პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის მ ი მ ა რ თ ვ ა

პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის მ ი მ ა რ თ ვ ა

მოგმართავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა და კონფესიისა, ვისაც გაქვთ სურვილი საკუთარი თავი გააცნოთ საზოგადოებას, რათა თქვენი ცოდნა და შესასძლებლობანი ჩააყენოთ ქართული სახელმწიფოს სამსახურში. სწორედ ამ სურვილმა განაპირობა პარტიის შექმნის იდეა და მისთვის მორგებული ეს ულამაზესი სახელიც ,,საქართველოსთვის.“ დიახ, ჩვენ, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი და უგუნური მმართველობითი სისტემის წყალობით, „ჩასარეცხად“ და გათითოკაცებისთვის გამეტებული ხალხი უდიდესი მონდომების ფასად ვქმნით ახალი ტიპის პარტიას, რომელიც ქართული სახელმწიფოს იდეალებისადმი ერთგულების გარდა, არ იქნება არავისზე დამოკიდებული. გარწმუნებთ, რომ დღეს საქართველოში სოკოსავით მომრავლებულ პარტიებს მისი სახით არ დაემატება კიდევ ერთი, რადგანაც ეს იქნება თვისობრივად ახალი სიტყვა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუნდაც რად ღირს ის, რომ მას არ ეყოლება არც მესიები და არც ბელადები. მისი თითოეული წევრისთვის მთავარი იქნება ჩვენი საერთო მიზნები, რისთვისაც იქმნება პარტია და არა საკუთარი თავი ამ მოძრაობაში.

პარტიაში ყველაფერი, მისი ყოველი რგოლი, არჩევითობის პრინციპს დაექვემდებარება და ეს არჩევითობა იქნება რეალური და არა იმ ტიპის ფასადური, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში რომ არის დღეს ფესვგადგმული. პარტიას ეყოლება თავჯდომარე, რომელსაც 1 წლით ავირჩევთ, 40 კაციანი მუდმივმოქმედი კომიტეტი, არჩეული ყოველ 2 წელიწადში პარტიის ყრილობის მიერ, ეყოლება სათათბირო ორგანო ,,დარბაზის სახით,“ სადაც იმუშავებს სექციები დარგების მიხედვით. ნებისმიერ თქვენთაგანს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს პროექტები და საკუთარი ხედვები, თუ როგორ ხედავს ამა თუ იმ დარგის განვითარების პერსპექტივას. უმრავლესობის მხრიდან მათი მხარდაჭერის შემთხვევაში თავად პრეზენტატორს თუ სურვილი ექნება, მიეცემა შესაძლებლობა როგორც პრესის, ისე ტელევიზიის საშუალებით პარტიის სახელით მიაწოდოს ეს აზრი ჩვენს საზოგადოებას. ნებისმიერი საკითხი გადაწყდება ხმათა უმრავლესობით, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ჩვენგანი არ დაეთანხმება საერთო გადაწყვეტილებას, მას შეეძლება დარჩეს საკუთარ თვალსაზრისზე, ვინაიდან მისი პოზიციის სამართლიანობას წყვეტს არა კომიტეტი, ან პარტიის თავმჯდომარე, არამედ თავად ხალხი, ამომრჩეველი. ასეთივე პრინციპით განხორციელდება პარტიის ქსელური მოწყობაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, რითაც დავუკავშირდებით ერთმანეთს, გავუზიარებთ საკუთარ შეხედულებებს. დარწმუნებულები ვართ თქვენი ცოდნით და გამოცდილებით ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწება. მთავარი აზრი კი ის არის, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზე გადანაწილდეს, რათა ეს არ იყოს ერთი კაცის პარტია, რომლის მართვაც დაინტერესებული ძალების მხრიდან იქნება გაცილებით იოლი საქმე. კიდევ ერთი თვისება, რითაც ეს პარტია წარმოჩინდება დინამიზმია. ეს იქნება ახალ-ახალი იდეების სამჭედლო, რომელიც ქვეყანას ამასთანავე ახალ სახეებს შესძენს. სწორედ მათი მეშვეობით თანდათანობით მოხდება ამჟამინდელი პოლიტელიტის ამ ხალხით ჩანაცვლება, რაც ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში შედის. იმედია, საზოგადოება ამ ახალი პარტიის ქმედითუნარიანობაში მალე დარწმუნდება, როდესაც ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა სფეროში სამოქმედო პროგრამებს წარმოვადგენთ. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე თუ რატომ, ვისი და რა მიზეზების გამო ვერ ვაღწევთ თავს სიდუხჭირეს. ეს მაშინ, როცა ჩვენმა ახლო თუ შორეულმა მეზობლებმა ჩვენთვის ჯოჯოხეთად ქცეულ იმავე განვლილ 25 წელიწადში, განსაცვიფრებელ წარმატებებს მიაღწიეს.

