ახალი საცეცხლე წერტილები ოკეანის გაღმიდან გავლენის აგენტებისთვის

ახალი საცეცხლე წერტილები ოკეანის გაღმიდან გავლენის აგენტებისთვის

რასაკვირველია, ჯო ბაიდენის ნებაა, ვის დაპატიჟებს ვახშამზე და ვის არა, მაგრამ არსებობს ეთიკა და დიპლომატიური ეტიკეტი, რაც ამ შემთხვევაში მთლიანად იგნორირებულია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხირდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე მიიწვიეს და მოგვიანებით, მოწვევა გააუქმეს. მიზეზად აშშ-ის საელჩომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედები, დეზინფორმაცია და აშშ-ის მიმართ ნეგატიური რიტორიკა დაასახელა.

თუმცა, რაში მდგომარეობს ანტიდემოკრატიული ქმედებები, სტრატეგიული ქვეყნის აშშ-ის საელჩოს, რა თქმა უნდა, არ დაუკონკრეტებია. ცხადია, ასეთი ნაბიჯები, როგორიცაა მოწვევის გამოგზავნა-გაწვევა, მათ შორის დაუსაბუთებელი სანქციები, სტრატეგიულ პარტნიორობას არ ეხმარება. საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმება გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც არ ემსახურება ორმხრივ ურთიერთობებს.

ნიუ-იორკში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასერიოზულია.

„განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, შეფასება. ელჩი აცხადებს, რომ ქართული მხარე ამ საუბრებისთვის მზად არის.

„მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, საუბრები, შეფასება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ამგვარი ფაქტები ურთიერთობებში.

ასეთი გაუგებრობები როდესაც ხდება, ამას სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია, ჩართულობა. ღიად ვამბობ, რომ ქართული მხარე ამ საუბრებისთვის, ჩართულობისთვის მზად არის. მე ამაზე დღესაც მქონდა კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან, რათა ყველა გაუგებრობას და კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი. ეს არავის ახარებს. მე ვიცი ჩვენი პარტნიორების გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რა ძალებია დაინტერესებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავებით, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ისიც ცხადია, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ ბაიდენის მიერ არ არის მიღებული და ამას მისი მდგომარეობა მოწმობს.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რაც ელემენტარული, „დანა-ჩანგლის წესების“ ულაპარაკოდ დაცვას უდავოდ გულისხმობს და ამ შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობის პროტოკოლურად გაწერილი ელემენტარული წესები, უბრალოდ, მთლიანად იგნორირებულია. ზარდიაშვილის განცხადებით, როცა წინასწარ, ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე უკვე დაპატიჟებულს, თანაც ასეთი ფორმით, შეუთვლიან, რომ იგი არასასურველი სტუმარია და უშუალოდ ვახშმის წინ, ფაქტობრივად, კარებს ცხვირწინ მიუჯახუნებენ, ცხადია, ეს გახლავთ უკიდურესი არაკეთილგანწყობის ძალზე არაეთიკური დემონსტრირება და არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, არამედ იმ ქვეყნის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ლეგიტიმურად წარმოადგენს.

