პრემიერი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ორი საათის განმავლობაში დახურულ ფორმატში შეხვდა. სასტუმრო „რედისონში“ შეხვედრას 80-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა. ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან პირველი დიალოგითა და გულწრფელი საუბრით პრემიერი კმაყოფილია. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის ხედვები გააცნო და საინტერესო მოსაზრებები მოისმინა. მსგავსი ტიპის ფორმატი კვლავაც გაგრძელდება და პრემიერთან დიალოგის საშუალება მიეცემა ბიზნესის ყველა წარმომადგენელს - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსაც.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრის ანალოგიური პრაქტიკა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა.
„ბიზნესმენების მხრიდან საუბარი იყო გარკვეულ ბარიერებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან, ბიზნესის განვითარებას ხელს აღარავინ უშლის. საქართველოს აქვს წარმოების განვითარების ხელშეწყობის კონკრეტული გეგმები. ჩვენი ხედვით, ადგილობრივი წაარმოების განვითარებაში ჩართული უნდა იყოს ყველა - როგორც ბიზნესი, ისე მთავრობა და ეს არ უნდა მოხდეს იმპორტის ხელოვნური ბარიერებით ჩანაცვლების გზით. საუბარია ჯანსაღი კონკურენციის განვითარებაზე, ადგილობრივი წარმოების წახალისებაზე, რაც ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხარისხს აამაღლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა შექმნას ისეთი ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურ და ეფექტიან ათვისებას, შექმნის დამატებითი სამუშაო ადგილებს და დაეხმარება ქვეყანას უმთავრესი პრობლემის - სიღარიბის დაძლევაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და აღნიშნა, რომ კოაბიტაციის პირობებისთვის დამახასიათებელი სირთულის მიუხედავად, ბიზნესის განვითარების კუთხით გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„კერძოდ, საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე და საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რაც სათანადოდ აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში“ საქართველოსათვის მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში. საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 148 ქვეყანას შორის 77-ე ადგილიდან 72-ზე გადაინაცვლა“, - განაცხადა პრემიერმა.
საუბრის ერთ-ერთი თემა საგადასახადო კოდექსიც იყო და პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით დაგეგმილია მთელი რიგი ცვლილებები, რაც გაამარტივებს ბიზნესის წარმოებას საქართველოში.
ერთ-ერთი ძირითადი მესიჯი, რაც ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაისმა, ეს იყო მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნა, რაც საქართველოში დაწყებითი ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის მხარდაჭერით, შეიქმნა და აქტიურ მუშაობას შეუდგა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებელობებს სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად. პრემიერის ცნობით, დღეისათვის ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც, მისივე შეფასებით, ძლიერი ბიძგი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის.
მისივე თქმით, 2013 წლის ივლისში საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უპრეცედენტო პოტენციალს და 500-მილიონიან ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართულ ბიზნესს. ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ბიზნესმენებს მიმართა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და გაძლიერება თითოეული მათგანის ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაზეა დამოკიდებული. მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ მთავრობა შეუქმნის ყველა პირობას, რათა ბიზნესმენებს ბიზნესის განვითარების სტიმული ჰქონდეთ.
ბიზნესის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული შეხვედრა და განმარტეს, რომ ეს შესაძლებლობას მისცემს ორივე მხარეს საჭირბოროტო საკითხები ღიად გაუზიარონ ერთმანეთს. თითოეული მათგანი კონკრეტული წინადადებით იყო მისული და პრემიერს ეს წინადადებები დახურულ ფორმატში გაუზიარა.
მათ მოიწონეს ის ფაქტი, რომ წლევანდელი წელი, პრემიერის განცხადებით, იქნება მწარმოებლების ხელშეწყობის წელი. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე აცხადებს, რომ ეკონომიკურ სტრატეგიაზე საუბრისას პრემიერმა სწორად შეაფასა, რომ მნიშვნელოვანია, მოკლევადიანი გეგმის გაწერვა.
ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სწრაფ კოორდინაციას ხელისუფლებასა და ბიზნესსექტორს შორის მიესალმება.