რადგან საამისოდ შეშფოთების და წუხილის მიზეზს უკვე ვხედავთ, გარწმუნებთ, რომ ყველაფერთან ერთად, რასაც ჩვენ გავაკეთებთ მთავარი ისიც იქნება, რომ ეს პარტია მედროვეთა საკრებულოდ არა თუ არ, არამედ ვერ გადაიქცევა, რისი მომსწრეც მრავალჯერ გავხდით. მისი გარანტი კი მისსავე შექმნის სტრუქტურაში იქნება ჩადებული.

ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა გვისაყვედუროს, ისიც, რომ ჩვენს სიტყვებში მეტი ლირიკაა, ვიდრე პრაგმატიზმი. ალბათ, ასეც კითხულობთ: ეს ზნეობრივი, პატრიოტი პროფესიონალები სად ვიპოვოთ, როდესაც 80% ჩვენი საზოგადოების ,,ტელე ინტოქსიკაციით“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებით არიან დეგრადირებული?!

თუ ახალი პარტიისთვის სამოქმედოდ შევქმნით ზუსტ მექანიზმს, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა, ვერც შინაური და ვერც გარეული. ჩვენ გვყავს უნიჭიერესი ხალხი. საკმარისია მათ თავიანთი თავი დაინახონ მოძრაობაში, რომ ვეღარავინ გააჩერებთ. გაჩნდება ახალი იდეები და ახალი სახეები. ერთის ადგილს მეორე დაიკავებს, მეორისას მესამე და ა.შ. ეს უსასრულობა კი შეუძლებელს გახდის მათ დაშინებას, ან მოსყიდვას. ნებისმიერი ჩვენთაგანი კი თუ მოვწყდით ხალხის განწყობას, შესაბამისად დავკარგავთ მათ მხარდაჭერასაც. ცოტა ხანში, თუ ღმერთის ნება იქნება, ყველა დაინახავს თუ რა სერიოზული ძალა იქმნება.

მორალურად ძლიერი და ასევე პოპულარული ოპოზიციის ჩამოყალიბებას კი, რომელიც ხალხის მასობრივი მხარდაჭერით ისარგებლებს და რომელიც ამ ხელისუფლებას აიძულებს, მისთვის ანგარიშის გაწევას, სწორედაც რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებითაა ნაკარნახევი.

დიახ, ბატონებო, დროა ერთიანი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა ვანდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაღალი პროფესიონალიზმის გარდა, სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის და საკუთარი ერის რწმენა გააჩნიათ!

ამისთვის კი საჭირო იქნება საინფორმაციო საშუალებებს მოვთხოვოთ გახსნან დახურული სივრცე, სადაც დრო და ადგილი ერთი და იგივე სახეებისთვის არის დათმობილი, მიუხედავად იმისა დარჩათ თუ არა მათ რაიმე სათქმელი.

ქვეყანას ახალი, ნიჭიერი ხალხის გამოვლენის შესაძლებლობა და ასპარეზი უნდა მივცეთ!

გვჯერა, რომ ბევრი პატრიოტი და განათლებული ადამიანი ელოდება ახალი მოძრაობის დაარსებას. გადაქექეთ ნაკვერჩხალი და ნახავთ თუ დეგრადირებულია ხალხი, ხალხს ძალად ხდიან „მგელზე უფრო მგელს.“ ამიტომ აუცილებელია დავიმსახუროთ მათი ნდობა და დანარჩენს უკვე ჩვენი ნათქვამი სიტყვები კი არა, საქმე წარმოაჩენს.

ამასობაში „ყინულსაც გავადნობთ,“ უფრო და უფრო გავმრავლდებით, ბევრ ხალხს მივაწვდენთ ჩვენს ხმას, მინავლებულ ქართულ ნაკვერჩხალსაც გავაღვივებთ, მეტი მხარდამჭერი გაგვიჩნდება, ხალხი ქართულად აზროვნებას დაუბრუნდება, ჩვენი აზრები თანდათან ბევრისთვის გახდება „შინაურული და მისაღები.“

ხშირად ისმის კითხვა, ითავებს თუ არა ვინმე საქართველოში, ან რომელიმე სოციალური ჯგუფი ან თანამოაზრეთა კრებული ეროვნული პარტიის ტვირთის ზიდვას?! შეიძლება ასეთი პასუხი გაეცეს: ახლად შექმნილი პარტია, რა თქმა უნდა, იქნება ეროვნული მიმართულების, მაგრამ ეს არ იქნება არც მეოთხე და არც მეხუთე დასი. ხოლო იმისათვის, რომ მეხუთე კოლონამ არ მართოს იგი, სწორედ ამიტომაც პარტია უნდა დაკომპლექტდეს ახალი სახეებით, ეროვნულ ფასეულობებზე აქცენტირებული საზოგადოებისათვის უცნობი ღირსეული და ზნეობრივი ადამიანებით. მათი წინ წამოწევა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა, რაც ჟურნალისტებზეა დიდწილად დამოკიდებული, იქნება ახლადშექმნილი პარტიის უპირველესი ამოცანა...

როცა პარტიებს შორის კონკურენცია არა მხოლოდ ლიდერებს, არამდ მასში შემავალ ნაკლებად ცნობად სახეებს შორისაც იქნება, შავისა და თეთრის გარჩევა უფრო გაგვიადვილდება, რომ ხმა პიროვნებებს კი არა, იდეას და სამოქმედო პროგრამებს უნდა მივცეთ. რაც მეტი ღირსეული და აქტიური პიროვნება გვეყოლება ქართულ პოლიტიკაში, ამით ქვეყანაც მოიგებს და პარტიაც,

რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ შეიძლება გახდეს ახლადშექმნილი პარტიის წევრი. ვუპასუხებდით, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ერის შვილად მიაჩნია თავი, ეძვირფასება ყველაფერი, რაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ. ახლად შექმნილი პარტიის უმთავრესი მიზანი იქნება დაქსაქსული ქართველი ერის კონსოლიდირება საერთო მიზნისთვის - ქვეყნისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და მისი აღორძინება. ხოლო თუ ვინმეს ჩვენს შორის უპატიებელი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე პასუხი მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს.

არავინ დავობს იმაზე, რომ ,,სამართალმა პური უნდა ჭამოს“ და დამნაშავენი დაისაჯონ, მაგრამ თუ „დაჭერა-გაშვების“ ყოველდღიურ რეჟიმში დავრჩებით, ჩვენი უნიათობით ხელს შევუწყობთ ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას.

დღეს, როცა საზოგადოებაში ყველა თვითორგანიზებული ჯგუფი, განსხვავებული ცნობიერებით აღიქვამს ეპოქალურ მოვლენებს და ურთიერთდაპირისპირებით რეალურად ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, ჩვენ კონსოლიდირებულნი უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ ქვეყნისთვის მშვიდობა და სტაბილურობა. ამიტომ საქართველოს დღეს, როგორც არასდროს სჭირდება ერის გამაერთიანებელი იდეა...

სწორედ ამიტომაც წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში დაგროვილი ყოველგვარი ნეგატიურის ერთადერთი გამტარი, დამმიწებელი ეს არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელსაც შეუძლია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეის გარშემო თავი მოუყაროს ტრადიციულ ღირებულებებზე აღმოცენებულ ყველა იდეას, ღირსეულ ადამიანებს და საერთო-სახალხო სიკეთისათვის შექმნას ხელსაყრელი პირობები...

ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ვემსახურებით საქართველოს, მაშინ თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს - საქართველო უპირველეს ყოვლისა!

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, ომის ქარცეცხლში გამოიწვრთნა ქართველი კაცის მებრძოლი სული, მაინც არ ვართ ორგანიზებულები, არ ვართ პრაგმატულები. არ გვიყვარს თავს ცოტათი მაინც ძალა დავატანოთ და ვიაზროვნოთ, რათა შედეგი უკეთესი დავდოთ...

არადა, თანამედროვე მსოფლიოში, როგორც ერთიან ეკონომიკურ სივრცესა და გლობალურ გარემოში, ქვეყნის აქტიური ჩართვა ყოველი ჩვენგანისგან შესაბამის აზროვნებასა და მოქმედებას, სადღეისოდ მიღებული და საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებული წესების ცოდნას მოითხოვს. საჭიროა, დღევანდელი მოწინავე ერების გამოცდილების შესწავლა და ჩვენი ეროვნული ფსიქიკის მოდიფიკაცია, ანუ საკუთარი ეროვნული ხასიათისა და საქმიანი ურთიერთობის სტილის ჩამოყალიბება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რეალურად გავითვალისწინოთ მთელი ქვეყნის ადამიანური და ბუნებრივი რესურსების პოტენციალი, რათა წარმოვაჩინოთ ქართველთა მრავალსახოვანი და საოცრად რთული ხასიათის ღირსეული ნიშან-თვისებები და ამავდროულად შევძლოთ დავიცვათ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები.

წავიდა ის დრო, როდესაც ამა თუ იმ სახის ,,იზაციის” მიღებას ქვეყნის არაკეთილმოსურნენი, თავს ზემოთ დაკიდებული მახვილის ქვეშ გვაიძულებდნენ. დღეს მის ნაცვლად დემოკრატიულ სამყაროს ,,მოხმარებისთვის“ აქვს ერთი დემოკრატია ქვეყნის შიგნით და მეორე - გარეთ. შესაბამისად უნდა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ! რას ვამბობთ, როდის ვამბობთ, როგორ ვამბობთ ან იქნებ თქმითაც უკვე ვაფუჭებთ საქმეს...

ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ ნაციონალური ერთიანობის, ეროვნული კულტურის მეშვეობითაა შესაძლებელი. მთელი თავისი არსებობის მანძილზე საქართველო არასოდეს მდგარა ასეთი მასშტაბური საფრთხეების წინაშე, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.

როდესაც მოგვიწოდებენ ნაციონალური იდენტურობის შენარჩუნების უარის თქმისკენ და გვირჩევენ ისეთი ცნებები, როგორიცაა „ხალხი” და „სამშობლო,“ ისტორიის სანაგვეზე გავისტუმროთ, გვიჭირს დავიჯეროთ, რომ ვცხოვრობთ XXI -ე საუკუნეში, და არა XIX საუკუნის კატკოვის რუსეთში.

ტრადიციულ ღირებულებათა და ფასეულობების შეცვლის მოთხოვნა ხომ უწინარესად დაკავშირებულია ენასთან, ტრადიციასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ კვლავაც მოსალოდნელი ცვლილებებით აღსავსე მომავლის წინაშე ვდგავართ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას, ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება. კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში.

ამიტომ არის, რომ დღევანდელ დღეს, საკმაოდ რთულ და ბოლომდე გაურკვეველ საერთაშორისო ვითარებაში, როდესაც სამართალი არ არის ძლიერი, ხოლო ძალა სამართლიანი, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერებისთვის მორჩილად მიღება თავსმოხვეული «ღირებულებების», ეროვნული კულტურის და მასთან ერთად თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხეს რეალურად ქმნის.

ამდენად, ერთი მხრივ გვყავს „კეთილმოსურნეები“ რომლებიც მასთან მეგობრობის უფლებას მხოლოდ მაშინ მოგვცემენ თუ ტრადიციულ ფასეულობებზე ვიტყვით უარს და მათ ნაკარნახევ ცხოვრების წესებს დავთანხმდებით, მეორე მხრივ, ქვეყანაში გვყავს იარაღით შემოჭრილი მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწა-წყალი.