„ბუნებრივია, ამის შემდეგ საუბარი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უბრალოდ, ფარისევლობა თუ იქნება. ცხადია, საქართველო მეტად უფრთხილდებოდა აშშ-სთან ურთიერთობებს და ეს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთვის იმდენად ძვირფასი გახლდათ, რომ ეს ხელისუფლება ბევრ მოუთმენელს ითმენდა, ერიდებოდა გართულებებს, ყოველთვის მკაფიოდ აღნიშნავდა და სრულ მზაობას გამოხატავდა ელჩი დეგნანის დროს გვარიანად გაფუჭებული ურთიერთობების მოწესრიგების და გადატვირთვისთვის. მაგრამ მეგობრობა და პარტნიორობა მუდამ ცალმხრივი ვერ იქნება და როცა ე.წ. მეგობარი ცხირწინ კარს გამოგიჯახუნებს, მაშინ, როცა უკვე დაგპატიჟა, ეს ისეთი უღირსი საქციელია, რაც, უწინარეს ყოვლისა, ამ მეგობრობას დანგრევის პირას მიიყვანს. ასევე ყველანი ვხედავთ, რა არის მსგავსი არაეთიკური გამოხდომის მიზანი კარს მომდგარი არჩევნების წინ. რასაკვირველია, ეს მიზანი საქართველოს მიმართ მტრულია: პოლარიზაციისა და რადიკალიზმის კრიტიკულ ნიშნულამდე ზრდა, ვითარების უკიდურესი ესკალაცია, საშინაო საქმეებში აგრესიული ჩარევა, რაც ისედაც ამბოხების ინსპირირების ზღვარზეა“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს აშკარად უკვე მტრული პოლიტიკაა საქართველოს მიმრთ და რეალურად, სწორედ ამას ჰქვია „ჰიბრიდული ომი“! თუმცა, ვინ შეიძლება ამითი იყოს დაინტერესებული? ცხადია, მხოლოდ ის, ვისაც საქართველო-აშშ-ს ერთობლივ ინტერესებში ჩვენი მეგობრობა არაფრად უღირს და ეს მსგავსი არაეთიკური, ანტი-დიპლომატიური, „ჰიბრიდული ააგრესიის“ ფორმით ნათლად დემონსტრირდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ.

აშკარაა, ამ ადმინისტრაციას, მიუხედავად იმისა, რომ იგი უდიდესი ალბათობით „დიპ სტეიტის“, რასაც ჩვენ - „გლობალური ომის პარტიასაც“ ვუწოდებთ, ნების ავტომატურად, უსიტყვოდ შემსრულებელია, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ძირის გამოთხრისთვის. აშშ-მ იმდენად დააზიანა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რომ შეიძლება ითქვას - „წითელი ხაზები“ მართლაც გადაკვეთილია, ამ ადმინისტრაციასთან, რომელიც საქართველოს დასამორჩილებლად მის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ურთიერთობების ნორმალიზებისა და გადატვირთვის ყველა შანსი, ფაქტობრივად, ამოწურულია.

ეს არ ნიშნავს, რომ მომავალი ადმინისტრაციის პირობებში იგივე გაგრძელდება და ვითარება დიამეტრულად ვეღარ შეიცვლება, მეტიც, უნდა ველოდოთ, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, აუცილებელიცაა ორივე ქვეყნის ინტერესებისთვის და ასე მოხდება კიდეც, რისი იმედიც არ უნდა დავკარგოთ. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მტკიცედ და თანმიმდევრულად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა გაუძლოს ამ „ჰიბრიდულ აგრესიას“, ხოლო მეორე მხრივ, მიაღწიოს ურთიერთობების გადატვირთვას თუნდაც შემდგომი ადმინისტრაციის პირობებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ამასთან, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის აშშ-სთან ურთიერთობების კიდევ მეტად გასამწვავებლად რაიმე მკვეთრი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, მით უმეტეს - ელჩის გამოწვევა, მაგრამ ამას შეიძლება საქართველოს მხრივ მოჰყვეს აშშ-სთვის არცთუ სასიამოვნო, მაგრამ სრულიად ადეკვატური რეაქცია.

„მაგალითად, ელჩი კელი დეგნანის მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე უტიფარი ზეწოლის, რაც ჩვენი ქვეყნის ომში ჩასათრევად ხდებოდა, მკაფიოდ ამსახავი მამხილებელი ვიდეო-დოკუმენტების, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მძიმე კომპრომეტაცია იქნება, საჯაროდ გამოქვეყნება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

პროფესორ თემურ მაისურაძის შეფასებით, აშშ-ში, ბაიდენის ადმინისტრაცია და ყველა ის გავლენის სუბიექტი, ვისაც პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, ომის პარტია უწოდა, დაინტერესებულია იმით, რომ მათთვის დაუმორჩილებელ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დასაზიანებლად, ცალ ფეხზე მდგომ ულტრა-პროდასავლურ საზოგადოებას და მათი გავლენის აგენტებს, გაუჩინოს ახალი საცეცხლე წერტილები, სიტუაციის კრიტიკულ წერტილამდე დაძაბვის მიზნით.

