რა ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დაგეგმილი აშშ-ში, იმ ფონზე, როდესაც მის ვიზიტს ემთხვევა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 25 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა, სადაც ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავენ.
ანალიტკოსები პრემიერს ურჩევენ, რომ ეს ვიზიტი მაქსიმალურად გამოიყენოს იმისთვის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შეხვდეს. ისაუბროს მათთან ორ ქვეყანას შორის შექმნილ სიტუაციაზე და პოლიტიკის გადატვირთვისთვის მზადყოფნა დააფიქსიროს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პრემიერ კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციიდან შეხვედრაზე უარი უთხრეს. რა სახის მტკიცებულებები აქვს ამის ოპოზიციას არ აკონკრეტებენ. თუმცა ამტკიცებენ, რომ მათ ეს ინფორმაცია შიდა წყაროებიდან მიიღეს.
ირაკლი კობახიძე აშშ-ში 22 სექტემბერს გაემგზავრა. ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში იღებს მონაწილეობას. პრემიერი 25 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში, რომელიც კობახიძის შეხვედრების შესახებ ვრცელდება, ამერიკის მთავრობასთან ორმხრივ შეხვედრებზე არაფერია ნათქვამი. ერთადერთი ღონისძიება, რომელსაც კობახიძე დაესწრება, ამერიკის მხარის მონაწილეების ტრადიციული მიღებაა, სადაც გაეროში ჩასულ ყველა ლიდერს იწვევენ.
„მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიის მე-17 ნომერი, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ პრემიერს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს და გამოიყენებს ყველა ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული.
„საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მაგრამ ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყენებდა, დღესაც იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს ყველა ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული. დანარჩენს ცოტა მოგვიანებით ვიხილავთ.
პარალელურად, სენატში იმართება განხილვა. ესეც ძალიან კარგად მიუთითებს, ის დროც, რომელიც არის შერჩეული თითოეული ასეთი გადაწყვეტილებისთვის, თითოეული ასეთი აქტივობისთვის, ასეთი რეზოლუციისთვის, ასეთი კრიტიკული გადაწყვეტილებისთვის, რომ ერთი მხრივ, რაღაცნაირად გადაფარონ ის პოზიტიური დღის წესრიგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს მოსახლეობას და მეორე მხრივ, გამოიწვიონ საზოგადოებრივი მღელვარება, ამგვარად მოახდინონ გავლენა საარჩევნო გადაწყვეტილებებზე“, - აცხადებს ლევან მახაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებს პრემიერი იმისთვის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვდეს. მისი თქმით, ასეთი ვიზიტების დროს ხშირია, როცა შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მედიისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.
„წინასწარ რთულია იმაზე საუბარი ვის შეხვდება ან არ შეხვდება პრემიერი. როგორც წესი, ასეთი ვიზიტების დროს დახურულ კარს მიღმა, მედიისგან დამოუკიდებლად ხდება შეხვედრების ჩანიშვნა. დარწმუნებული ვარ, პრემიერი კობახიძე ნებისმიერ მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა იმ არნახულ შანტაჟზე და ტერორზე ისაუბროს, რომელიც ამერიკიდან მოდის. დარწმნებული ვარ, რომ რაღაცა ტიპის შეხვედრები იგეგმება და ხშირად ამაზე ღიად არ მიდის საუბარი. თუკი ასე არ მოხდა და კანონიერად არჩეულ პრემიერს არ შეხვდნენ ამერიკის მაღალჩინოსნები, ეს კიდევ ერთი დემარში იქნება, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობას გაართულებს. ამაში კი დამნაშავე კვლავ ამერიკის ადმინისტრაცია იქნება.
იმედს ვიტოვებ და ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსს, ჰყოფნის პრაგმატულად გადაწყვეტილებების მიღების უნარი და პრემიერ კობახიძესთან შეხვედრაზე უარს არ იტყვიან. თუკი ასეთი რამ მოხდა, მაშინ ესეც ღიად უნდა ითქვას, რათა ქართველმა ხალხმა გაიგოს, რეალურად ვინ ცდილობს ორი ქვეყნის დაზიანებას. იმ ფონზე, როცა ყველა მხრიდან მუქარის და სანქციების შანტაჟი ისმის, არ შეიძლება იქ მყოფ პრემიერს არ დაელპარაკო და მისი არგუმენტები არ მოისმინო. უშუალოდ პირველი პირისგან ხომ უნდა გაიგონ პოზიციები და ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რომელსაც ძალიან დამახინჯებული ფორმით იღებენ“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება ელჩის გამოწვევის საკითხს და დიპლომატიურ დემარშს, რომელმაც შესაძლოა უფრო მწვავე სახე მიიღოს, აბაშიძე იმედოვნებს, რომ სიტუაცია აქამდე არ მივა და კობახიძესთან შეხვედრები შედგება. აბაშიძის აზრით, დაუშვებელია სუვერენულ სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, მუდმივად აშანტაჟებდე და კოლონიზატორის ენით ესაუბრებოდე.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სიტუაცია ძალინ რთულია და არსებობდა მოლოდინი, რომ კულუარებში კობახიძე ამერიკის ხელმძღვანელობას შეხვედროდა. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს შანსებიც აღარ არის და არანაირი გამოხმაურება ამერიკის მხრიდან მზადყოფნაზე არ ჩანს.
„სამწუხაროდ, როცა კობახიძე პრემეირი გახდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა ამერიკაში ჩასულიყო, რაღაცა ურთიერთობის დარეგულირებაზე ესაუბრა. ბრიუსელის შემდეგ ის ვაშინგტონში უნდა ჩასულიყო, გარკვეული სანაცნობო წრის გაჩენა ეცადა და ვიღაცა უნდა ჰყლოდა მაღალჩინოსნებიდან, ვისთანაც კომუნიკაციას შეძლებდა. კობახიძემ, გვახსოვს, თავის დროზე უარი თქვა ამერიკაში ჩასვლაზე. ახლა ჩავიდა არა ამერიკაში, არამედ გაეროს ღონისძიებაზე. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამორიცხეს საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. ანუ სიტუაცია იმდენად ჩიხშია შესული, რომ მათ პრემიერთან კომუნიკაციის სურვილი არ აქვთ. შესაძლოა, პრემიერს ჰქონდა იმედი, რომ კულუარებში შეხვდებოდა ვინმეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არ ენდნენ. მერე სპეკულაციებს რომ არ ჰქონოდა ადგილი, რომ რაღაცა მორიგდა და კულუარებში ვითომ რამეზე ისაუბრეს, ამერიკის ადმინისტრაციამ ყველანაირ კონტაქტისგან თავი შორს დაიკავა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.