გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის კარზე მოლოდინის რეჟიმშია. მთავრობის ყოფილი მეთაური, ამ ეტაპზე, ყოფილ ბანკირთან გაერთიანებას ვერ ახერხებს.
წესით, გახარიასთვის დამამცირებელი უნდა იყოს, რომ ხაზარაძე, ანუ „ნაცების“ „კასირი“, როგორც მას ეძახიან, უარს ეუბნება თანამშრომლობაზე და ტაიმ აუტს იღებს იმასთან დაკავშირებით, უღირს თუ არა გახარიასთან ურთიერთობა.
პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია მიმართავს გახარიას, „ასეა, გარეწარო გახარია, კაცებს რომ არ და ვერ დააფასებ, მერე მევახშის კარზე მოგიწევს უთავმოყვარეოდ ხვეწნა და მუდარა“.
იქნება თუ არა ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება კარგი ენერგეტიკის შემომტანი ქართულ პოლიტიკაში, როგორც ეს ცალკეულ ექსპერტებს ჰგონიათ, თუ საერთოდ არ ექნება ენერგეტიკა მათ ერთობას?! ზოგიერთები პროგნოზირებენ, რომ ეს ტანდემი მესამე ძალად ჩამოყალიბდება და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიღებს, ზოგი კი მოელის, რომ ხაზარაძე-გახარიას ერთობა შექმნის სინერგიას ანტინაცქოცური ამომრჩევლისთვის.
თავად გახარია ირწმუნება, რომ მისი შემოსვლით „ნაცები“ და „ქოცები“ გაიკრიფებიან, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ წევრი გივი უგულავა თვლის, რომ გახარია არითმეტიკაში მოიკოჭლებს, რადგან არითმეტიკულად არ გამოდის, რომ ნაცები არ იყვნენ ხელისუფლებაში. „თუ ვინმეს წარმოუდგენია მომავალი მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, უბრალოდ, იტყუება“, - ამბობს უგულავა.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ „მკვდარი მკვდარსა ეკიდებოდაო“, - ასეთი სიტუაციაა გახარია-ხაზარაძის ტანდემთან დაკავშირებით, სხვანაირად ამ ერთობას თბილისში ეძახიან, რომ თაღლითი და თვალთხარია დაძმობილდნენ. ამდენად, პეტრე მამრაძის მოსაზრებით, ეს სინერგია კი არ არის, არამედ ერთად რომ იქნებიან, შეიძლება იმაზე ნაკლები ხმაც კი მიიღონ, ვიდრე ცალ-ცალკე ყოფნისას.
„ვთქვათ, გარკვეული სეგმენტი, ანუ 2% აქვთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, 2-3% კი აქვს გახარიას, ესენი რომ შეერთდებიან, ხმები ნამდვილად არ შეერთდება და ეს საქართველოში ბევრჯერ შემოწმდა და დასაბუთდა. კერძოდ, ვინც მანამდე აძლევდა ხმას ხაზარაძეს, ანუ ძალიან ცოტა ამომრჩეველი, შეიძლება იმან თქვას, ხაზარაძე თუ შეუერთდა თვალთხარიას, სულ არ მინდა, აღარ მივცემ ხმასო. პირიქითაც შეიძლება მოხდეს, ვინც აძლევდა გახარიას ხმას, იმან თქვას, რომ ეგ თუ ახლა შეეკრა ფულის გამო ამ თაღლითებს და მევახშეებს, სულ არ მივცემ ხმას. სინერგიის ნაცვლად, როგორც წესი, დგება უკუშედეგი, რომელიც არაერთხელ დამდგარა ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ ჩვენთან საუბრისას.
მანვე გაიხსენა, რომ თავის დროზე კუკავამ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ ერთ ბლოკში იყარეს კენჭი და ეს იყო ანეკდოტი, რადგან კუკავა ყვიროდა, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ნატოსთან მეგობრობა და ნატოში შესვლაზე ფიქრი, საჭიროა რუსეთთან დამეგობრებაო. „ახალ მემარჯვენეებს“ კი პროგრამის პირველ პუნქტად ჰქონდათ „ნატოში შესვლა“. საბოლოოდ მათ მიიღეს ნულოვანი შედეგი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას ინტერესდება, რატომ აიტეხეს ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება. რატომ არ ცდილობენ თუნდაც „ნაცმოძრაობის“ განშტოებების გაერთიანებას, რომელთა გაერთიანებაც უფრო იოლია?
„ნაცმოძრაობის“ განშტოებების გამაერთიანებლად სათავეში ჩადგომა რატომ არ ისურვა პრეზიდენტმა და მაინცდამაინც ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებას რატომ უდგას სათავეში?! ეს ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯებია. გაუგებარია თუნდაც იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა მომხრე ჰყავს გახარიასაც და ხაზარაძესაც. გახარიასთან უფრო არის „ოცნებასთან“ თუნდაც ადრე დაკავშირებული გულშემატკივრები, ხაზარაძესთან კი უფრო „ნაციონალებთან“ დაკავშირებული გულშემატკივრებია. მათი შერწყმა როგორ გამოვა? როგორ იქნება ხაზარაძე-გახარია მესამე ძალა, როცა ცალკე ხაზარაძის და ცალკე გახარიას ამომრჩეველი ხელს ჩაიქნევს, დარჩება სახლში, ან ხმას მისცემს ისევ „ოცნებას“ და „ნაცებს“, გახარია-ხაზარაძეს კი აღარ მისცემს ხმას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსის აზრით, საერთოდ, ისიც გაუგებარია რატომ აიტეხა პრეზიდენტმა ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება, პრეზიდენტის გაგებაც ასე ადვილი არ არის. გამორიცხული არ არის, პრეზიდენტი უცხოეთის დაკვეთით მოქმედებდეს, რადგან დასავლეთში უყვართ ასეთი მითითებები - გაერთიანდით. რატომღაც, უცხოელებს მიაჩნიათ, რომ გაერთიანებაა მოგების საფუძველი. თუმცა გახარია-ხაზარაძის შემთხვევაში, გაერთიანებაზე საუბარი არარეალურია. მით უმეტეს, რომ გახარიას და ხაზარაძის მხარეებს ერთმანეთისთვის მტკივნეული რაღაცები უთქვამთ წარსულშიც და ახლაც ეუბნებიან.
„ახლა, როდესაც მოლაპარაკებიდან გამოვიდნენ, ხაზარაძემ თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფომ ჩაშალაო, ე.ი. გახარიამ ჩაშალაო. თუ ასეთი პრეტენზიები ახლაც აქვთ, როგორ უნდა გაერთიანდნენ, ეგ მაინტერესებს?! ასე რომ, მეტოქის დამარცხებას გაერთიანებები არ სჭირდება. უბრალოდ, ეს დასავლეთის სტერეოტიპია და ჩვენთანაც არის ეს სტერეოტიპი, რომ ძალა ერთობაშია. თუმცა ტვინში რა სტერეოტიპიც მოგვივა, ყველა სწორი არ არის. ჯერჯერობით ერთი ძლიერი პარტიაა „ქართული ოცნება“. ჯერ გაძლიერდეს რომელიმე პარტია, გინდ გახარიასი, გინდ ხაზარაძის და მხოლოდ მაშინ აჯობებენ მმართველ პარტიას. რა საჭიროა გაერთიანებები?! იმის მაგივრად, იზრუნონ იმაზე, როგორ გაძლიერდეს ერთი პარტია, რაღაც ხანუმას როლში გამოდის მთელი საქართველო“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.