იმის მიუხედავად, რომ პარტიული სიების წარსადგენად ორ კვირაზე ცოტა დრო რჩება, ოპოზიციაში არ ჩქარობენ და კვლავ უცნობია არსებული კოალიციიდან სიის ათეული მაინც როგორ იქნება დაკომპლექტებული. არ ჩქარობს არც „ნაციონალური მოძრაობა“ , მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დე ფაქტო მმართველმა მიხეილ საკაშვილმა „ვივამედიდან“ სიასთან დაკავშირებით დირექტივები არაერთხელ გასცა. ბოლოს კი სააკაშვილმა ოპოზიციას საარჩევნო სიებში მერყევი ელემენტების არ ჩაწერისკენ მოუწოდა, რათა სამომავლოდ მათი გადაბირება „ოცნებამ“ არ მოახერხოს. არსებობს შიდა წყაროებიდან გამოსული ინფორმაცია, რომ სიებთან დაკავშირებით კონფლიქტები უკვე დაწყებულია. სწორედ სიაა გახარია - ხაზარაძის პრობლემა, სადაც გიორგი გახარია სიის გადანაწილებას 50/50-ზე ითხოვს. არადა კოალიციაში 4 სხვა ლიდერია, რომელთაც სიაში თავისი წილის მიღება სურთ.
ამ ეტაპზე კი ოპოზიციიდან სია მხოლოდ პარტია „გირჩმა“ წარადგინა. სიის პირველ ნომრად იაგო ხვიჩია დასახელდა. საარჩევნო სია სულ 25 ადამიანისგან შედგება. ესენი არიან: 1. იაგო ხვიჩია; 2. ალექსანდრე რაქვიაშვილი; 3. ვახტანგ მეგრელიშვილი; 4. ჰერმან საბო; 5. გიორგი ჭაუჭიძე; 6. ლევან ჯგერენაია; 7. მალხაზ ჭანია; 8. ეკა ონიანი; 9. უჩა ბარბაქაძე; 10. რუსკა აბუაშვილი; 11. ნიკა ნადირაძე; 12. ზურა ბუხნიკაშვილი; 13. ოთარ ზაკალაშვილი; 14. ლუკა ცისკარიშვილი; 15. ნოდარ სირბილაძე; 16. ავთო ლაბაძე; 17. აბესალომ დაბახიშვილი; 18. ბექა მუზაშვილი; 19. ბექა ზანდუკელი; 20. თორნიკე მითაიშვილი; 21. დავით წურწუმია; 22. ნიკა ციცქიშვილი; 23. ნინო ჯაღმაიძე; 24. ავთანდილ ჩხეტია; 25. ვლადიმერ გიგოლაშვილი.
როგორც პარტიაში განაცხადეს, საარჩევნო სია მათმა მხარდამჭერებმა და პარტიის წევრებმა შეადგინეს, ამისთვის კი პრაიმერიზი ჩატარდა.
პარტიაში განმარტავენ, რომ სიაში მოხვდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავად გამოხატა სურვილი, საკანონმდებლო ორგანოში პარტია „გირჩს“ წარმოადგენდეს. ამასთან, „გირჩმა“ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.
სიის 20-ული ასევე მმართველმა გუნდმა განახლებული შემადგენლობით წარადგინა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. განსაკუთრებული აქცენტი პირველ ნომერზე კეთდება. სიის სათავეში პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილია. ამ გადაწყვეტილებას ოპონენტები არჩევნებში დამარცხების შიშით ხსნიან. ჩამონათვალში არიან პარტიის სტაჟიანი წევრები, მოქმედი პარლამენტარები, ცნობილი სპორტსმენები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ოცეულში ვერ მოხვდა გუნდის რამდენიმე აქტიური სახე. ახალი სახეების გამოჩენას ოპოზიციის რიგებში საკმაოდ ნეგატიური და შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. ამჯერადაც მათი კრიტიკის მთავარ სამიზნეებად სპორტსმენები იქცნენ.
მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცახდებით მათ მიერ წარდგენილ სიაში გასაკრიტიკებელი არაფერია. მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს განახლების რესურსი და სწორედ ეს არის მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც სათანადოდ უნდა იქნეს გამოყენებული.
„ყველა მიმართულებით ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე, რაც ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოახერხა. არც ერთ პარტიას არ აქვს განახლება. წარმოიდგინეთ, „ახალი“ ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები – გვარამია, მელია და სხვები. ამხელა ნონსენსი უბრალოდ წარმოუდგენელია. მათ არ აქვთ განახლების რესურსი, ამიტომ ეჭვიანობენ, არ მოსწონთ, შურთ ჩვენი განახლებული სიის. მათ სიის განახლების არავითარი რესურსი არ აქვთ, ეს არის ჩვენი უპირატესობა და ეს უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან სიების ჯერ კიდევ არ გამოქვეყნების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ დიდი ვაჭრობა მიდის. მამრაძის თქმით, ისეთი გაცხოველებული აღებ-მიცემობა ხდება, ბაზარში გეგონებათ თავი. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ამის გამო წინასაარჩევნოდ დაპირისპირებები და ახალი სკანდალები ვიხილოთ.
„რა თქმა უნდა, უჭირთ ოპოზიციაში ჯერ სიების საბოლოო სახით წარმოდგენა, რადგან ვიცით ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებს რა ამბიციები აქვთ და ყველას პირველობა უნდა. ახლა მიდის გაცხოველებული ვაჭრობა - აბა, შენ რას მომცემ სანაცვლოდ სიაში, რომ ჩაგწერო და ა.შ. ან რამდენს გადაიხდი და რისი საშუალება გაქვს. აი, სწორედ ასეთი დისკუსია აქვთ ახლა გაჩაღებული. ვიცით, რომ ამ პარტიებს არა აქვთ ისეთი რეიტინგი, რომ პარლამენტში 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახონ. რომც გადალახონ, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე კაცს აქვს მოხვედრის შანსი. ამიტომაც მიდის დიდი ვაჭრობა. ვხედავთ ხაზრაძე-გახარიას მოლაპარაკება რამდენი ხანი გაიწელა, რადგან აქ საუბარი სწორედ სიებზეა და მის დაკომპლექტებაზე. ალბათ, გახარია ბევრს ითხოვს, ამიტომაც ხაზარაძეს გუნდთან კომუნიკაცია და ერთად გადაწყვეტა სჭირდება. იგივე ხდება „ახალშიც“. ყველა თავისი ხალხის ჩასმას ითხოვს და მიდის დიდი ვაჭრობა“, - ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, ყველაზე რთული სიტუაცია ნაციონალებშია, რადგან იქ რამდენიმე ჯგუფია, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. აქეთ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე სიებში მერყევ ელემენტებზე ალაპარაკდა.
„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ამით საკუთარი გუნდის წევრებს აფრთხილებს უკვე და ეუბნება ვინ არის სანდო, ვინ სიაში უნდა მოხვდეს და ვინ არა. დიდი ალბათობით, სააკაშვილს ამ სიაზე გავლენა ვეღარ ექნება. გვახსოვს მისი განცხადებები ბორდის შექმნასთან დაკავშირებით და მის მოადგილეებად სოფო ჯაფარიძის დანიშვნაზე. ასევე საუბარი იმაზე, რომ ჯაფარიძე ნომერ პირველი უნდა იყოს სიაში. ვინმემ მიაქცია მას ყუარდღება? არავინ, ასე მოხდება ახლაც. სააკაშვილმა პარტიაზე კონტროლი უკვე დაკარგა და სიას მით უმეტეს მას არავინ აღარ დააკომპლექტებს. ახლა კეზერაშვილი ბიზნესმენებთან ვაჭრობს. სიაში ვინ რამდენს გადაიხდის, იმის მიხედვით ჩაწერს. ამიტომ გაიწელა დროში ასე, როგორც ნაციონალების, ასევე სხვა კოალიციების სიები. ყველა მათგანი ვაჭრობს და აქ საუბარი არის არა იმაზე, ვინ უფრო ძლიერი პოლიტიკოსია, არამედ ვინ უფორ მეტს გადაიხდის. ამიტომ მე ველი, რომ სიების ირგვლივ ახალი სკანდალები და დაპირისპირება იქნება. ადრე ნაციონალები სიაში ცნობილ სახეებს სვამდნენ და კაი დედმამიშვილები იყვნენ და უარი ეთქვათ. ახლა კი მხოლოდ ფულის სანაცვლოდ თუ მოხვდება მათ სიაში ადამიანი. ნაციონალებში ახლა ყველას თავისი მიზნები აქვს. აქეთ კეზერაშვილია, იქით ბოკუჩავა, სააკაშვილი, ხაბეიშვილი და მისი გუნდი. რა თქმა უნდა, ყველას სიის 20-ულში მაინც უნდა მოხვედრა. თუმცა 12%-ს მაინც თუ აიღებენ ნაციონალები, ეგეც უკვე საეჭვოა. ამიტომ მე ამ სიების დროში გაწელვას სწორედ ამ დაპირისპირებას და გაუგებრობას ვუკავშირებ“, - ამბობს მამრაძე.