მთავარი პროკურორის შემდეგ, ყოფილი მმართველის გუნდის სამიზნე სოზარ სუბარი გახდა. უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის მტკიცებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკნიდან გამოყვანას ასახავდა და, რომელიც გამოძიების მსვლელობის დროს აუცილებელი დოკუმენტი გახდებოდა, განადგურებულია. კადრების განადგურებაში მისი მტკიცებით მონაწილეობდა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი.
ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი, რომელიც საყვარელიძეს ურჩევს, რომ ინკოგნიტო ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მიაწოდა, პროკურატურას წარუდგინოს და მისცეს ჩვენება.
რა კავშირი აქვს მინისტრს კადრების განადგურებასთან და რა დგას ყოველივე ამის უკან, for.ge-ს კითხვებს სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სურაბი პასუხობს.
დავით საყვარელიძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები წაშლილია და მის განადგურებაში თქვენ მონაწილეობდით. საინტერესოა, რა ინფორმაციის საფუძველზე დაგდობთ ბრალი საყვარელიძემ კადრების წაშლაში?
სოზარ სუბარი: წაშლილია თუ არა, ან ზოგადად რამდენ ხანში იშლება კადრები, ამაზე პასუხს გასცემს მოკვლევა და მე ამ საქმეში არ ვერევი. იცით, რომ მოკვლევა დაწყებულია და შესაბამისი შედეგებიც დაიდება. მარტო ამ კარდებზე არაა საუბარი, ამოღებულია ძალიან ბევრი კადრები და ძალიან ბევრი ადამიანია დაკითხული. ამ კადრების კვალი გამქრალიც, რომ იყოს და საერთოდ არ ყოფილიყო იმ დღეს ჩაწერა, თუ ფაქტი მოხდა, მილიონი სხვა მტკიცებულება არსებობს რომლითაც დადასტურდება, რომ ეს სიმართლეა. ასევე, მილიონი სხვა ფაქტი არსებობს იმისა, რომ ეს იყო სიყალბე. ასე, რომ ამაზე არ ღირს გაჩერება.
ეს არის საყვარელიძის ბოდვა, რომ ვიღაცა ინკოგნიტო ადამაინმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მე პირადად ვშლიდი ამ კადრებს. როცა ადამიანი ამბობს ასეთ რამეს და მითუმეტეს ყოფილი პროკურორი, მოვალეა, რომ მიმართოს პროკურატურას, დაუსახელოს ეს თავისი ინკოგნიტო მოწმის ვინაობა, წარუდგინოს გამოძიებას და მოითხოვოს ამ საქმის გამოძიება. ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ პროკურორმა ეს არ იცის, მაშინ ტყუილად უტარებია ეს სახელი დიდი ხნის განმავლობაში.
ამ კადრებთან მინისტრს რა შეხება შეიძლება ჰქონდეს, მითუმეტეს, რომ საქმეზე მიდის მოკვლევა?
- ორი უკიდურესობა იყო ჩამოყალიბებული ამ სისტემაში. ერთი უკიდურესობა იყო, როდესაც მინისტრს არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და პრაქტიკულად, ყველაფრი წყდებოდა დეპარტამენტის მიერ. დეპარტამენტი იყო დახურული სისტემა სამინისტროსთვის და ეს უკიდურესობა რომ არსებობდა, ამის ნათელი მაგალითია, ბოლო სამი წლის განმავლობაში რა გაუკეთებია სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
არც ერთი ცემის, წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმე გამოძიებული არაა, არც ერთი ადამიანი გენერალური ინსპექციის მიერ გაშვებული არაა. მაშინ, როდესაც ერთი წლის განმავლობაში 250-მდე დისციპლინური სასჯელი აქვს გენერალურ ინსპექციას გამოცხადებული და აქედან რამდენიმე ათეული არის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. ნაწილი საქმე კი გადაგზავნილია პროკურატურაში. ეს ნიშნავს, რომ სამინისტრო მუშაობს და აკონტროლებს ვითარებას.
