Politico: აშშ ალასკაზე დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

Politico: აშშ ალასკაზე დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

ამერიკის ხელისუფლება ალასკაზე დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის, იმიტომ რომ თვლის, რომ რუსეთი და ჩინეთი რეგიონში გააქტიურდნენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას ალასკის მახლობლად. მათ იქ საჯარისო ქვედანაყოფი და საესკადრო ნაღმოსანი გააგზავნეს, რომელსაც შორი მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემა აქვს. ამასობაში ალასკის სანაპიროსთან რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო აქტივობის გამო დაძაბულობა მატულობს“, - აღნიშნავს გამოცემა.

კერძოდ, ამერიკელებმა ალასკის სანაპიროსთან ნაღმოსანი Sterett-ი გააგზავნეს. აშშ-ის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი ალასკასთან მდებარე კუნძულზე დაბინავდა, ხოლო გამანადგურებელი თვითმფრინავების ესკადრილია საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

გამოცემა აგრეთვე ალასკას სენატორის დენ სალივანის კომენტარს ავრცელებს. კანონმდებელი ამბობს, რომ რუსეთმა და ჩინეთმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს სწავლებების ჩატარება რეგიონში. სენატორი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს ალასკაზე სამხედრო ინფრასტრუქტურა განავითაროს.