„საქართველოს წამოიკიდებენ თუ არა ბლეფზე, პოკერის მაგიდასთან, სადაც ზის მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, ამ ხალხის გადასაწყვეტია“

„საქართველოს წამოიკიდებენ თუ არა ბლეფზე, პოკერის მაგიდასთან, სადაც ზის მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, ამ ხალხის გადასაწყვეტია“

ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რისი მიზეზიც აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გახდა მზარდი შეშფოთება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, „ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის“ მიმართ. პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ ამერიკისგან დაშინებული ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამყნობილ ოპოზიციას მოიყვანს ხელისუფლებაში, ამერიკის მიზანი მიღწეული იქნება. იმ შემთხვევისთვის კი, თუ ქართველ ხალხს არ შეეშინდება ამდენი მუქარის და ხელისუფლებაში მეოცნებეებს დატოვებს, ამერიკამ უკან დასახევი გზა დაიტოვა.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რას ნიშნავს ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება? ცხადია, რომ მიცვალებულის სულებთან მოსაუბრე და პრაქტიკულად, არაადეკვტური ბაიდენი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ვინ არის დაინტერესებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გამწვავებით?

რამაზ საყვარელიძე: ეგ საკითხი თითქოს ახალია, მაგრამ ძალიან ძველი ანალოგებიც იძებნება. რაიმე ცხოველის, მაგალითად, მგლისმაგვარი ძაღლის პატრონი, როცა ამ ძაღლით უკმაყოფილოა, მას ჯილდოს ჰპირდება, ან სახრით აშინებს. თუ ეს ხერხი არ ჭრის, მათ შორის ურთიერთობა მწვავდება. თუ ვიკითხავთ, ურთიერთობის გამწვავებით ვინ არის დაინტერესებული - მგლისმაგვარი ძაღლი, თუ მისი პატრონი, გიპასუხებთ: მე მგონი, არც ერთი, უბრალოდ, შეცდომა მოხდა. შეცდომა კი მდგომარეობს იმაში, რომ პატრონს ეგონა, რომ ძაღლი ჰყავს და მის კუდის ქიცინს ელოდებოდა. არადა, პატრონის წინ მგელი იდგა, რომლის მოშინაურება შეუძლებელია, მაგრამ თანაბარი და სამართლიანი ურთიერთობით იგი ადამიანის („პატრონი“ აქ უკვე შეუფერებელი სიტყვაა) ისეთი ერთგული და გონიერი მეგობარი გახდება, რასაც ხშირად ვერც კი წარმოიდგენენ ხოლმე ადამიანები, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ურჩევნიათ, რადგან უფრო ეადვილებათ. საერთაშორისო ურთიერთობებშიც ძლიერ ქვეყანებს უფრო ეადვილებათ, რომ გაწრთვნილ სუსტ ქვეყანასთან ჰქონდეთ საქმე, ვიდრე დაუჯერებელთან, მით უმეტეს, როცა ამ სუსტის „შეწირვა“ სჭირდებათ თავისი მიზნის მისაღწევად (რატომღაც, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა გამახსენდა).

ბატონო რამაზ, დღეს რა არის ამერიკის მიზანი საქართველოში და საერთოდ კავკასიაში?

- დღეს ამერიკას სჭირდება არეულობა კავკასიაში, რომ აქ მისმა კონკურენტმა, ჩინეთმა არ მოიკიდოს ფეხი. ჯერ კიდევ ტრამპის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ დაუფარავად მოგვმართა - ჩინეთი არ შემოუშვათო. უკვე კარგა ხანია ამერიკა მეგობრების შეწირვაზეც ფიქრობს რუსეთის, ევროპის თუ ჩინეთის დასუსტებისთვის. ამერიკის უფრო დიდი პატრიოტი, ვიდრე ჰენრი კისინჯერი იყო, ძნელი მოსაძებნია და კისინჯერმა თქვა: „ამერიკის მტრობა სახიფათოა, მაგრამ მაგობრობა კიდევ უფრო სახიფათო“. მან სწორედ ის იგულისხმა, რომ ამერიკა მეგობრებს ექცევა როგოც საკუთარ რესურსს, რომლის გამოყენების უფლება მას აქვს...

დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა, რომ ან თავად ან მთელი ქვეყანა იყოს მსხვერპლად შეწირული და არც დამორჩილებას აპირებს, მოკლედ, ეს ხელისუფლება მგლის ხასიათის აღმოჩნდა. ახლა პოლიტიკური სცენარი შეიცვალა, ქართველ ხალხს გეშავენ ხელისუფლებაზე, მიაჩნიათ, რომ ხალხის მოთვინიერება უფრო ადვილია და იგი თავად მოიყვანს სხვა ხელისუფლებას, თუ კარგად დააშინებენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ან გამომწვევი უტაქტობით საქართველოს ხელისუფლების მიმართ. 26-ში გამოჩნდება გაამართლებს თუ არა ხალხის დაშინებაზე გათვლილი ეს სტრატეგია.

ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამერიკამ გადაკვეთა წითელი ხაზები და რა გაგრძელება მოჰყვება ამას?

