თბილისში გამოფენილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებმა, წარწერით, „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთნი იწონებენ „ოცნების“ ბანერებს და ითხოვენ მეტი დრამატიზებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ის საშინელებაც ასახოს, რაც „ნაცებმა“ გამოგვატარეს, მეორენი კი „ოცნების“ ბანერებს პროპაგანდისტულად მიიჩნევენ.
ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი ფერადი ფოტო. კიდევ ერთ პლაკატზე მოჩანს მარცხნივ გამოსახული განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ კი სენაკის თეატრი, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ ფონდის“ მიერაა რეაბილიტირებული.
ოპოზიცია ამბობს, რომ ბანერებზე „ოცნებამ“ ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა. პრეზიდენტი ასკვნის, რომ ბანერები სამარცხვინოა და კგბ-ს სამჭედლოშია შესრულებული ამომრჩევლის დაშინების მიზნით.
პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი. მისივე თქმით, „უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის“.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ზოგიერთები კითხულობენ, რა საჭიროა ამ ბანერებისა და ვიდეო კოლაჟის ჩვენება? „რას ჰქვია, რა საჭიროა! ჩვენს ზურგზე გადაიარა იმ მშვიდობის ფასმა, რაც დღეს ქვეყანაშია“.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ ზოგიერთები ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც ნიშნის მოგებაა ბანერებში. პირიქით, ეს არის უდიდესი ტრაგედია, ტკივილი იმ სისხლის გამო, რომელიც უკრაინაშია.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ, კი ბატონო, ბანერზე გამოტანილია მარიუპოლის თეატრი, რადგან არ გვინდა, ჩვენი ოპერის თეატრიც იყოს ამ დღეში. არ გვინდა, ის უბედურება დატრიალდეს, რაც უკრაინაში. მისი თქმით, ბანერი არის ჩვეულებრივი ლუსტრაცია, თუ რას ნიშნავს ომში ყოფნა და რა ავირიდეთ თავიდან.
ბანერებთან დაკავშირებით სააკაშვილი პასუხს სთხოვს ბიძინა ივანიშვილს, „სად არის შენს მიერ განადგურებული ლაგუნა ვერეს პლაკატი, სად არის გავერანებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს?“
სწორად იყო თუ არა შერჩეული ბანერები „ქართული ოცნების“ მხრიდან?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს საარჩევნო პერიოდია და საარჩევნო პერიოდში კანონი არ დარღვეულა. უფრო მეტიც, ადამიანთა გარკვეულმა რაოდენობამ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობამ არ იცის, რა არის ომი. ამიტომაც, შეაცდინეს ახალგაზრდა თაობის ნაწილი და ჩვენ გვახსოვს 2022 წლის თებერვალსა და მარტში რანაირი აქციები ტარდებოდა. ფაქტობრივად, ამ აქციების მიზანი იყო საქართველო ჩაბმულიყო ომში. საბედნიეროდ, დღევანდელ ახალგაზრდობას ომი უნახავს მხოლოდ ფილმებსა და ომობანას თამაშის დროს. სინამდვილეში, ომი არის ის უბედურება, რომელიც ასახულია ბანერებზე და რომელიც ვიდეოებსა და სოციალურ ქსელებშია გავრცელებული.
