„ამერიკის ხმა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. აქვე აღნიშნულია, რომ სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინა და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა“, - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი.
დროს, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აზუსტებენ, ეს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება, თუ მის მერე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო სანქციების ქვეშ უკვე არის. აღსანიშნავია, რომ 14 მაისს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის და ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად ინფორმირებულია, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა.
უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ სანქციების გამოყენებით ყველაფერს ფასი დააკარგვინეს. შესაბამისად, დეპუტატის განცხადებით, ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ან სანქციის მუქარით, ან მისი აღსრულებით ვინმეს შეაშინებენ.
„თუ შენ ხარ საქართველოს პოლიტიკოსი და არა უსამშობლო პოლიტიკოსი, შენ მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მათ შორის, არა მხოლოდ ფინანსური სანქციების გადასატანად, თუ საჭირო იქნება სიცოცხლის დასათმობადაც მზად უნდა იყო. თუ ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ საქართველოს პოლიტიკაში არაფერი გესაქმება. გარე ძალები ცდილობენ საქართველო მუდმივად ამყოფონ კონტროლქვეშ ისე, რომ საქართველოს არ გააჩნდეს თავისი ნება გადაწყვეტილებების მიღების დროს. ქართველი ამომრჩეველი ძალიან გამოცდილია და ზემოთ ხსენებული მანიპულაციებით მათ შეცდომაში ვერ შეიყვანენ რაღაცა სანქციებით, ან მუქარებით, ან ამ მუქარების აღსრულებითაც კი“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა, ივანიშვილის სანქცირება არის საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა, რომელიც საქართველოს აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქცევს. აქედან გამომდინარე ვაშაძე ასახელებს გამარჯვების ფორმულას - ერთიანობა, - რადგან არ წავიდეთ სიღატაკისკენ, იზოლაციისკენ, რადგან, მისი თქმით, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები.
„ჩვენ გუშინ მივიღეთ ორი უმძიმესი ინფორმაცია. ერთი მხრივ, საუბარია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე და, ამასთან ერთად, დაფინანსების შეწყვეტაზე. მეორე მიმართულება არის სანქციები. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის მხოლოდ მისი სანქციები, ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა. ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოაქცევს იზოლაციაში და უმძიმეს ვითარებაში ჩავვარდებით აბსოლუტურად ყველა.
წარმოიდგინეთ, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენით, ივანიშვილის სანქცირებით, საქართველო კარგავს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან, მილიარდობით დაფინანსებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპული და ამერიკული ინსტიტუტებიდან, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და დანგრევას. ხელისუფლებაში გვყავს ადამიანი, რომელიც მხილებულია რუსეთთან თანამშრომლობაში. პირდაპირ ვამბობ, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები ყველა ამ ფაქტის. ამიტომ, ვფიქრობ, 26 ოქტომბერი გადამწყვეტია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ბოლო დღეებში გახშირდა საუბრები და ინფო-შემოგდებები კოლექტიური დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებაზე. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მას შემდეგ, რაც დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს, რომელსაც ისედაც შეჩერებული აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე, ეს იქნება სიგნალი სხვა მდიდარი ადამიანებისადმი, რომ ათჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში საკუთარ აქტივებს განათავსებენ.
„ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოსდაბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები! ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები და მათ შესაბამისად იმოქმედოს. უთხრა ვისაც საჭიროა იმას, ივანიშვილმა ამ დღეებში, რომ არანაირი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ საქართველოს ომში არ ჩააბამს. უფრო მეტიც, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის ისედაც დიდ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებაში. ამით ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი (ავადმყოფ ნაწილს არაფერი ეშველება) კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს აშშ-ს და ევროკავშირის უპრეცედენტო და უხეშ ჩარევას 26 ოქტომბრის არჩევნებში, აქედან გამომდინარე შედეგებით“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ.
„კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნება“ ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ. ე.წ. სანქციებით ვის აშინებენ, იმ გულანთებულ მამულიშვილს, რომელმაც საქართველო არ დათმო გასაჯიჯგნად? ბიძინა ივანიშვილი ისედაც დასანქცირებულია შვეიცარიის უზნეო ბანკის მიერ და ამით რა შედეგი სადამსჯელო ორკებს? მერმე და მერმე გავიმეორებ - ამ ქვეყანას ვერავინ, ვერასდროს დაამონებს, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა რომ ახლოსაა, მაგიტომაც გაგიჟდნენ არარაობები“, - აცხადებს გია აბაშიძე.