ვოლოდიმერ ზელენსკი და უკრაინის ელჩი ამერიკაში დიპლომატიურ სკანდალში გაეხვნენ. სიტუაცია იმდენად რთულია, რომ რესპუბლიკელები უკრაინის ელჩის ამერიკიდან გაძევებასაც კი მოითხოვენ. თითქოს ის არ კმაროდა, რომ თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია შემოსწყრა, უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთანაც უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა. როგორც ტრამპმა განაცხადა, ზელენსკი პირდაპირ და ღიად გამოხატავს დემოკრატების კანდიდატის ჰარისის მიმართ მხარდაჭერას და ცდილობს მუდმივად მისი ქვეყნისთვის ფულის გამოძალვას. ამას ემატება ტრამპის ვაჟის პირდაპირი ბრალდებები ზელენსკის მიმართ, რომ შესაძლოა, ტრაპზე ბოლო თავდასხმაში, ზელენსკი იყოს გარეული. რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ ტუნიმ კი ზელენსკის მოუწოდა, ამერიკული პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს: „მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ მან [ზელენსკიმ] ამერიკული პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს. ზელენსკისა და ვენსს აქვთ უთანხმოება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის მისი [ზელენსკის] საქმე, რომ ეს აქ განიხილოს, ამერიკის არჩევნების შუაგულში“.
გარდა ამისა, ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი განაცხადა რამდენიმე კონგრესმენმა, მათ შორის ტრამპმაც.
ამ უდიდესი სკანდალების ფონზე, ზელენსკის დალხინებული ურთიერთობა არც დემოკრატებთან აქვს. „გამარჯვების გეგმა“, რომელიც მან თეთრ სახლში მიიტანა, ბაიდენის ადმინისტრაციაში დაუწუნეს.
რა ხდება უკრაინის ელჩის გარშემო
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ზელენსკის მოუწოდებს, გაათავისუფლოს აშშ-ში უკრაინის ქვეყნის ელჩი ოქსანა მარკაროვა. აღნიშნული მოწოდება ჯონსონმა რესპუბლიკელების მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის ფონზე გააკეთა. ისინი ზელენსკის პენსილვანიის შტატში ჩასვლის გამო აკრიტიკებენ.
„ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც დემოკრატების დასახმარებლად იყო გამიზნული. ცხადია, რომ ეს არის არჩევნებში ჩარევა“, - წერს ჯონსონი ზელენსკის წერილში.
ჯონსონის თქმით, არც ერთი რესპუბლიკელი არ იყო მიწვეული იმ ტურში, რომელიც აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას მიერ იყო დაგეგმილი.
ზელენსკის პენსილვანიაში ვიზიტს კი სპიკერმა პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა.
„ამან გამოიწვია რესპუბლიკელების მხრიდან ნდობის დაკარგვა ელჩ მარკაროვას მიმართ, რომ მას შეუძლია, სამართლიანად და ეფექტურად იმსახუროს, როგორც დიპლომატმა ამ ქვეყანაში. იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თავისი პოსტიდან“, - ნათქვამია წერილში.
ასევე „ფოქს ნიუსმა“ დაწერა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იძიებს ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეს ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მედია წერს, კომიტეტმა უნდა დაადგინოს, გამოიყენა თუ არა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტისთვის.
ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება
„უკრაინის პრეზიდენტი ახლა ჩვენ ქვეყანაში იმყოფება, ის ახორციელებს ბინძურ თავდასხმებს თქვენ საყვარელ პრეზიდენტზე, ჩემზე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი მილიარდობით დოლარს აძლევენ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც უარს ამბობს გარიგებაზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის მიცემას იმ ადამიანისთვის, რომელიც უარს ამბობს გარიგებაზე... ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არ იქნებიან ბედნიერები, ვიდრე ამერიკელ ბავშვებს ომში არ გაგზავნიან... ამერიკელ დედებსა და მამებს არ სურთ, მათი შვილები უკრაინასა და რუსეთს ებრძოდნენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები საზღვარგარეთ იღუპებოდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, სამი წლის საშინელი ბრძოლების შემდეგ უკრაინა აბსოლუტურად განადგურებულია, ხოლო მილიონობით ადამიანია დაღუპული. დანგრეული ნაწილის აღდგენას ასობით წელი დასჭირდება, ხოლო მისი სრულიად აღდგენა შეუძლებელი იქნება, რადგან ამისთვის საკმარისი ფული მთელ მსოფლიოში შეკრების შემთხვევაშიც კი არ იქნება.
„თქვენ ვეღარასდროს შეძლებთ ქალაქების აღდგენას მათი პირვანდელი სახით. ისინი ათასობით წლის იყო. სამი წლის წინ თქვენ გქონდათ ცივილიზაცია. მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც ახლა აღარ არიან“, – აღნიშნა ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას.
ზელენსკის მხოლოდ ტრამპი არ უპირისპირდება, მას ბრალდებებს ტრამპის ვაჟიშვილიც უყენებს. ის უკრაინის პრეზიდენტს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. დონალდ ტრამპ-უმცროსი უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპმა, დაპირების მიუხედავად, არ იცის, როგორ დაასრულოს უკრაინის ომი.
„უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც ამერიკელი გადამხდელებისგან მილიარდობით დოლარის დაფინანსება მიიღო, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ბედავს თავს დაესხას რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს და თანაც ამას მას შემდეგ აკეთებს, რაც პროუკრაინელმა ფანატიკოსმა მამაჩემის მოკვლა სცადა“, - დაწერა დონალდ ტრამპის შვილმა.
უკრაინის პრეზიდენტს ამერიკაში „გამარჯვების გეგმა“ დაუწუნეს
ზელენსკის მიმართ პრეტენზიები მხოლოდ რესპუბლიკელებს და ტრამპს არა აქვთ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ მომზადებულმა უკრაინის „გამარჯვების გეგმამ“ აშშ-ის ადმინისტრაციაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და ის დემოკრატებმა დაიწუნეს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა „გამარჯვების გეგმით“, რომლის მხარდაჭერასაც ვაშინგტონს უკრაინის პრეზიდენტი სთავაზობს.
გამოცემა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრ სახლში შეშფოთებულნი არიან, რომ „გამარჯვების გეგმა“ არ შეიცავს ყოვლისმომცველ სტრატეგიას, ხოლო წინადადებები დაყვანილია მეტი იარაღის მიწოდებასა და შორი მოქმედების რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე.
„ეს არ არის შთამბეჭდავი, ამ გეგმაში არც ისე ბევრი სიახლეა“, – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
„უოლ სთრით ჯორნალის“ წყაროებმა აღნიშნეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებები კომპრომისს არ ითვალისწინებს, ხოლო დიპლომატიისა და პოლიტიკისადმი მიძღვნილ ნაწილში არ არის მოყვანილი დეტალები.
„გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში აპირებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა.
რა ხდება ზელენსკის გარშემო
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინის ომის ირგვლივ ჩიხია შექმნილი და ამას ათვიცნობიერებენ ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში. ასევე, ყველამ კარგად დაინახა ვოლოდიმერ ზელენსკის რეალური სახე, რომ ის არაფრის დამსრულებელი არ არის. აბაშიძე აცხადებს, რომ მას განსაკუთრებით ურთიერთობები ტრამპთან და რესპუბლიკელებთან დაეძაბა, რის გამოც ელჩის გაწვევასაც კი ითხოვენ.
„ზელენსკის ვიზიტი ამერიკაში უდიდესი დიპლომატიური სკანდალებით მიდის. მან ვერა და ვერ გაიგო, რომ უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ჩაერიოს და ამ წინასაარჩევნოდ მხარედ არ უნდა წარსდგეს, რადგან არავინ იცის ხვალ ტრამპი იქნება პრეზიდენტი თუ ჰარისი. მან პირდაპირ დანაღმულ ველზე დაიწყო ამერიკაში სიარული და ტრამპისგან, რესპუბლიკელებისგან ადეკვატური პასუხიც მიიღო. მოსწონს თუ არა მას ესა თუ ის საპრეზიდენტო კანდიდატი, მათთან თანამშრომლობა მოუწევს. ამიტომაც სპიკერი ჯონსონისგან მან ხისტი პასუხი მიიღო და შეაგნებინეს, რომ ამერიკაში უკვე ბევრი რამ აღარ გაუვა. პენსილვანიის შტატში, რომელიც ძალიან მერყევ შტატად ითვლება ამომრჩევლის კუთხით, ზელენსკი საბრძოლო მასალების ქარხანას ეწვია და ამ სტუმრობის ფორმატში დემოკრატები მიიყვანა მხოლოდ. იქ არ იყვნენ რესპუბლიკელები. შესაბამისად, ეს იყო ღია და დაუფარავი მხარდაჭერა დემოკრატების მისამართით. სწორედ ამის გამო, კონგრესის სპიკერმა დაწერა, რომ დაუყოვნებლივ უკრაინის ელჩი გაძევებული იქნას. ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალი როცა ზესახელმწიფოს, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ელჩის გაწვევას მოითხოვს. ეს სკანდალი როგორ ჩაიფარცხება უკრაინის მხრიდან ძალიან საინტერესოა“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით ზელენსკის იმასაც კი არ ითვალისწინებს, რომ კონგრესს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ამიტომ კონგრესია ის ინსტიტუტი, რომელიც ფინანსებს ამტკიცებს, ამიტომაც მან დაუშვა შეცდომა, როცა რესპუბლიკელების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.
„რაც შეეხება ტრამპ უმცროსის ბრალდებებს და ტრამპის დაპირისპირებას ზელენსკისთან, რა თქმა უნდა, დამტკიცებული არაფერია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ზელენსკი იმდენად შორს არის წასული და იმხელა ამბიციები გაუჩნდა, რომ ტრამპზე თავდასხმა დაეგეგმა, გასაკვირი არ იქნება. ამიტომ ძალიან მალე ყველაფერს წერტილი დაესმება და პასუხი გაეცემა. გაირკვევა რეალურად ამ ომის ბედიც. მით უმეტეს თუკი ტრამპა გაიმარჯვა, ზელენსკი ყველანაირ დახმარებას და მხარდაჭერას უნდა დაემშვიდობოს. საერთოდ, მისი ხელისუფლებაში დარჩენის საკითხიც კი სათუო შესაძლოა გახდეს. ამიტომ ვნახოთ, ამხელა კორუფციაში ჩაფლული ზელენსკი და მისი ხელისუფლება როგორ გააგრძელებენ ამ თავგასულობას თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდა“, - ამბობს აბაშიძე.