სადამდე შეიძლება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაფუჭდეს და როგორ უნდა უპასუხოს საქართველოს ხელისუფლებამ იმ ფაქტს, როცა ბაიდენის ადმინისტრაციამ პრემიერი ირაკლი კობახიძე გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე ჯერ დაპატიჟა, შემდეგ კი მოსაწვევი გააუქმა? შევა თუ არა ჩიხში ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები? 25 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ზალკალიანი გადადგა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ოცნება“ საერთოდ, ელჩის გამოწვევასაც აპირებდა, თუმცა არც ერთი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. პირიქით, მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ ამერიკასთან საქართველოს კვლავ გადატვირთვის პოლიტიკა სურს.
ამის პარალელურად, ოპოზიციას მოლოდინი ჰქონდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართველი ხალხის მეგობრობის აქტის“ შესახებ მოსმენა გაიმართებოდა და მმართველი გუნდის წევრებს დაასანქცირებდნენ და, ასევე, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა მოხდებოდა. თუმცა ოპოზიციის მოლოდინი არ გამართლდა, რადგან სხდომა გადაიდო. ამ დროისთვის, კომიტეტის ვებგვერდზე არაა გამოქვეყნებული კონკრეტული დრო, როდის გაიმართება მოსმენა.
ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და წევრებისთვის. დოკუმენტი მოიცავს ახალ სანქციებს.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-ამერიკას შორის მთელი მეგობრობის ისტორიის მანძილზე მსგავსი მძიმე სიტუაცია არ ყოფილა. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ბაიდენის მიღებაზე პრემიერი სიიდან ამოიღეს. ამიტომ ის რომ მოსაწვევი თითქოს მიიღო და მერე უკან წაართვეს, არაა სწორი კონტექსტი. თუმცა სიიდან ამოღებაც საკამოდ ცუდი ფაქტია.
„სიტუაცია არის შემდეგი - გაერო უგზავნის ბაიდენის ადმინსტრაციას სამიტზე მონაწილე სტუმრების სიას. ამ სიის მიხედვით ხდება შემდეგ სტუმრების დაპატიჟება. კობახიძე, უბრალოდ, სიიდან ამოიღეს. ადმინისტრაციაში ვიღაცა მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა, რომ ის სტუმრების სიაში არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ასეთ რაღაცებს პირადად ბაიდენი არ წყვეტს. საქმე კი იმაშია, რომ ეს არის ამერიკელების პასუხი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა ო’ბრაიენს და ასევე სენატორს და კონგრესმენს, რომლებიც უშუალოდ მასთან სასაუბროდ იყვნენ ჩამოსულები. გასაგებია, რომ პრემიერი შეხვდა, მაგრამ ისინი უშუალოდ ქვეყნის მმართველ პირად ივანიშვილს მიიჩნევენ. სწორედ ამის გამოძახილი იყოს ის გადაწყვეტილება, რომ კობახიძე აღარ მიიწვიეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, სიტუაცია საკმაოდ დრამატულია, ამიტომ სჯობს „ოცნებამ“ არჩევნებამდე რაიმე რადიკალური ქმედებებით სიტუაცია კიდევ უფრო არ გაართულოს. მისი აზრით, ელჩის გამოწვევა ან მისი გადადგომა არ იქნება გამოსავალი და ეს მოვლენებს კიდევ უფრო დაძაბავს.
„მე არ ველი, რომ არჩევნებამდე რაიმე გადატვირთვაზე ან პოლიტიკის ცვლილებაზე საუბარი იყოს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ერთი კვირის წინ თქვა, რომ „ოცნებასთან“ არჩევნებამდე ყველანაირ კომუნიკაციას და შეხვედრებს წყვეტს. ამიტომ ჩემთვის ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან მოულოდნელი არ ყოფილა. „ოცნებამ“ ჯობია არჩევნებამდე რაიმე რადიკალური ქმედებისგან თავი შეიკავოს. ამერიკა ის სახელმწიფოა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის გარანტორია. თუ შეუძლიათ, კანონი გამოიწვიონ უკან ან საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით შეაჩერონ მაინც. სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“,-ამბობს ზაქარეიშვილი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არის ქვეყნის შიგნით წინასაარჩევნოდ პოლიტიკური გრადუსის აწევის მცდელობა, რომელიც არ გამოდის. ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ფაქტია, ამერიკაშიც არიან პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, ამიტომაც ორპალატიანი ე.წ. „მეგობრობის აქტი“ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
„ოპოზიცია კობახიძის ამბის შემდეგ ხელების ფშვნეტით ელოდებოდა ე.წ. „მეგობრობის აქტის“ მიღებას სენატში, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც ჩანს, იქაც აზროვნებს ვიღაცა და მიხვდნენ, რომ ბოლომდე ხიდების საქართველოსთან დაწვა არ აწყობთ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ფიქრობდნენ, მომგებიანი იყო, როცა ევროკომისიას ეს სენატი მიმართავდა და ვიზალიბერალიზაციის ქართველებისთვის გაუქმებას მოითხოვდა.
მაღალჩინოსნებისთვის ჩვენი ოპოზიცია სანქციების დაწესებას ელოდა. ბაიდენის ადმინისტრაციის უმსგავსო საქციელმა შიში და ცრემლების ღვარღვარი რომ არ გამოიწვია, ამის შემდეგ ახლა სანქციებს ელოდებოდნენ. მადლობა ღმერთს, რომ კობახიძე ვახშამზე მართლა არ დაპატიჟეს. ქვეყანაში, სადაც ერთი თვის განმავლობაში, პრეზიდენტობის კანდიდატზე მესამე ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობა ჰქონდათ, სანდო ვინ არის? იქნებ, ამით სავარაუდო მოწამვლასაც აარიდა თავი. სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ოპოზიციისთვის და მანიშნებელი, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც მათ ჩაფიქრებული აქვთ. ბოლომდე მაინც ნუ იქნებიან დარწმუნებულები რაღაცებში“,-ამბობს ქართველიშვილი.
ამ დემარშს (შეხვედრაზე არმიწვევას) რაც შეეხება. გასაგებია, რომ ცალსახად ოპოზიციის დასახმარებლადაა გაკეთებული. ეგაა, ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ დემოკრატიის მამების ქვეყანაში, რომ ამით, მერყევ ქართველ ამომრჩეველს ოცნების მხარეს უბიძგებენ. უკვე ძალიან შიშველია მეფე (აშშ). გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ვგულისხმობ, თორემ გიგაური-ლომჯარია-ნაცების მრევლისთვის არჩევანი ისეც გარკვეულია და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თუნდაც, სულ წითელი ხალიჩით მისულიყო კობახიძე ბაიდენამდე (ისე, იმისთვისაც სულერთია, კობახიძეს შეხვდება თუ ახლო მომავალში, ტეტჩერს).