რუსეთისთვის კურსკის ოქლი „აქილევსის ქუსლი“ გახდა - უკრაინის კონტრშეტევამ საომარი მდგომარეობა და ვითარება რადიკალურად შეცვალა. ამის ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინასთან შესაძლოა მოლაპარაკებებზე წავიდეს, უფრო მეტიც, საქმე შეიძლება ტერიტორიების გაცვლამდეც კი მივიდეს. არსებულ ვითარებას ისიც ემატება, რომ რუსეთში საგრძნობად იმატა იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, ვინც მხარს უჭერს უკრაინიდან ჯარების გამოყვანასა და ომის დასრულებას, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაცხადებული მიზნების მიღწევის გარეშე.
აქვე აღსანიშნავია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომლის მიხედვითაც კურსკში მოქმედებების შედეგად რუსეთს ამ მიმართულებით 40 000 ჯარისკაცის გადაგზავნა მოუწია. ზელენსკის შეფასებით, უკრაინას აქვს გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს წარუდგენს.
„უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა დავკარგოთ მომდევნო რამდენიმე თვე ომში, რათა არ დავკარგოთ შემდეგი ათწლეულები. უკრაინას აქვს გამარჯვების გეგმა და მე წარვუდგენ ამ გეგმას ამერიკას - პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს - კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს - და ყველა ჩვენს გლობალურ მოკავშირეს. მჯერა, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიღწევა - გამარჯვება თავისუფლებისთვის, თავისუფლების ხარჯზე კომპრომისების გარეშე. ახლა ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, ჩამოვაყალიბოთ მსოფლიო, რომელშიც ჩვენი შვილები და მათი შვილები იცხოვრებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ რუსეთის არმია კურსკის ოლქზე კონტროლს „დროულად“ აღიდგენს, თუმცა არ განუმარტავს როდის არის ამის მიღწევა მოსალოდნელი. მისივე თქმით, „ვითარება, რა თქმა უნდა, იმ ადგილებში, რომელიც უკრაინელი მებრძოლების კონტროლის ქვეშაა, თავისთავად, უკიდურესია“.
„ჩვენი ჯარი თავის საქმეს აკეთებს. ისინი ამას (კონტროლის აღდგენას) მიაღწევენ. კონტროლი აღდგება“, - განაცხადა პესკოვმა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან კურსკის ოლქის დაკავება შესაძლოა მოლაპარაკებების დაწყების და ტერიტორიების გაცვლის წინაპირობა გახდეს. მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი იყო.
„არ მგონია, რომ კურსის გამო რუსეთმა უკრაინიდან ჯარები გამოიყვანოს, მაგრამ კურსკის მიმართულება აშკარად ახალი ფაქტორი გახდა რუსეთისთვის - თუ ამდენ ხანს საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთი მოლაპარაკებების შემთხვევაში ისაუბრებდა, რომ რუსეთის ჯარები დარჩნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ახლა მოლაპარაკებების შემთხვევაში რუსეთს მსჯელობა მოუწევს კურსკზეც - თუ რუსეთის ჯარები მოლაპარაკების შედეგად დარჩებიან უკრაინის ტერიტორიაზე დროებით, რატომ არ შეიძლება დროებითვე რუსეთის ტერიტორიაზე დარჩნენ უკრაინის სამხედრო ძალები?!
ეს სტრატეგიულად სწორი გათვლა იყო, რომ სავაჭრო გახდა ეს საკითხი და ტერიტორიების გაცვლამდე მივიდა საქმე, რაც გონივრული ნაბიჯია. ახლა მთავარია უკრაინელებმა შეინარჩუნონ კურკის ტერიტორია. მთავარი არ არის კურსკი, როგორც „აქილევსის ქუსლი“, რუსეთის ნებიესმიერი ტერიტორია იქნებოდა ასეთივე ფასის, მთავარია რუსეთის ტერიტორიაზეა უკრაინის ჯარები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თავად ელოდება, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება, რადგან ამ პროცესს ახლა უკრაინელი ჯარისკაცების მიერ კურსკის ოლქის დაკავება განაპირობებს.
„მოლაპარაკებების დადგომის რეალობა დიდი ხანია დადგა: ამ წელს აღარ უნდა გასცდეს. ამერიკის არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ რაღაც უნდა გამოიკვეთოს მკაფიოდ. ახლა სიახლე არის კურსკის ტერიტორიის აღება, ამის ფონზე, არ არის გამორიცხული, ხვალვე დაიწყოს მოლაპარაკებები - ამის რეალობა არსებობს, თუმცა, ფაქტია, რუსეთი პირობებს აყენებს, ამბობს, რომ უკრაინამ ჯარები უნდა გაიყვანოს.
იმ ვითარების ფონზე, რაც დღეს არსებობს, არ არის გამორიცხული შუამავლები ჩაერთონ საქმეში, მაგალითად ჩინეთი, თურქეთი, ეგვიპტე - შეიძლება მათ ვერ აიძულონ რამე, მაგრამ დააინტერესონ რუსეთი რამით, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. რუსეთს შესაძლოა ისევე არ უღირდეს მოლაპარაკებების დაწყება, როგორც უკრაინას, მაგრამ უკრაინამ გარკვეული უპირატესობა მოიპოვა ახლა კურსკის გამო, რუსეთი შეიძლება დააჯერო რაღაც მიმართულებით - ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა: ან დატოვოს უკრაინელები კურსკში და თვითონ დარჩეს უკრაინაში, ან უკან გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან და ამ შემთხვევაში, უკრაინას არაფერში სჭირდება კურსკის ოქლი და დიდი სიამოვნებით გამოვლენ, ოღონდ რუსებმა უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანონ ჯარები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.