უფასო ხვნა-თესვის ახალი პროგრამა 2 კვირაში დაიწყება

უფასო ხვნა-თესვის ახალი პროგრამა 2 კვირაში დაიწყება

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მცირემიწიანი ფერმერი ახალ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვება. იგი შარშანდელი უფასო ხვნა-თესვის მსგავსი იქნება, თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც იქნება. ყოველ შემთხვევაში 800 ათას გლეხს მთავრობა წელსაც დაეხმარება და ამის სოფლის მეურნეობის სტიმულირება იგეგმება.

ამჯერად პროგრამისთვის დაიხარჯება 90 მილიონი ლარი, საიდანაც 50 მილიონი საბიუჯეტო სახსრებია 40 მილიონი ლარი კი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. სახნავი ბარათების დარიგება კი თებერვლიდან დაიწყება.

შარშან მსგავსი პროექტისთვის გაცილებით მეტი თანხა იყო გამოყოფილი. პროექტის წლევანდელი ბიუჯეტი 90 მლნ ლარს შეადგენს, განსხვავებით 2013 წლისგან, როდესაც საგაზაფხულო სამუშაოებისთვის 195 მლნ ლარი დაიხარჯა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ პროგრამის ბიუჯეტის შემცირების მიზეზი განმარტა: „შარშან პროექტის ფარგლებში დაახლოებით 53 მლნ ლარი დაიხარჯა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შესაძენად. მოგეხსენებათ, ერთი და იგივე ინვენტარი რამდენიმე წელს ვარგისია და შესაბამისად, ფერმერებს წელს აღარ მოუწევთ ინვენტარის შეძენა“.

2014 წლის საგაზაფხულო პროექტის მიხედვით 800 000-მდე მცირემიწიანი ფერმერები მიწის ფართობის მიხედვით დაიყოფა ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: 1) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთი; 2) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.

ბენეფიციარები ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო-სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი, 2013 წლის პროექტით გათვალისწინებულის ანალოგიური); 2) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“. როგორც ფიფიამ განმარტა, პირველი კატეგორიის ფერმერები მხოლოდ აგრობარათს მიიღებენ, რომელზეც 50 ქულა (50 ლარია დარიცხული) და შეეძლებათ, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად გამოიყენონ, ხოლო მეორე კატეგორიის ფერემერები მიიღებენ როგორც 50-ქულიან აგრობარათს, ასევე, ხვნის ბარათს, რომლის ფულადი მოცულობა შეადგენს 140 ლარს 1 ჰექტარზე.

საყურადღებოა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ყველა სოფლის მცხოვრები მიიღებს სახელმწფიო დახმარებას. შარშან ამ პროექტში ფერმერთა გარკვეული ნაწილი ვერ მოხვდა. მაგალითად, თბილისის ახლომდებარე სოფლებში მცხვორები ადამიანები, რომლებით რამდენიმე წლის წინ უგულავამ „გააქალაქელა“.

„შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო ბარათებს წელს მაქსიმალურად ყველა ბენეფიციარი მიწის მფლობელი მიიღებს, ვინც 1,25 ჰექტარ ან მასზე ნაკლებ მიწის ნაკვეთს ფლობს. ხელი ასევე შეეწყობა თბილისისა და ბათუმისათვის შეერთებული სოფლების მოსახლეობას. ამის შესახებ თბილისის საკრებულოსა და აჭარის ხელისუფლებას ვაცნობეთ და შესაბამის ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოვიპოვებთ“, - აღნიშნა შალვა ფიფიამ.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ 1-ლი თებერვლიდან დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.