პატრიარქის ინიციტივა და მინისტრის სტატისტიკა

პატრიარქის ინიციტივა და მინისტრის სტატისტიკა

საპატრიარქოში მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სპეციალური ჯგუფი შეიქმნა და პირველი შეხვედარც უკვე შედგა. ზუსტად ამ დროს კი მთავრობა ირწმუნება, რომ შარშან 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება.

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. ილია მეორემ უცხოეთში სხვადასხვა დროს ვიზიტებისას ნანახი საწარმოების შესახებ ისაუბრა, რომელთა მფლობელებმაც ბიზნესის განვითარება მცირე თანხებით დაიწყეს. ეს იყო რძის, მეფრინველეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მწარმოებელი საწარმოები. უწმინდესმა მაგალითების მოყვანის შემდეგ აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოების გაკეთება საქართველოშიც შეიძლება და მოსახლეობა სიღარიბესა და უმუშევრობას არ უნდა შეურიგდეს.

„მინდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე, სულიერ და მატერიალურ მომავალზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ „წავალ უცხოეთში, იქ ვიმუშავებ, აქ სამუშაო ადგილები არ არის“. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ შეჩვეული ვართ უსაქმურობას, ადამიანი ეჩვევა უსაქმურობას, სიღარიბესაც.

აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ვიყავით და იქ მოსავალი მოდის - ერთი ხე არის, როგორც კარტოფილი მიწაში, ისე ისხამს ნაყოფს. იმას აგროვებენ და მთელი წელიწადი შემდეგ არაფერს აკეთებენ. აი, მათ მსგავსად ჩვენც არაფერს ვაკეთებთ. ბრძენმა ხალხმა იცოდა, დედაჩემი სულ გვაფრთხილებდა ბავშვებს, არ შეეჩვიოთ სიღარიბესო“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა და დასძინა, რომ სიღარიბემ შეჩვევა იცის.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირში შიმშილი იყო, რუსეთიდან ჩამოდიოდა მშიერი ხალხი. ბევრ ქართულ ოჯახს კი საჭმელ-სასმელი ჰქონდა. „მახსოვს, ჩვენ ოჯახს ჰქონდა ძალიან ბევრი კარტოფილი, ღორის სალა, მწნილი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, არაფერი არ უჭირდა ოჯახს. თუ ადამიანი გონივრულად ხელმძღვანელობს ოჯახს, არაფერი არ უჭირს“, - ამბობს პატრიარქი.

შეხვედრის მონაწილეებს პატრიარქმა მიმართა, ჰქონდა თუ არა რომელიმე მათგანს საკუთარი მცირე ბიზნესი და რამე გამოცდილება ამ მხრივ. რამდენიმე გამომსვლელმა სოფლებში მიწის ნაკვეთის დამტკიცების, ასევე ბანკებიდან 10 000 ლარამდე სესხების მიღებისა და გადამამუშავებელი საწარმოების შესაქმნელად პრობლემების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ბაზარი უცხოური დაკონსერვებული და სხვა სახის პროდუქციით გაჯერებულია, რაც ადგილობრივი პროდუქციის გასაღებას აფერხებს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მსგავსი ტიპის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება და მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილ ბიზნესმენებს შეხვდნენ, რათა გაარკვიონ თუ როგორ დაიწყეს მათ საკუთარი ბიზნესის წარმოება.

„თქვენ უნდა შვათ ახალი იდეები. მე გუშინ ქადაგებისას ვთქვი, ვილოცოთ, ვიფიქროთ, ვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ, პირველი არის ლოცვა, მერე - ფიქრია, ფიქრისგან ახალი იდები იბადება, შემდეგ არის შრომა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აღნიშნავს, რომ გამართული შეხვედრა მოთელვითი იყო, სულ მალე გადაწყდება როგორ და რა ფორმატით გაგრძელდება მსგავსი ტიპის შეხვედრები. მისი აზრით, საპატრიარქო კონკრეტულ შედეგებამდე ვერანაირად ვერ მივა, თუ ხელისუფლება და ბიზნესი ერთად არ დადგა.

სანამ საპატრიარქო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივით გამოდის, ხელისუფლება უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, 2013 წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით, დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება. შესაბამისად, პროგნოზები უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა“, - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანებს არ უნდა ასაქმებდეს, თუმცა ის, რომ ბიუჯეტში სახსრები იქნება მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე ბანკებისთვის გათვალისწინებული 200 მილიონი, ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას.