რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ რამდენიმე თვით ადრე იცოდა, რომ უკრაინა კურსკის ოლქში შეიჭრებოდა და იერიშის მოგერიების გეგმას ამუშავებდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, მათ ხელში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტები ჩაუვარდათ, რომლებიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში აღმოაჩინეს.
დოკუმენტების ნაწილი დაბეჭდილია, ხოლო ნაწილი - ხელითაა დაწერილი. ყველაზე ადრეული 2023 წლით თარიღდება, ხოლო გვიანდელი - უკრაინის შეჭრამდე ექვსი კვირით ადრე.
4 იანვრით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში ეწერა, რომ უკრაინამ, შესაძლოა, რუსეთის საზღვარი გაარღვიოს. ამის გამო რუსეთის სამხედრო დანაყოფებს შესაძლო შეტევის მოსაგერიებლად ბრძანება დაეგზავნათ.
19 თებერვალს რუსებს ეცნობათ, რომ უკრაინა სუმის ოლქიდან რუსეთის ტერიტორიაზე სწრაფ შეღწევას და 80 კილომეტრით სიღრმეში შესვლას გეგმავდა. მარტის შუა რიცხვებში კურსკში დისლოცირებულ რუსულ დანაყოფებს თავდაცვითი ზღუდეების გამაგრება და წვრთნების ჩატარება უბრძანეს.
უკვე ივლისის დოკუმენტებში რუსი სამხედროები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმით, რომ რუსული სამხედრო ნაწილები 60-70% არის დაკომპლექტებული და ისიც ძირითადად სუსტად მომზადებული რეზერვისტებით.