ადგილობრივ წარმოებას ბუნებრივი აირის მუდმივად მზარდი გადასახადი სერიოზულ პრობლემას უქმნის. ბოლო წლების განმალობაში კომერციული გაზი მუდმივად ძვირდებოდა და მხოლოდ შარშან ოდნავ გაიაფდა. ეს ლარის გამყარებამ განაპირობა. რამდენადაც გაცვლითი კურსი ახლაც სტაბილურია, მეწარმეები ტარიფის კლებას ისევ ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი პროდუქცია იაფ იმპორტს კონკურენციას ვერ გაუწევს.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბიზნესს ბოლო 6 წელიწადში ბუნებრივი აირის ტარიფი 72%-ით გაეზარდა, რაც 1 კბ/მ-ზე 54 თეთრია. გაძვირების ძირითად მიზეზს, ხშირ შემთხვევაში, ეროვნული ვალუტის ცვლილება წარმოადგენს.
სატრანსპორტო დერეფნის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები ტარიფის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად ლარის კურსის მერყეობას უკავშირებენ, თუმცა ბოლო წლებში კურსი მყარდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაზი 6 წლის განმავლობაში მუდმივად ძვირდებოდა. ფასი მხოლოდ ერთხელ 2023 წელს შემცირდა. კომუნალური ხარჯის ზრდა განსაკუთრებით მძიმედ მცირე და საშუალო ბიზნესს აწვება.
„ბოლო 6 წელიწადში 6-ჯერ შეიცვალა კომერციული გაზის ტარიფი, აქედან 5-ჯერ გაიზარდა და ერთხელ შემცირდა - 64 თეთრით გაიზარდა და 11 თეთრით შემცირდა. აპელირება ხდება იმაზე, რომ სავალუტო კურსის მერყეობა იწვევს ტარიფის ცვლილებას. ასიმეტრიულად ხდება გაზრდა და შემცირება. ეს ურტყამს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებსაც წარმოებაში სჭირდებათ გაზი და ერთობლიობაში ჩვენს პროდუქციას, რომელიც ისედაც ძნელად შედის საერთაშორისო ბაზრებზე, უჭირს ფეხის მოკიდება საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა.
სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლები, რომლებიც პროდუქციის მოსაყვანად ბუნებრივ აირს იყენებენ, პირდაპირ ამბობენ, რომ გაზის ღირებულება ბიზნესის წარმოებას ხშირად აზრს უკარგავს.
როგორც „ბოსტანის“ დამფუძნებელმა ბექა ბარჯაძემ განაცხადა, მისი წარმოება გაზის მაღალი კომერციულ ტარიფს ვერ გაუმკლავდა, დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც „თბილისი ენერჯი“ სასათბურე მეურნეობას სასამართლოში უჩივის.
„ბიომეურნეობაში არ შეიძლება გათბობისთვის მეორადი ზეთის, დიზელის გამოყენება, ამიტომ ბუნებრივ გაზზე ვიყავით დამოკიდებული. თავიდანვე ვიცოდით, რომ იქნებოდა სამომხმარებლო ტარიფი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის კომერციული ტარიფი, რამაც, ფაქტობრივად, პირველი წელსვე ძალიან დიდი ვალით დაგვაწყებინა წარმოება.
მერე დაგვილუქეს გაზის მრიცხველი, დავალიანება დაგროვდა, რასაც პერიოდულად ვიხდით. ბოლო ერთი თვეა სასამართლოში შეიტანეს საქმე. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ დავალიანება გვაქვს. რადგან კომერციული ტარიფით მოვიხმარეთ, დაგვითვალეს ამ ტარიფით, რაზეც არ ვიყავით ინფორმირებული. დღეის მდგომარეობით, სასამართლოში გვაქვს საქმე.
გადასახდელია და ეტაპობრივად ვიხდით, რადგან გვაქვს პარალელურად ქათმის ხორცის და კვერცხის წარმოება, საიდანაც შემოსული თანხით ვფარავთ დავალიანებას პერიოდულად, მაგრამ მაინც გვიჩივლა კომპანიამ და ახლა, ფაქტობრივად, დახურვის პირას ვართ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ბექა ბარჯაძემ.
გაზის ტარიფი პრობლემურია პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებისთვისაც, რადგან გაზის ფასს პროდუქციის თვითღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. კომპანია „მადამ დე“-ს დამფუძნებელი სანდრო რატიშვილი ამბობს, რომ გაზრდილი ხარჯი ან პროდუქციის ფასში აისახება ან მისი დაბალანსება მოგების შემცირების ხარჯზე ხდება.
„ლარის კურსის გამყარების მიუხედავად არ გვახსოვს, რომ გაზი გაიაფებულიყო. ბოლო 6 წლის განმავლობაში კომერციული გაზის ტარიფი ერთადერთხელ გაიაფდა (შარშან), 2018 წლიდან კი მუდმივად გაძვირების ტრენდი აქვს. ჩვენ ვართ პურის და ფუნთუშეულის ქარხანა და გაზის მდგენელი ჩვენს შემთხვევაში არის ძალიან მაღალი. ღუმელები მუშაობს გაზზე. ძალიან დიდი იმედი გაქვს და ველოდებით, რომ გაზის მიმწოდებელი კომპანია გადახედავს ამ დამოკიდებულებას. როგორც ხედავთ, ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს უკვე რამდენი ხანია. ეს ვითარება თუ შენარჩუნდა, დიდი იმედი გვაქვს, გაზის ტარიფი შემცირდება“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორისთვის ბუნებრივი არის გადასახადი მუდმივად იზრდებოდა. ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ფონზე კი, ფასის შემცირების შემთხვევა მხოლოდ 2023 წელს დაფიქსირდა, როცა ტარიფმა თბილისში 11 თეთრით დაიკლო, ხოლო რეგიონებში - 13 თეთრით.