„იმისთვის, რომ არ გამოიყენონ ლომჯარია-გიგაური-მელია-გვარამიას შარლატანებმა ახალგაზრდობის წინააღმდეგ ომის ამბები, რომლის გამოყენებაც მათ უნდათ და უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის საფრთხე საქართველოსთვის არ არსებობს, სწორედ ამიტომ აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია ამ პლაკატების გამოყენება. ძალიან კარგად გვახსოვს, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება როგორ დასცინოდა საქართველოში მიმდინარე ომის ამბებს 2008 წლის აგვისტოში, კერძოდ, მათი დღევანდელი პრეზიდენტი და მთავარსარდალი. რატომ ერთი სიტყვა არ უთქვამს იმ პერიოდში ქალბატონ ზურაბიშვილს? ეს იმიტომ, რომ ჩვენი ოპოზიცია ხედავს, პირწმინდად აქვთ წაგებული ეს არჩევნები. ამიტომ ყოველ ღონეს ხმარობენ, ცხრა ტყავში ძვრებიან, რომ შეასრულონ თავიანთი პატრონების დავალებები. თუმცა მათი ოდისეა საქართველოში დამთავრებულია, დროა, გადაეწყონ მშვიდობიან ცხოვრებაზე, ან ჩაალაგონ თავიანთი ბარგი და ბარხანა, ვისაც არ უნდა საქართველოში მშვიდობა, აგერაა დასავლეთში ომი, შეუძლიათ წავიდნენ და იქ იომონ. სამხრეთშიცაა დიდი ომიანობა და დაძაბულობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა და გვაცალონ მშვიდობა. „ქართული ოცნების“ ეს პლაკატები და იდეოლოგია აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია, რადგან ჩვენს წინ დგას ის ძალა, რომელიც არაფრით არ ჩამორჩება თურქ-სელჩუკებს, რომელიც საქართველოს დაემუქრა 1121 წლის 12 აგვისტოს“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
მანვე განმარტა, რომ ეს პლაკატები აუცილებლად უნდა დარჩეს და დაემატოს კიდევ სხვა პლაკატებიც, კერძოდ, ვიდეოებში უნდა აჩვენონ, თუ ვინმეს შემორჩენილი აქვს, სამეგრელოში აღმოჩენილი კადრები, 27 000 ფაილი, ვის უღებდნენ, როგორ უღებდნენ და როგორ უბედურებებს აკეთებდნენ. ედიშერ გვენეტაძის თქმით, ძალიან კარგად გვახსოვს შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ უჩვენეს ეს ფილმი, უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლები და ელჩები ტირილით გამოდიოდნენ დარბაზიდან, ამას რას ვხედავთო?!
„დღეს კი ადეიშვილს იძახებენ გაეროში, ასევე, გვარამიას უცხადებენ მხარდაჭერას, რომელიც იყო დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი, მედლებითა და ორდენებით აჯილდოებენ ეს ჩვენი პატივცემული ოკეანის გაღმელი და გამოღმელი ე.წ. დემოკრატები დამნაშავეებს. ამიტომ არ კმარა მარტო ომის კადრების ასახვა ბანერებზე, ამას კიდევ უნდა დაემატოს ის კადრები, სადაც „ნაციონალებმა“ უკადრებელი იკადრეს ადამიანობის მიმართ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პირველად არ ამზადებს პროპაგანდისტულ ბანერებს, მისი ნეგატიური საარჩევნო კამპანია მთელი 12 წელია, გრძელდება.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევნების დროსაც იგივე ხდებოდა, როდესაც ფოტოები გამოქვეყნდა და ამ ფოტოებზე ასახულნი იყვნენ ოპოზიციურად განწყობილი პიროვნებები. იგივე მეორდება დღესაც, უბრალოდ, ახლა დაემატა უკრაინის განადგურებული ტერიტორია. ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, მით უმეტეს, ამ ბანერებზე გამოსახულნი არიან ადამიანები, რომლებსაც „ნაცმოძრაობასთან“ შეხება არ ჰქონიათ და ზოგიერთი მათგანი თავად იყო „ნაცების“ მსხვერპლი.
„ასეთი კამპანიის წარმოება რას მოუტანს „ქართულ ოცნებას?“ ალბათ, ბევრს არაფერს. ელექტორალური თვალსაზრისით, ეს ბანერები „ქართული ოცნების“ ბაზას არ გააფართოებს. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული მიუძღვის „ნაცმოძრაობიდან“, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თორემ ასე მოხვიო ხელი და მთელი ოპოზიცია „ნაციონალებად“ და ცხრაწლიან პერიოდზე პასუხისმგებლად გამოაცხადო, ეს არის ცილისწამება ამ ხალხის მიმართ. თუმცა ზოგიერთ მათგანს, ვინც ამ ბანერებზე მინახავს, ცხრაწლიან პერიოდში მართლაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ოღონდ ეს პასუხისმგებლობა უნდა აისახოს სამართლებრივი გზით და არა საარჩევნო პროპაგანდის ხაზით“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ხელისუფლების მოვალეობაა ომის თავიდან არიდება. ომს მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები უჭერენ მხარს, საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე.