„მაკკეინის ინსტიტუტმა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO-ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი. როგორც „მაკკეინის ინსტიტუტის“ დემოკრატიის გლობალური პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა ტორნტონი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით ანგარიშში წერს, აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე გარკვეული ქმედებები უნდა განახორციელონ, რათა სიგნალი მისცენ „ქართული ოცნების“ მთავრობას, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მათ შორის უცხოური აგენტების კანონის იმპლემენტაციით.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ევროკავშირსა და აშშ-ს 7 ქმედების განხორციელება შეუძლიათ - მიზნობრივი სამგზავრო შეზღუდვები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებმაც ხმა მისცეს უცხოური აგენტების კანონს; აშშ-ის კონგრესმა წინ უნდა წაწიოს კანონმდებლობა „MEGOBARI აქტი“, რათა ანგარიშვალდებულება დააკისროს „ქართული ოცნების“ მთავრობას, რომელიც აგრძელებს ამომრჩევლებისთვის იმის თქმას, რომ მას აქვს აშშ-ის მხარდაჭერა და აშშ „ბლეფობს“; აშშ-ის მთავრობამ უნდა განიხილოს პერსონალური და ფინანსური სანქციები „ქართული ოცნების“ გარკვეული ლიდერების, მათ შორის ივანიშვილის წინააღმდეგ;
აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარების სააგენტოები უნდა დაეხმარონ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას უცხოური აგენტების კანონთან დაუმორჩილებლობაში, მათ შორის შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული მოსაკრებლების ხარჯების კომპენსირების ჩათვლით. საჭიროა ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა დამოუკიდებელი მედიისთვის, განსაკუთრებით რეგიონალური გამოცემებისთვის;
აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოხატონ ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობაზე, რომელიც შეფერხებული არაპარტიული დაკვირვებისა და ჩავარდნილი ელექტორალური რეფორმით ჩატარდა“, - ნათქვამია ლორა ტორნტონის ანგარიშში.
„მაკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში ადასტურებს, რომ აშშ არის მხარე, რომელიც ღიად ლობირებს რადიკალურ ოპოზიციას და იმ არასამთავრობოებს, რომლებიც არ დაემორჩილნენ კანონს და არ გაიარეს რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო - ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თავის დროზე, როცა განიხილებოდა ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაშინაც ეს ადამიანები, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის შესაბამისი NGO-ები აქტიურად ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ. ამის შემდეგ გახსოვთ ანალოგიური პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აქაც ეს NGO-ები, ისევე, როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი არ სცემდნენ პასუხს კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამ ნეგატიური კამპანიის ფონზე ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ახლაც არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი თვლის, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიში იყო „ჩაშვება“ ქართული „ენჯეოების“, რომლებიც ითხოვენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. როგორც სუბარმა აღნიშნა, ეს არის ქართველი ხალხის და სახელმწიფო ინტერესების პირდაპირი მტრობა.
„ეს არის პირდაპირი მტრობა ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ისევე როგორ თავის დროზე გიორგი კანდელაკი დარბოდა, რომ საქართველოს არ მიეღო ჯერ ასოცირების ხელშეკრულება და შემდეგ - უვიზო მიმოსვლა. ზუსტად ისე, როგორც დარბოდნენ ბოლო წლებში ქართველი ოპოზიციონერები, რომ საქართველოს არ გაეფორმებინა ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსზე ხელშეკრულება, ახლა ასე დარბიან ქართველი „ენჯეოშნიკები“, უცხოური აგენტურა „ენჯეოებში“ ჩანერგილი, და ითხოვენ, რომ საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა.
ზოგადად, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიში გამოირჩევა დაუფარავი მცდელობით, უხეშად ჩაერიონ საქართველოს არჩევნებში, არა მხოლოდ ჩაერიონ, არამედ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის არასასურველ შედეგს მიიღებენ, და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია არჩევნებს წააგებს, ამ შემთხვევაში როგორ მოახერხონ, რომ ეჭვი შეიტანონ არჩევნების ლეგიტიმურობაში, მოახდინონ დელეგიტიმაცია არჩევნების შედეგების, ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში და მიაღწიონ ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ვერანაირი სადამკვირვებლო მისია ვერ შეძლებს, დარღვევა აღმოაჩინოს არჩევნებში, რადგან მკაფიოდ არის გამოხატული ქართველი ხალხის ნება წინასაარჩევნო პროცესში, რაც გამოხატული იქნება არჩევნების დღესაც. აქედან გამომდინარე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კითხვით მიმართავს საქართველოს სამოქალაქო სექტორს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზე საუბარი მხოლოდ რამდენიმე NGO-ს მოთხოვნაა, თუ მთელი სამოქალაქო სექტორი იზიარებს მათ მოთხოვნას, რომ საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებით.
„გამოდით და დააფიქსირეთ პოზიცია! როგორც ჩანს, აღნიშნული NGO-ები ასე უხდიან სამაგიეროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ აიყოლიეს ხელისუფლების დამხობის რევოლუციურ სცენარში ისე, როგორც მათ და მათ პატრონებს სურდათ. მე მგონი უკვე ბოლო კითხვებიც ქრება იმასთან დაკავშირებით თუ სინამდვილეში ვინ და როგორ ერევა ჩვენს არჩევნებში და ცდილობს მათთვის სასურველი შედეგის მოდელირებას, სწორედ ამგვარი დამსჯელი მექანიზმებით. სხვა რაღა დარჩათ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ამერიკული ორგანიზაცია, მაკკეინის ინსტიტუტი მითითებას აძლევს ევროკავშირს, რომ დაასანქციოს საქართველო, რაც კარგი აღიარებაა.
„ენ დი აის“ ყოფილი დირექტრისა და აწ უკვე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი რომ ქართველთმოძულეა, არაა ახალი ამბავი. თურმე არჩევნების შედეგებსაც „გვიწყვეტს“. მისნაირებისთვის მხოლოდ „ნაცები“ არიან ე.წ. ადამიანები. ასეთები არ უნდა შემოუშვან საქართველოში“, - აცხადებს გია აბაშიძე.
ამას თუ ამ ხელისუფლებამ გაუძლო და უკან არ დაიხია, ესენი მართლა მაგრები და ნამდვილი პატრიოტები ყოფილან. ღმერთო დაიფარე საქართველო.