია გამოსავალი, თუკი არც ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს ვენდობით და არც საერთაშორისოებს? ერთადერთი შეიძლება უნგრეთიდან მოიპატიჟონ დამკვირვებლები, ან სხვა ისეთი ქვეყნებიდან, რომლთა მიმართ ნდობა „ოცნებას“ უფრო მეტი აქვს. სავარაუდოა, რომ უნგრეთი უარს არ იტყვის - მათი დამკვირვებლის სიტყვა შეიძლება უფრო სანდო იყოს. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები, პრაქტიკულად, არ არის. უბრალოდ, დამკვირვებლების სიმრავლე იმ მხრივაც კარგია, რომ შეიძლება განსხვავებული დასკვნები ჰქონდეთ და გეგმაში რომ ზემოქმედება იყოს, ბევრი დამკვირვებლის პირობებში, ეს ნაკლებსავარაუდო იქნება. სიმართლე გითხრათ, იმ სადამკვირვებლო მისიებიდან, რომლებიც ჩამოვლენ, მთლად კატასტროფას არ ველი, რადგან პროცესი რაც ახლა მიდის, მეტისმეტად პოლიტიზირებულია. თუ დასკვნას პოლიტიკური გავლენა ექნება, შესაძლოა უარყოფითი იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ არსებულმა ვითარებამ იმხელა გავლენა იქონიოს და ჯამში არჩევნების სურათი გააფუჭოს. გავლენები იქნება, ოღონდ არ ვთვლი, რომ ეს ძალიან იმოქმედებს. სადამკვირვებლო მისიებსაც კონკრეტული დასკვნები და ფაქტები სჭირდებათ იმისთვის, რომ დაადასტურონ დარღვევა, არჩევნების გაყალბება და ა.შ. თუკი ასეთი ხელჩასაჭიდი არაფერი ექნებათ, ესენიც გიჟები კი არ არიან საკუთარი ავტორიტეტი გაიფუჭონ. ვნახოთ, „ოცნებაც“ თავის მხრივ თავს იზღვევს და საუბრობს იმაზე, ვინ ვისი გავლენის ქვეშ არის. ესეც პოლიტიკურად თავის დაზღვევაა, რაც სწორია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.