„ბიძინა ივანიშვილი კი არა, მიხეილ სააკაშვილიც რომ დაასანქცირონ, ამის წინააღმდეგი ვიქნები. ქართული პოლიტიკის გამო, რომ დაასანქცირონ ნებისმიერი მოქალაქე, ანალოგიური დამოკიდებულება მექნება, განსაკუთრებით, როდესაც ეს ხდება წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.
როგორც ცნობილია, აშშ-ს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით For.ge ამირან სალუქვაძეს გაესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, წავა ამ ნაბიჯზე აშშ და მოსალოდნელია თუ არა სანქციების ეს პაკეტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ამოქმედდეს?
- ეს სანქციები, რაც ცხადდება, არის ძალიან შეურაცხმყოფელი ნებისმიერი მოქალაქისთვის. ანალოგიური განწყობა მექნება ოპოზიციის ნებიესმიერი წარმომადგენელი რომ დაასანქცირონ. ერთადერთი, რაც მიღებული პრაქტიკაა, თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, იქ ვერაფერს იტყვი - ეს განწყობა უნდა ჰქონდეს ყველას, რომ მისი თანამოქალაქის უფლება დაცული იყოს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. მთელი კამპანიაა, რომ ივანიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მისი ოჯახის წევრები დაასანქცირონ - სრული იმედგაცრუება.
როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება აშშ-ს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება?
- მესმის, ხელისუფლების შეცვლა უნდათ, მაგრამ რატომ უნდათ? მაშინ ჩვენ რატომ მივდივართ არჩევნებზე?! ხელისუფლებების შეცვლაში არაა საქმე, არჩევნებს ვატარებთ და, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ტყუილად მივდივართ არჩევნებზე, თუ „ქართული ოცნება“ მოიგებს, არჩევნებს არ ცნობენ. წინასწარ ქმნიან ისეთ განწყობებს, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება მაშინ, თუ ხელისუფლება წააგებს.
რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა?
- ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ წავიდეს ერთი ხელისუფლება და მოვიდეს მეორე - „ქართული ოცნება“ ვერ იქნება 200 წელი ხელისუფლებაში. „ქართული ოცნება“ უნდა შეცვალოს მასზე უკეთესმა - ეს არის მთელი ხიბლი ხელისუფლებების ცვლილების და არა ის, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც 8-9 არჩევნები წააგეს და საზოგადოებაში მათ მიმართ პრეტენზიები არსებობს მათივე მმართველობის გამო, სწორედ ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება - ესაა პრობლემა. რამდენიმე პარტიას შეყრიან ახლა ერთ სიაში, რომ როგორმე ბარიერს გადაახტნენ.
საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობებში წინააღმდეგობები არ აქვს, გააჩნია საკუთარი ინტერესები: ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა.
რას ფიქრობთ გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე? მსგავსი ტიპის კოალიცია თითქოსდა განიხილებოდა, როგორც მესამე, ალტერნატიული ძალა. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?
- ჩანასახშივე არ იყო ეს მესამე ძალა. რეიტინგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ არის პირველი ძალა ქვეყანაში, მეორე - „ნაციონალური მოძრაობა“. როგორ შეიძლება „ლელოში“ გაერთიანებულ სუბიექტებს უწოდო „არანაცები“?!
გახარიას პარტიაში და „ლელოში“ შესული სუბიექტების გაერთიანება ზუსტად იგივეა, რაც გვარამია, „გირჩი“-ჯაფარიძე და მელია - იგივე მიზნებისთვის და ღირებულებებისთვის, უბრალოდ, სახელები აქვთ სხვადასხვა. რამდენ ჯგუფადაც არ უნდა ჩამოყალიბდნენ, მათ შორის სხვაობა არ არის.
ხშირად არის საუბარი, რომ დასავლეთი საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ემზადება. როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლების შედეგებს შორის დიდი სხვაობა არ იქნება, ეს შესაძლოა რევოლუციის საფუძველი გახდეს. თქვენ პირადად რას ელოდებით 27 ოქტომბერს?
- საზოგადოებას მაქსიმალურად უბიძგებენ, რომ „ოცნებას“ მისცენ ხმა და გაცილებით მეტი სხვაობა დააფიქსირონ. ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და ამის განწყობები გარედან არ უნდა შეგვიქმნან. სხვა ქვეყნებში როგორ ხდება?! ერთი ხმით რომ გაიმარჯვოს ვინმემ, არ არის გამარჯვება?! ყველა ხმა იქნება დათვლილი და დაცული, ვერავინ ვერაფერს გააყალბებს, თანაც არავის სურს გაყალბებული არჩევნები. გვთვლიან ბანანის სახელმწიფოდ, რომ გარედან თითი უნდა გვიქნიონ. ქვეყანაში რევოლუციის განწყობა არ არის, ამ შემთხვევაში „ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში.