ავტორიტარული რეჟიმები მედიის კონტროლის სტრატეგიას ხვეწენ

ავტორიტარული რეჟიმები მედიის კონტროლის სტრატეგიას ხვეწენ

2013 წლის 9 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ყველას გასაკვირად, ხელი მოაწერა განკარგულებას გავლენიანი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ დახურვის შესახებ. „რიას“ ნაცვლად ახალი საინფორმაციო სამსახური შეიქმნება, რომელსაც უხელმძღვანელებენ ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, უცხოური პროპაგანდის სტრუქტურები და ოდიოზური ტელეწამყვანი დიმიტრი კისილიოვი. 

კრემლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის მიზანი „უცხოეთში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი ცხოვრების გაშუქებაა“. მაგრამ, მსგავსი რეორგანიზაცია გავს კრემლის მორიგ მცდელობას აღადგინოს კონტროლი რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. „რია ნოვოსტიმ“ უკვე დიდი ხანია რაც ისეთი სააგენტოს რეპუტაცია მოიპოვა, რომელიც სულ უფრო მიისწრაფვის მოვლენების დამოუკიდებელი და ანალიტიკური გაშუქებისაკენ. პუტინის მოთმინების ფიალა აივსო. 

პუტინის რუსეთი - ერთ-ერთია იმ ავტორიტარულ რეჟიმებს შორის, რომელთა რიცხვიც იზრდება. ბოლო დროს მათ ეფექტურად დახვეწეს მედიის კონტროლის სტრატეგიები. 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის და სოციალური ქსელების პოპულარობა გამალებული ტემპით იზრდება, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ვიეტნამის, ირანის, ზიმბაბვეს და სხვა ქვეყნების მთავრობები პოულობენ გზებს იმისთვის, რომ სახელმწიფო საინფორმაციო რესურსები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენონ. ისინი საკუთარ მიზნებს აღწევენ შერჩევითი ცენზურისა და სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების ინსტრუმენტად გამოყენების გზით ძირითად აუდიტორიაზე გავლენის მოსახდენად. 

კუბას, ჩრდილოეთ კორეას და თურქმენეთს თუ არ ჩავთვლით, თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების უმრავლესობა არ ცდილობს მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალების ტოტალურ კონტროლს. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ „მედიაზე ეფექტური კონტროლი“ მოპოვონ, რაც მათ საკუთარი გავლენის უზრუნველყოფის, საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმურობის განმტკიცების და იმავდროულად პოტენციური კონკურენტების ყველა ძალისხმევის განულების საშუალებას მისცემს. სახელმწიფოს ასეთი გაბატონებული გავლენის პირობებში რეჟიმებს შეუძლიათ თავს მოახვიონ აუდიტორიას მოვლენების პროსამთავრობო ინტერპრეტაცია და გამოიყენონ რედაქტირების ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხელისუფლების საქმიანობისა და პოლიტიკის მიმართ კრიტიკის მასშტაბები შეზღუდონ. 

შერჩევთი ცენზურის მნიშვნელობა ის არის, რომ ოცნება ეკონომიკურ მოდერნიზაციაზე არათავსებადია საყოველთაო რეპრესიებთან და მისგან გამომდინარე საინფორმაციო ნაკადის შეზღუდვასთან. არცერთი ჭკვიანი დესპოტი არ მოისურვებს კიდევ ერთი ჩრდილოეთ კორეის სათავეში ყოფნას. 

როგორ ახერხებენ გადარჩენას სახელმწიფო საინფორმაციო სისტემები (ტელევიზიები, გაზეთები, რადიო და მასობრივი ინფორმაციის ახალი საშუალებები, რომელთაგან ყველა დაცულია პოლიციის და სასამართლოს მიერ) ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების გამალებული პროგრესის ეპოქაში?

ამ შეკითხვაზე პასუხის მივიღებთ, თუკი ყურადღებას მივაპყრობთ ოთხ საკვანძო აუდიტორიას, რომელზეც ჩვეულებრივ ცდილობენ ხოლმე გავლენის მოხდენას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები. 

პირველი აუდიტორია - რეჟიმის ელიტა. ავტორიტარულ მთავრობებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა ჰყავდეთ საკუთარი ელიტები, რადგან ნებისმიერმა განხეთქილებამ ამ ჯგუფის შიგნით შეიძლება რეჟიმი დაანგრიოს. ამიტომ, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პრესის მისია ის არის, რომ ხელისუფლების ამ საყრდენის ცნობიერებაში მოქმედი მმართველის ურყევობის შესახებ მითი განამტკიცოს. პრესა მკაფიო გზავნილებს უგზავნის მმართველი კოალიციის წევრებს, რომ დეზერტირები სასტიკად დაისჯებიან, მათ შორის შავი პიარის მეთოდებითაც. მაგალითად, ჩინეთში, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა მედიაზე თავის გავლენას იმისთვის იყენებს, რომ საკუთარი პოზიციები განამტკიცოს პარტიის რიგით წევრებში, სახელმწიფოს ბიუროკრატიულ აპარატში, შეიარაღებულ ძალებში და პროპარტიულ ბიზნეს საზოგადოებაში. პუტინი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიას იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება აჩვენოს შეიარაღებული ძალების, პოლიციის და უშიშროების სამსახურის ძალოვნებს, რომლებიც რუსეთში მისი ძალაუფლების მთავარი გარანტია. 

მეორე საკვანძო აუდიტორია - მოსახლეობაა. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პრესა მუშაობს იმაზე, რომ მასობრივი მაყურებელი პატივს სცემდეს და ეშინოდეს მოქმედი რეჟიმის, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ადამიანებში აპათიის და პასიურობის დანერგვას. საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, ავტორიტარულ რეჟიმს აუცილებლად სჭირდება ის, რომ ადამიანთა დიდი მასები პოლიტიკას მაქსიმალურად დააშოროს. სახელმწიფო მედია საშუალებები კი მთავარი ინსტრუმენტია ამ მიზნის მისაღწევად ისეთ საზოგადოებებში, სადაც მოსახლეობის ¾ ინფორმაციას ტელევიზიით იღებს. 

მესამე ჯგუფი - პოლიტიკური ოპოზიცია და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებაა. დემოკრატიულ სახელმწიფოებში დამოუკიდებელი პრესა პოლიტიკის სასიცოცხლო ძალაა. ავტორიტარული რეჟიმების პირობებში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია მიისწრაფვის საზოგადოებრივი აქტივისტების სრული იზოლაციისაკენ, რათა არ მისცეს მათ ორგანიზაციების შექმნის ან მასების მობილიზების საშუალება. ამ მიზნით სახელმწიფო პრესა საზოგადოების თვალში პოლიტიკური ალტერნატივის ნებისმიერი გამოვლენის დისკრედიტებას ცდილობს. სახელმწიფო მედიის თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას ლეგიტიმურობას აცლის, უხსნის რა გზას შემდგომ რეპრესიულ ზომებს, იმავდროულად აბრალებს ოპოზიციონერებს ქაოსის დანერგვისკენ მისწრაფებას - ასეთი ბრალდება, როგორც წესი, ძალიან რეზონანსულია ისეთ საზოგადოებებში, რომელსაც პოლიტიკური არასტაბილურობის მდიდარი ისტორია აქვს. 

მესამე აუდიტორია - რიგითი ინტერნეტ-მომხმარებლები. ქსელის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ავტორიტარული რეჟიმები მიხვდნენ, რომ ინტერნეტის კონტროლი აუცილებელია. მიუხედავად ამისა, მედიაში პოლიტიკური კონტენტის მართვა და მსგავსი ინფორმაციის ქსელში კონტროლი, ერთი და იგივე არ არის. ამ მიზნის მისაღწევად ავტორიტარული რეჟიმები თავიანთი განზრახვების სერიოზულობას და ინოვაციურობას ავლენენ. ჩინეთის მთავრობამ ცენზურის ინსტრუმენტები დახვეწა, შეზღუდა რა ონლაინ-კონტენტი, რომელსაც სოციალური მობილიზება შეუძლია. სექტემბრიდან, ჩინეთის ხელისუფლებამ სასტიკი თავდასხმები დაიწყო არაფორმალური ლიდერების ბლოგებზე. წყლის ასამღვრევად, აზერბაიჯანის პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია აქტიურობს ქსელში ოპოზიციის დისკრედიტებისათვის. როგორც ტრადიციულ მედიაში, ინტერნეტშიც, შეზღუდვები მიმართულია არა იმისკენ, რომ სრულად დაიბლოკოს ინფორმაცია, არამედ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ახალმა ამბებმა ან ინფორმაციამ დელიკატურ თემებზე რეგულარულად ვერ მიაღწიოს საკვანძო აუდიტორიამდე. 

ავტორიტარმა მმართველებმა იციან, რომ გადარჩენისათვის მათ კონტროლირებადი მედია სჭირდებათ. თუკი ერთხელ მაინც დააწესებ სასტიკ კონტროლს პრესაზე, მისი შესუსტება აღარ შეიძლება, რადგან ეს არსებულ რეჟიმს საფრთხეს შეუქმნის. საბჭოთა კავშირის ბოლო მეთაური მიხეილ გორბაჩოვი დარწმუნდა ამაში „გლასნოსტის“ პოლიტიკის მაგალითზე. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს პოლიტიკა საბჭოთა სისტემას გადაარჩენდა, სინამდვილეში კი მან ის მოკლა. 

ავტორიტარი მმართველები შეგნებულად ართმევენ ასობით მილიონ ადამიანს იმის უფლებას, რომ ხელი მიუწვდებოდეთ ჭეშმარიტად პლურალისტულად და დამოუკიდებელად გაშუქებულ და გაანალიზებულ მოვლენებზე. განსაკუთრებულმა ინტერესმა ბოლო წლებში ახალი მედიის გაჩენის მიმართ გამოიწვია ის, რომ ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს ტელევიზიას, როგორც არადემოკრატიულ ძალას ავტორიტარულ რეჟიმებში. თუმცა, ტრადიციულ მედია საშუალებებზე კონტროლითა და ახალ მედიაში პოლიტიკური კონტენტის ბლოკირების შესაძლებლობის გაძლიერებით, ავტორიტარული რეჟიმები ხელს უწყობენ ისეთი ცნების აბსოლუტურად ახალი შინაარსის ჩამოყალიბებას, როგორიცაა breaking the news („ახალი ამბების მიწოდება“).

ეს სტატია შემოკლებული ვერსიაა ესეის, რომელიც Journal of Democracy-ის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა

foreignpress.ge