- წითელ ხაზებს ისე ენერგიულად ჰკვეთს ყველა ქვეყანა, რომ ამერიკის საქციელი ჩემთვის არ იყო „ამერიკის აღმოჩენა“. ამერიკა კი კვეთს წითელ ხაზებს, მაგრამ ამას აკეთებს ისე, რომ ხაზიდან უკან გადახტომა შეეძლოს. მან 40 ადამიანი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონიდან დაასანქცირა და... ვერ ვიპოვეთ ისინი. ახლა 4 ადამიანი დაასანქცირა და ვერავინ გაიგო რატომ. კიდევ 60-ს დაამატებს და საინტერესოა ამ 100 ადამიანის ვინაობას გაგვიმხელენ თუ არა. აგერ, შეუფერხებლად ვითარდება ენერგოკაბელის სტრუქტურა, იხარჯება მილიარდები და ამერიკა ამ პროექტს არ უშლის ხელს. ამ და მრავალი სხვა უფრო მცირე მოვლენების შედეგად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ როცა ამერიკელები გვემუქრებიან, ეს, დიდწილად, თეატრალური მუქარაა. მათი მხრიდან ეს სწორი სტრატეგიაა, როგორც ეს რეიგანმა აჩვენა. ის დაემუქრა სსრკ-ს - ვიწყებ მომზადებას ვარსკვლავური ომისთვისო. ბლეფი იყო, მხოლოდ ანიმაციური ფილმები გააკეთეს ვარსკვლავების ომზე. სსრკ-მ დაიჯერა, თავადაც გადავიდა „ვარსკვლავების“ შეიარაღებაზე და დაემხო თავზე ეკონომიკა. მგონია, რომ რეიგანის ხერხს ხმარობს ახლა ამერიკა ჩვენთან მიმართებაში.

თუ ამერიკისგან დაშინებული ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამყნობილ ოპოზიციას მოიყვანს ხელისუფლებაში, ამერიკის მიზანი მიღწეული იქნება, რადგან 2003 წლიდან ამ ოპოზიციის საშუალებით ბევრ რამ მოახერხა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. თუ ქართველ ხალხს არ შეეშინდა ამდენი მუქარის და დატოვა ხელისუფლებაში მეოცნებეები, ამერიკამ უკან დასახევი გზა დაიტოვა. ჯერ ერთი, დღეს ამერიკამ არ იცის ვინ იქნება პრეზიდენტი და დრო სჭირდება. მეორეც, საქართველოს თუ ძალიან მიაწვება ამერიკა, მას უბიძგებს ბრიკსისკენ, რაც ჩინეთს ხელ-ფეხს გაუხსნის კავკასიაში.

ე.ი. თავისივე მუქარების შესრულება ამერიკას მოუტანს იმის საწინააღმდეგო შედეგს, რაც უნდა. ამიტომ, თუ მეოცნებეები დარჩნენ, ამერიკა სანქციებს აღარ გაიხსენებს, პარტიული ენჯეობის დაფინანსებას შეზღუდავს და ყველაფერს დააბრუნებს პარტნიორულ ფორმატში... ოღონდ, საქართველოს წამოიკიდებენ თუ არა ბლეფზე პოკერის მაგიდასთან, სადაც ზის მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, ეს ამ ხალხის გადასაწყვეტია.

ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, მივა თუ არა ვითარება იმ კონდიციამდე, რომ საქართველომ მიიღოს ამერიკიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება?

- ამერიკიდან ელჩის გამოწვევა ომის გამოცხადების ტოლფასია. უტაქტობას ამერიკა ხშირად აკეთებს, მაგრამ ომს არ უცხადებენ, ექცევიან, როგორც უგუნურ და ღონიერ ბავშვს, რომელმაც თავად არ იცის რას სჩადის. რაღა ჩვენ უნდა გავართულოთ სიტუაცია. ერთხანს ანეკდოტი დადიოდა: გამოვუცხადოთ ამერიკას ომი და ჩავბარდეთო. თუ ამ ანეკდოტს შევასრულებთ და ელჩის გამოწვევას ეგრევე მივაყოლებთ კაპიტულაციას, შეიძლება ქართული ოპოზიციის ისეთი აღფრთოვანება გამოვიწვიოთ, რომ სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო.

 

ლევკოთეა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ამერიკაზე მეტად კომექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნების ეშინია, ამიტომ, არ გაუვათ ეგ ბლეფი.
ამერიკა შორსაა, ქართველ მოსახლეობაზე რევანშის მოსურნე, ხვადასხვა პარტიებად ჩაშლილი ნაცები კი აქვე არიან და საკუთარ მომენტს ელიან.
1 თვის უკან
მერაბ.g ნაცები რომ გარეწრობის და კაცთმოძულეობის სიმბოლოა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ამერიკელები მთლად გაშიშვლდნენ და სტრიპტიზს "პოსლეზე" ცეკვავენ!
რაც შეგვეხება ჩვენ, ხალხს ცოცარს ვერავინ გადაუღუნავს - გაიმარჯვებს გაიმარჯვებს ლოგიკა და განვითარება
1 თვის უკან