როცა ქვეყანაში მავთულხლართებით გვივლებენ საზღვარს და საქართველოც შაგრენის ტყავივით პატარავდება, როცა თავს მოხვეული ,,მენტალური რევოლუციის“ სახელით სულ უფრო და უფრო ვკარგავთ თვითმყოფად სახეს და ამ ყოველივეს ემატება კიდევ ისიც, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენით აუწერელ სიდუხჭირეშია, მათთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ხდება ერთადერთი - სამშობლოდან გაქცევა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოდან ემიგრაციაში 1058300 ადამიანია წასული, რაც უხეში გათვლებით იმას ნიშნავს, რომ ლამის თითოეული ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც სამშობლოში არ იმყოფება. ქართული ემიგრაცია ხომ ძირითადად ეკონომიური ხასიათისაა. მართალია, ამ რიცხვის გენდერული შემადგენლობა დაუზუსტებელია. მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ემიგრანტთა უდიდეს ნაწილს სწორედ ქალები შეადგენენ. ეს ის ქალბატონები არიან, რომლებიც საკუთარი თავგანწირვის ფასად ცდილობენ, ოჯახები და ქვეყანა შიმშილისა და სიკვდილისაგან იხსნან.

არ არის დრო ყველამ ერთად ვიფიქროთ, თუ როგორ დავიხსნათ ეს ხალხი?

მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, ქვეყანაში სისტემა არ იცვლება, ამიტომაც პოლიტიკური პარტიის შექმნით, მთავარ მიზნად ვისახავთ ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, ეროვნული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი, მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. ამასთანავე აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფოს მართვის ის მექანიზმი, რათა ერთხელ და საბოლოოდ ბოლო მოეღოს ამ ქვეყნის ძარცვას. ამდენად, ეს უკვე არჩევანიც აღარ არის, ეს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.

მაგრამ რა შეგვიძლია ასეთ დროს გავაკეთოთ? ვფიქრობთ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის არჩეული კურსის უალტერნატივოდ გამოცხადება დროის დაკარგვაა და საზიანოა საქართველოსთვის. გავიხსენოთ ჩვენ, ქართველები ისტორიულადაც როგორ ვიყავით? ხსნის და გადარჩენისთვის, ვურთიერთობდით ირანთან და ოსმალეთთან, ემისრებს ვაგზავნიდით რუსეთსა და ევროპაში - ოღონდ ვინმესგან რეალური დახმარება მიგვეღო. ერთი რომელიმე კურსის ამოჩემება, ან აკვიატება კი ყოველთვის კატაკლიზმებით მთავრდებოდა ქვეყნისთვის. ამ მხრივ, ჩვენდა საუბედუროდ, ვერც დრო და ჟამმა შეცვალა საქართველოს წინაშე გამოწვევები. ისტორია კვლავაც მეორდება, მაგრამ სწავლებით კი ვერაფერი გვასწავლა.

ამიტომ უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული და ხისტი უმთავრეს საკითხში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობა არაფრის ფასად არ გაიცვლება. მაგრამ დღესდღეობით თუ ეს მიზანი აღემატება ქართველი ერის სულიერ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, მაშინ ისღა დაგვრჩენია ძვირად დავუსვათ ნებისმიერ არაკეთილმოსურნეს, ვინც ქართული სახელმწიფოს ხელყოფას შეეცდება. სწორედ ამიტომ პარტიის მთავარი მიზანი იქნება დაუდგეს ფარად ხელისუფლებას, ქართული სახელმწიფოს იდეალების სამსახურში და იქნება უკომპრომისო ოპონენტი თუ მთავრობის მხრიდან გადადგმული ესა თუ ის ნაბიჯი, ჩვენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებთან აღმოჩნდება წინააღმდეგობაში.

თითოეული ჩვენგანის ბრძოლის სიმძაფრე, მოქალაქეობრივი აღტკინება პატრიოტულ ძალთა კონსოლიდაციაზეა დამოკიდებული. თუ შეიქმნება ასეთი მუხტი, მაშინ ცეცხლიც მუდამ იგიზგიზებს.

გილოცავთ სრულიად საქართველოს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შობა-ახალ წელს! გისურვებთ მხნეობას!

დაე, ჩვენმა აქტიურობამ და ძლიერმა ნებამ შეგვაძლებინოს ერთიან, აღორძინებულ საქართველოში ცხოვრება!

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის წევრები: გიორგი მჭედლიშვილი, დავით ზარდიაშვილი, გია თვალავაძე, დავით ეფრემიძე, მალხაზ პავლიაშვილი, ლევან რობაქიძე, მამუკა ზვიადაძე .....

P.S. თუ იზიარებთ ჩვენს შეხედულებებს, დაგვიკავშირდით!