რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენას აძლიერებს

რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენას აძლიერებს

მოსკოვი ბუდაპეშტს 10 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტს მისცემს, რომელიც უნგრეთის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურზე ორი რუსული რეაქტორის დამონტაჟებას მოხმარდება. ეს რუსეთის ერთ-ერთი ახალი ნაბიჯია ისეთ საქმეში, როგორიცაა გავლენის აღდგენა აღმოსავლეთ ევროპაში ენერგეტიკული და ფინანსური რესურსების საშუალებით. 

უნგრეთთან ატომური ელექტროსადგურის სფეროში მიღწეული შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დეკემბერში მოსკოვმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 15 მილიარდი დოლარის კრედიტს გამოუყოფს და გაზს მესამედ ფასში მისცემს, რადგან კიევმა უარი თქვა ევროკავშირთან დაახლოების შეთანხმებაზე. რუსეთმა ორი მილიარდი დოლარის კრედიტი შესთავაზა ბელარუსსაც. 

ამ კვირაში, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უკრაინელმა განაცხადა, რომ რუსულ ბანკებს შეუძლიათ ექვსი მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტის გაცემა ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულებისა და სხვა ენერგეტიკული პროექტებისათვის. 

უნგრული გარიგება პრემიერ ვიქტორ ორბანის და მისი პარტია Fidesz-ის პოლიტიკის გაცილებით მასშტაბურ მანევრზე მიუთითებს, რადგან ის მკვეთრად აკრიტიკებდა წინა სოციალისტურ მთავრობებს ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობების ჩავარდნის გამო. 

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორბანთან მოილაპარაკა, რომ რუსეთის სახელმწიფო გიგანტი „როსატომი“ პაკშის ქარხანაში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ბუდაპეშტიდან სამხრეთით, 75 მილში აშენდა, ორ ბლოკ-რეაქტორს ააშენებს. 

ამ შეთანხმებით მოსკოვი ახალ იმპულსს იძენს ისეთი გეგმის განხორციელების საქმეში, როგორიცაა „როსატომის“ გადაქცევა „გაზპრომის“ ატომურ ეკვივალენტად. „გაზპრომი“ რუსული გაზის მთავარი ექსპორტიორია.

პაკშის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი საბჭოთა რეაქტორია დამონტაჟებული, მათი სიმძლავრე მთლიანობაში 2 ათასი მეგავატია. სადგური ქვეყნისთვის აუცილებელ მთელ ელექტოროენერგიას დაახლოებით 40%-ით უზრუნველყოფს, მაგრამ ამ რეაქტორების ექსპლოატაციის ვადა 2023 წელს იწურება. 

„როსატომის“ ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უნგრეთს 10 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტი გამოუყოს, რაც ახალი რეაქტორების დამონტაჟების ხარჯს დიდწილად დაფარავს. სახელმწიფო მდივნის, იანოშ ლაზარის თქმით, კრედიტის თანხა 10-12 მილიარდი ევრო იქნება და 30 წლის ვადით გაიცემა. 

ლაზარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ატომური ელექტროსადგური უნგრეთის საკუთრებაში რჩება. პაკშის სადგურს სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია MVM მართავს, რომელმაც შარშან, უნგრეთში რუსული გაზის მთავარი იმპორტიორი, გერმანული კომპანია Eon იყიდა. 

ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი განაგრძობს უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების უდიდესი ნაწილის უზრუნველყოფას უახლოეს წლებში. რუსეთი ფარავს ასევე უნგრეთის გაზთან და ნავთობთან დაკავშირებული მთლიანი საჭიროების ¾-ს. 
MVM აცხადებდა, რომ 2015 წელს შეეცდებოდა „გაზპრომთან“ გაზით მომარაგებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეცვლას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ატომური გარიგება გააძლიერებს ბუდაპეშტის პოზიციებს ამ მოლაპარაკებებში. 

უფრო იაფი რუსული გაზი დაეხმარება ორბანს შეამციროს ქვეყნაში ელექტროენერგიის ფასი, რაც პრემიერის მთავარი დაპირებაა კამპანიის დროს არჩევნების წინ, რომელიც მაისამდე უნდა ჩატარდეს. 

ქვეყნის მთავრობა, როგორც ჩანს, იტყვის, რომ ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული შეთანხმება - მისი „პრაგმატული“ პოლიტიკის და მისი მისწრაფების გამარჯვებაა, „გაიხსნას აღმოსავლეთისთვის“, რუსი და ჩინელი ინვესტორებისათვის. 

უნგრელი ჩინოვნიკების თქმით, შეთანხმებას ბრიუსელშიც მიესალმებიან, რომელიც თავის მხრივ იმაზე მუშაობს, რომ როგორმე შეამციროს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე. 

უნგრეთის პარლამენტში მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალბატონი ბერნადეტ შელი ამბობს, რომ 2009 წლის საპარლამენტო გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს მთავრობას, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები აწარმოოს. „უნგრეთში არანაირი საზოგადოებრივი, პროფესიული და პოლიტიკური დებატები არ გამართულა პაკშის გაფართოებაზე, ამიტომ ინფორმაცია რუსეთ-უნგრეთის შეთანხმების შესახებ, აშკარად პროვოკაციული ხასიათისაა“, განაცხადა მან. „[ეს შეთანხმება] დააკავშირებს უნგრეთს რუსეთთან მთელი მომდევნო საუკუნის განმავლობაში, რადგან მისი ფასი უკიდურესად მაღალია“. 


foreignpress.ge