„ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება მძიმე შედეგის მომტანია, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, ურთიერთობას გაუფრთხილდე და მთავარი ღირებულებებისგან გადაუხვიო“

„ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება მძიმე შედეგის მომტანია, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, ურთიერთობას გაუფრთხილდე და მთავარი ღირებულებებისგან გადაუხვიო“

რა შეიცვლება ამერიკაში ირაკლი კობახიძის ვიზიტის შემდეგ და გამართლდება თუ არა პრემიერის მოლოდინი საქართველო- ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ?!

პრემიერი აანონსებს, რომ 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე გამოსვლისას ყველა თემას შეეხება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობასთან, ეროვნულ ინტერესებთან, პრიორიტეტებთან და ამისთვის სწორედ გაეროს პლატფორმას გამოიყენებს.

ამერიკაში პრემიერის ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია მძიმე სცენარს ხატავს, თითქოს ამერიკა კობახიძის მთავრობასთან კომუნიკაციას წყვეტს და ივანიშვილს უკვე აცნობეს ამის შესახებ. თუ ეს ასეა, მაშინ კითხვა ჩნდება, რატომ გაემგზავრა კომუნიკაციაშეწყვეტილი ირაკლი კობახიძე ამერიკაში და რატომ წარდგა გაეროს ტრიბუნაზე?!

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია და პრობლემები მოკლე პერიოდში ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება.

უკვე ცნობილია, რომ კობახიძე ამერიკელებს საქართველოში მიღწეულ პროგრესს გააცნობს.

თუ რა შედეგით დაბრუნდება ირაკლი კობახიძე, ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ მთავარი ის არის, რომ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ნიუ-იორკში უწინარესად უკავშირდება მის მონაწილეობას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომასა და კიდევ რამდენიმე სამიტ. შესაძლოა იყოს გარკვეული შეხვედრები დასავლეთის ტოპ ლიდერებთან, მაგრამ მთავარია, ირაკლი კობახიძემ წარადგინოს, რა ხდება საქართველოში, რა პროგრესია მიღწეული, რა გამოწვევები აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობიანად ქვეყნის გაერთიანების თვალსაზრისით.

ის ინსინუაციები, რასაც ოპოზიცია ავრცელებს, არადამაჯერებელია. რაც შეეხება ამერიკელთა დამოკიდებულებას, ჩვენ გვესმის მათი პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, რომ 25 სექტემბერს, როდესაც საქართველოს პრემიერი იქნება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პარალელურად სენატში დაიწყება საქართველოზე ე.წ. ქართველი ხალხის აქტის განხილვა, სადაც, დიდი ალბათობით, წარდგებიან კოლექტიური ლორა თორნტონები, თუ ეკა გიგაურები, სახელს და გვარს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ცხადია, არ იქნება ქართველი ხალხის ინტერესში მათი გამოსვლები, იქნება მორიგი მუქარა, შანტაჟი, სანქციების შემოღება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე. რა დააშავეს ოჯახის წევრებმა, თუკი სამართლიანად ასანქცირებენ ამ ადამიანებს?! აქ ერთი მთავარი მომენტია, ეს არის უაპელაციო სანქციები, რომლის გასაჩივრების უფლება საქართველოს არ ექნება, რაც ძალიან უსამართლოა. თუმცაღა, დასავლელ აქტორებს ავიწყდებათ, რომ ასეთი უსინდისო დამუნათება ქვეყნის ხელისუფლების, რომელიც არჩეულია სამი ვადით ქართველი ერის მიერ და, უდიდესი ალბათობით, მეოთხე ვადითაც უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, შეურაცხმყოფელია ერისა და ბერისთვის საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ელექტორატს ძალიან უსინდისოდ და უარგუმენტოდ ულანძღავენ საკუთარ ხელისუფლებას, - აღნიშნა გია აბაშიძემ for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, კიდევ უფრო აბსურდულია, რომ როდესაც ამხელა გლობალური გამოწვევებია საგარეო პოლიტიკის კუთხით ამერიკისთვის, ნატოსთვის, ამ დროს იცლიან პატარა საქართველოსთვის, რათა გარედან წარმართონ პოლიტიკურად წამგებიანი ნაცოპოზიციის ვითომ გამარჯვება. ეს ვერანაირად ვერ მოხდება, პირიქით, უკუპროპორციული იქნება და ქართველ ხალხში სუვერენიტეტისა და ღირსების შეურაცხყოფად აღიქმება.

სწორად თქვა მეუფე იაკობმა და სხვა მაღალი იერარქებიც აღნიშნავენ, რომ შეუძლებელია, სუვერენულ, თავისუფალ საქართველოზე ასე უსინდისოდ გაილაშქრონ და ამას არ ჰქონდეს უკურეაქცია ქართველი ერისგან. ძალიან ცდებიან აგენტოკრატიის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დაასანქცირებენ ივანიშვილს. ისედაც დასანქცირებული არ არის შვეიცარული თაღლითი ბანკის მიერ, როდესაც გაუყინეს ორი მილიარდი?! ეს ხომ სანქციაა, როცა კუთვნილი თანხები რაღაც თაღლითური სქემებით არ დაუბრუნეს ივანიშვილს“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკაში ეს არის საქართველოს მთავრობის მცდელობა, ამერიკასთან ურთიერთობები მოწესრიგდეს, დალაგდეს, გადაიტვირთოს, ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე მისი საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სურვილი, მაგრამ ეს ფორმალურად უკავშირდება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ოფიციალური პოზიცია განაცხადა. ამის შემდეგ, ალბათ, შეხვდება აშშ-ის პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებსაც, მას ბევრი კერძო შეხვედრა ექნება, ასევე, ორმხრივი ოფიციალური შეხვედრები, მიიტანს ამერიკელებამდე საქართველოს პოზიციას, რომ არავითარი აზრი არ აქვს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას, რევოლუციების მცდელობას და რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლას. კობახიძე ხაზგასმით იტყვის, რომ საქართველოს პოზიცია არის მტკიცე, მყარი და უკან დახევას ეს ხელისუფლება არ აპირებს.

რა შეიცვლება ამ ვიზიტის შემდეგ, ამას დავინახავთ უახლოეს მომავალში. თუ შეერთებული შტატები განაგრძობს იმავე პოზიციის შენარჩუნებას, მაშინ ეს მით უარესი ჩვენი ურთიერთობისა და სამომავლო პერსპექტივისთვის. როგორც ჩანს, არც ისე იოლია ამერიკელებთან ლაპარაკი. ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება, რასაკვირველია, ძალიან მძიმე შედეგის მომტანია საქართველოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, ამერიკასთან ურთიერთობას გაუფრთხილე და მთავარი ღირებულებებისგან გადაუხვიო, რასაც ჩვენი პრეზიდენტი აკეთებს,- აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

 

ლაზი საეჭვოა ამ ვიზიტის დროს კობახიძემ რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართოს გადაწყვეტილების მიმღებ ისტებლიშმენტთან. მათ ახლა კბილები და ბრჭყალები აქვთ დალესილი საქართველოს მთავრობის მოსაშთობად. ეტყობა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს მსოფლიო პოლიტიკურ თამაშებში, ამიტომ აქ ცალ ფეხზე მდგომი, მონურად თავზახრილი, მარიონეტი მთავრობაა საჭირო. მარტო აზერბაიჯანში, თურქეთიში და ირანში, გამჭვირვალობის კანონი რომ ფინანსური შიმშილით ემუქრება არასამთავრობო სექტორს, ის ღირს პრობლემად.
რატომ არის აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი, ორი წლის წინ დასრულებული კოვიდის პანდემიის მიზეზით დაკეტილი, ამაზე ვინმე ლაპარაკობს? აზერბაიჯანის გაზი სჭირდებათ, ზამთარია კარს მომდგარი, ხმას ვერ იღებენ. ამ ზამთარს კი მომდევნო მოყვება.
ერდოგანის გამოსვლას თუ მოუსმინეთ დღეს გაეროში, რამე კითხვის ნიშანი დარჩა? ნატოს წევრია, თან დიდი სახელმწიფოა, და ვითომ არც არაფერი უთქვამს, დასავლეთის ფერად წესებთან შეუსაბამო, ისე მოიყრუებენ თავს.
არაფერი გასაკვირი არ ხდება, ასეთ დანის პირზე დადიოდა სულ საქართველო და ჭკუით ახერხებდა ბალანსირებას. ღმერთია მოწყალე.
1 თვის უკან