თუმცა, ამ შეხვედრას არ ესწრებოდა მოქმედი ბიზნესის ყველა წარმომადგენელი. „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ ამ შეხვედრაზე დასწრება, მისვლის მიუხედავად, ვერ მოახერხა, რადგან მიწვეულთა სიაში არ აღმოჩნდა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავარია არა შეხვედრა, არამედ ის გადაწყვეტილებები, რასაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეშვეობით მიიღებს.
„თავისთავად, მნიშვნელოვანია სააგენტოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მცირე, საშუალო თუ დიდ ბიზნესთან ურთიერთობა და მას აღმოუჩინოს სრული დახმარება დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობისთვის. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდს, ვერ გავიზიარებ ღარიბაშვილის ოპტიმიზმს ამ ფონდთან დაკავშირებით. მე ვიყავი ამ ფონდში, ვხედავ იქ სიტუაციას. არ მჯერა ამ ფონდის, რადგან ისინი აბსოლუტურად არასწორად უდგებიან საქმეს. აქ არის წმინდა ქართული სიტუაცია - ჩემიანი-შენიანი, ახლობელი-შორებელი. ყველა ბიზნესმენი ვერ მივა პრემიერ-მინისტრთან და იქიდან ვერ მიიღებს თანხმობას, მიდით ფონდში და თქვენ დაგაფინანსებენო. ფონდი კი მუშაობს აბსოლუტურად მიუღებელი პრინციპებით, თბილისში არაფერი იმალება და რაც გაკეთდება, გახმაურდება. მაშინებს ის, რომ სახელმწიფოში ეკონომიკის განვითარდება რაღაც კერძო ფონდის საქმიანობაზე უნდა იყოს მიბმული. ეს არასწორია“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
მანვე განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრი სერიოზულ შეცდომას უშვებს, რადგან რატომღაც აირჩია ურთიერთობა იმ ბიზნესასოციაციასთან, სადაც მსხვილი ბიზნესია გაერთიანებული. ეს მაშინ, როცა ბევრი ცოდვა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაშია, სწორედ ამ მსხვილი კომპანიების საქმიანობის შედეგია, რომლებიც წახალისებულნი იყვნენ სწორედ წინა ხელისუფლების მიერ.
ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება, ოღონდ პერიოდულად მოხდება ბიზნესმენთა როტაცია და, სექტორების მიხედვით, ცალ-ცალკე გაიმართება მათთან შეხვედრა.
ჩვენს შეკითხვაზე, განსაკუთრებით რომელმა ბიზნესწინადადებამ დააინტერესა პრემიერი, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინადადებები ბევრი იყო, მაგრამ პრემიერს განსაკუთრებით აინტერესებდა ადგილობრივი წარმოების მდგომარეობა, თუ რა წინააღმდეგობებთან უხდებათ მათ გამკლავება.
„მისი მესიჯი იყო, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რათა ჩვენმა პროდუქციამ მაღალხარისხიან ანალოგიურ ევროპულ საქონელს კონკურენცია გაუწიოს. საუბარია სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, ტურიზმზე, ტრანსპორტსა და გადაზიდვებზე და სხვა“.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნულ შეხვედრაზე ცალკეულ ბიზნესმენთა დასწრება, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ შეიძლება, აქ ყოფილიყო გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რადგან შერჩევა ხდებოდა ბიზნესასოციაციების საშუალებით და სხვა კრიტერიუმები არ ყოფილა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, მათ არ სურდათ ძალიან დიდი შეხვედრის მოწყობა, ცდილობდნენ, 60 ადამიანის შემადგენლობით გამართულიყო ეს შეხვედრა, რათა უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო დისკუსია. მით უფრო, რომ შემდგომ შეხვედრებზე სხვა ადამიანებსაც მიეცემათ დასწრების საშუალება.
„ნაყოფიერი არ იქნება ერთსა და იმავე ადამიანებთან შეხვედრა. ჩვენ გვაინტერესებს აზრთა სხვადასხვაობა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.