მაგრამ ერთია კონტროლი და მეორეა ფუნქციების გადანაწილება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, თავისი ბიუჯეტით ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სამინისტროსგან და ძალიან ბევრი ფუნქცია, კანონის მიხედვით, არის დელეგირებული. ბევრი რაღაცა რეგულირდება პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომელზეც მინისტრს არ შეუძლია მისი შეცვლა. პრეზიდენტის ბრძნებულება მოქმედებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე, ეს არის საქვეუწყებო დაწესებულება.
სად დგას ჩამწერი, ვიდეო, რომელი საკანი უნდა გადაიღონ, რომელი არა, რა რეჟიმით ხდება ჩაწერა, ეს ყველაფერი არაა სამინისტროს პრეროგატივა. თუ სადმე გამოვლინდა კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში, სამინისტროს შეუძლია დაიწყოს მოკვლევა გენინსპექციის დონეზე და თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ასეთ შემთხვევაში, პროკურატურასთან შეთანხმებით, ან თვითონ უნდა დაიწყოს გამოძიება, ან გადასცეს შესაბამის უწყებას. ეს არის სამინისტროს ფუნქცია და არანაირი შეხება ჩვენ არ გვაქვს ამ თემასთან.
ყოფილი მართველი გუნდი ამბობს, რომ 2006 წლის კანომდებლობით მოკვლევა მტკიცებულებად არ ჩაითვლება და ისინი ითხოვენ პროკურატურის ჩართვას...
- როდესაც საყვარელიძე ამბობს, რომ მას ჰყავს ვიღაცა მოწმე, წესით, ის უნდა დაიკითხოს. მისცეს ჩვენება პროკურატურას და წარუდგინოს თვისი მოწმე, ამ გზით წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივად იქნება საქმე, თუ ასეთი მოწმე არ ჰყავს და ასეთ მოწმეს იგონებს, ესეც ისჯება. ასეთი მოწმე, რომ არ ჰყავს, მეც კარგად ვიცი, თქვენც კარგად იცით და ბუნებაში ვერც იარსებებს, რადგან, როცა ტყუილს ამბობს ადამიანი და იგონებს, არის ორი გზა, ან თვითონ გამოიგონა ეს ტყუილი, ან ვიღაცამ უთხრა ტყუილი.
რამდენადაც ცნობილია, ამოღებულია დააახლოებით 30-მდე ვიდეომასალა. ისინი ქალაქის მასშტაბით არის ამოღებული თუ მარტო ციხის პერიმეტრზეა საუბარი?
- ეს არის ქალაქში სხვადსხვა ადგილებიდან ამოღებული ვიდეო, რითაც შეიძლება დადასტურდეს ამ ფაქტის ან ნამდვილობა ან ტყუილი.
ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ახლა უკვე დადასტურებით შეუძლია თქვას, რომ ის დიმა დარბაისელის მანქანით გაიყვანეს და ამის დამადასტურებლად ის ფოტომასალის გამოქვეყნებასაც აანონსებს...
- თუ ჰქონდა ეს ფოტომასალა, რატომ არ გამოაქვეყნა? არასერიოზულია ეს ყველაფრი.
რას უკვაშირებთ ბოლო დროს სასჯელაღსრულების სისტემის და ზოგადად საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას?
- მთავარმა პროკურატურამ გამოქვეყნა კიდევ ერთი ბრალდება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. ეს საქმე ყველამ კარგად ვიცით, ყველას გვახსოვს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სამი ადამიანის მკვლეობა. ასეთი საქმეები, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი გამოვლიდება და ეს იყო ადგილი, ანუ ციხე, სადაც ყველაზე მეტი დანაშაული ხდებოდა. ახლა უნდათ, რომ რაღაცით გადაფარონ ის გამოძიებები, რომლებიც მიმდინარეობს იმ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ, რასაც ადამიანთა სისტემური წამება ჰქვია, რომელიც აყვანილი იყო პოლიტიკის რანგში. გასაგებია რაც უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ, ყველა საქმე იქნება ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული.