LGBT+ დამცველი ევროპელი ლიდერები

LGBT+ დამცველი ევროპელი ლიდერები

კანონი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

კერძოდ, იკრძალება ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლის მიზნით ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია და ლგბტ თემის პროპაგანდა განათლების სექტორში. ცვლილებები ეხება შვილად აყვანას, რისი უფლებაც მხოლოდ ჰეტეროსექსუალ პირებს ექნებათ. საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა და არც საპარლამენტო განხილვებში ჩაერთო. მმართველი გუნდის ოპონენტები ქვეყანაში ლგბტ თემის პროპაგანდის პრობლემას ვერ ხედავენ და პაკეტს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას საქართველოს მოსახლეობის 91% უჭერს მხარს. ამის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების ასეთი ძლიერი დაკვეთის წინააღმდეგ გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციასთან ერთად კანონის მიღებას აპროტესტებენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა“ საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. თემას გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩიც, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ოჯახური ფასეულობებისა და ბავშვის უფლებების სახელით LGBT+ პირების დევნას უწოდებს.

სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს დიდი ბრიტანეთი და თვლის, რომ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონის გაუქმებას ითხოვენ სტრატეგიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი წუხს, რომ საქართველომ მიიღო LGBT+ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი, რაც ნორვეგიელი დიპლომატის განცხადებით, ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტია და ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ნორვეგია სინანულს გამოხატავს საქართველოს მიერ LGBT+ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო. ეს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირს უთხრის. საქართველოს ამის გადახედვისკენ მოვუწოდებთ“, - აცხადებს ესპენ ბარტ ეიდესი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს კურსი. „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას ისახავს. ეს ადამიანების სამოქალაქო უფლებებს არღვევს, როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს!“ - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი შეწუხებულია და თვლის, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს და გაზრდის დისკრიმინაციას. იგი მოუწოდებს საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელსაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაჰყავს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან“, - წერს ჯოზეფ ბორელი.

„მიდით, ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან უკან დახევა, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ“, - ამ განცხადების ავტორი რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლია, რომელიც ბორელის მსგავსად თვლის, რომ საქართველოში კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს. „მიდით, ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან უკან დახევა. ნამდვილად გსურთ გახდეთ შემდეგი ბელარუსი? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ“, - დაწერა მაიკლ მაკფოლმა.

აი, ასეთია დღევანდელი დასავლეთის ლიდერების პოზიცია კანონის - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“-თან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რა ძალა მართავს დღეს მსოფლიოს და რა ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ. მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა და მუქარისა, რომ თუ კანონის ამოქმედება არ შეჩერდება, საპარლამენტო არჩევნები ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას და მხარს დაუჭერენ ქვეყანაში პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას არ ცვლის და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონი აისახება კონსტიტუციაში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებთ, მსოფლიო მასშტაბით ძალიან საშიში ტენდენციებია. ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება შემაშფოთებელ სტატისტიკაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოს არ სურს ამ ტენდენციის გამეორება ქვეყანაში და მისი მიზანია ტრადიციული ფასეულობების დაცვა.

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია, პირიქით, ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია თავის პირად ცხოვრებაში. მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე და სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. როდესაც ასეთ პირობებში, ამასაც კი უპირისპირდება რადიკალური ოპოზიცია, აქედან ჩანს, რომ ისინი მხოლოდ გარე დაკვეთით მოქმედებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის წევრის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ლგბტ პროპაგანდისგან იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით კი მომავალი თაობა. რაც შეეხება უცხოელი პარტნიორების მხრიდან პროპაგანდისტული მეთოდებით კონკრეტულ კანონებზე იარლიყების მიწებებას, ეს არის მიუღებელი.

„კანონს არქმევენ ისეთ სახელებს, რაც კანონში საერთოდ არ წერია. „მე უფრო დიდი პროპაგანდისტული შესაძლებლობები მაქვს და ამ იარლიყს მოგაწებებ“ - ამით უნდათ ფონს გასვლა. საქართველოში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია, მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ლგბტ პროპაგანდისგან იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

 

 

ლაზი "მმართველი გუნდის ოპონენტები ქვეყანაში ლგბტ თემის პროპაგანდის პრობლემას ვერ ხედავენ"-ო, ამოტომ კენჭისყრაში არ ვმონაწილეობთო.
სწორია, თუ პრობლემას ვერ ხედავენ, მაშინ კენჭისყრა ნამდვილად არ არის აქტუალური, მაგრამ ამდენი აჟიოტაჟი რაღაში სჭირდებათ გაუგებარია.
თუ პროპაგანდა და გადაგვარება არ ხდება, მაშინ კანონიც ვერავის შეზღუდავს, ჰოდა იყოს პრევენციული ფუნქციით, ვის რაში ენაღვლება, რა არის აქ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ამდენი ელჩების დ გერმანიის ბუნდესტაგის ყურადღების ღირსი.
2 თვის უკან