„რადგან უცხო ძალები სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას ან გადატრიალებების მოწყობას ახერხებენ, ორი პირობიდან ორივეს ან რომელიმე ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, - მაგალითად, მოსყიდული ხელისუფლების არსებობა, როგორიც იყო სააკაშვილის ხელისუფლება, - ან შიდა აგენტურის მეშვეობით, შესაძლებელია საზოგადოების მიყვანა იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც შესაძლებელი ხდება რევოლუციის ან გადატრიალების მოწყობა, მაგალითად, როგორიც იყო ზვიად გამსახურდიას დროს.

არსებულ შემთხვევაში, საქართველოს არ ჰყავს მოსყიდული ხელისუფლება, სამაგიეროდ ჰყავს მოსყიდული ყოფილი ხელისუფლება, მათთან შერწყმული ოპოზიციის „ახალი“ კრებული და ე.წ. აგენტურა, კრებსითი დასავლეთის გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ მეტროპოლიის დახმარებით, სახელმწიფოს შიგნით დეგრადირებული საზოგადოების წყალობით, ზემოთ აღნიშნული კრიტიკული მასის შექმნას.

იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ მათი ჯამი, სამჯერ ნაკლებია საჭირო კრიტიკულ მასაზე, საჭირო ხდება „პარტნიორების“ ბევრად მეტი გარე ზემოქმედება, ულტრა-პროდასავლურ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლებიც მერყეობენ არჩევანში: ილუზორული „ევროპული ღირებულებები“ თუ სუვერენული საქართველო, როგორც ეკონომიკური პარტნიორი ყოველგვარი კავშირების გარეშე“, - აცხადებს თემურ მაისურაძე

შესაბამისად, როგორც პროფესორი აცხადებს, ბაიდენის ადმინისტრაციის ასეთი არადიპლომატიური მოქმედება, აღიქმება როგორც პირდაპირი მტრული მოქმედება და საქართველოში რევოლუციური სცენარის ხელშეწყობა, მსგავსად 2003 წლის ვარდების რევოლუციის და 2014 წლის უკრაინული მაიდანის მოვლენების.

„ვიცით, რომ ამერიკამ წითელი ხაზები არაერთგზის და დიდი ხანია გადაკვეთა. ჩვენი ხელისუფლება ცდილობდა თვალი აერიდებინა მათ თავხედურ მოქმედებებზე, თუმცა დღევანდელ მათ მოქმედებას, ჩვენებურად უკვე „მოუკრეფავში გადასვლა“ ჰქვია. ეს გაგრძელდება და უფრო გამწვავდება არჩევნების წინ. სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ისეთი ბერკეტები, როგორიც არის SWIFT-ის გაუქმებით დაშინება, ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებით დაშინება, სხვა ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტებით დაშინება და ა.შ. ასეთ ვითარებაში, საქართველოს მოუწევს მკვეთრი მოძრაობა ახალი გეოპოლიტიკური სივრცის სასარგებლოდ (BRICS, 3+3 და სხვა).

რაც შეეხება არჩევნების შემდეგ, დაძაბულობის ფორმები დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზე, თუმცა გონივრული მოქმედებების პირობებში, „ქართული ოცნებას“ ბევრად მეტი უპირატესობა და მეტი ბერკეტი ექნება, პრობლემების საკმაოდ სწრაფი ტემპებით მოსაგვარებლად. რაც შეეხება ელჩის გამოწვევის საკითხს, ეს შესაძლებელია და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების დასრულების შემდეგ, შტატები გააგრძელებს თუ არა „მოუკრეფავის“ - წითელი ხაზების სიღრმეში შესვლას, თუ აირჩევენ უკან დახევის გზას სამომავლო, სახელმწიფოებრივი თანამშრომლობის სასარგებლოდ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძემ.

KAB ჩემი თაობის თვალწინ, საოცარი სისწრაფით მოხდა აშშ-ის დეგრადირება, რასაც თავადაც აღიარებენ.
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli აშშ-ს მართავს სატანა! ის არ ჩანს ცალკე 1 ადამიანად. ის ჩაბუდებულია ადამიანთა ჯგუფში, რომელიც წარმოადგენს ე.წ. სიღრმისეულ (ალბათ დაფარული სჯობს) სახელმწიფოს!
1 თვის უკან