ან დემოკრატია, ან იმპერიის აღდგენა

ან დემოკრატია, ან იმპერიის აღდგენა

„რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს საბჭოთა კავშირისა და ცივი ომის აღდგენას ევრაზიული კავშირის სახით, რომელიც დეკლარირებულია, როგორც ერთნაირად მოაზროვნე სახელმწიფოების საოჯახო საქმე“, - წერს ბრიტანული „Financial Times“-ი.

გამოცემის ინფორმაციით, ბორის ელცინის მემკვიდრეს, რომლის დროსაც საბჭოთა „დერჟავა“ დაიშალა, სურს, ისტორიაში დარჩეს, როგორც აღმდგენი ლიდერი.

„Financial Times“-ის დათვლით, პუტინს ლუკაშენკოს მხარდაჭერა წელიწადში 7-12 მილიარდი დოლარი უჯდება, უკრაინის ევროკავშირისთვის უარი კი 15 მილიარდი დაუჯდა. მართალია, მინსკში თვლიან, რომ სუვერენიტეტი ხატი არ არის, რომელზედაც უნდა ილოცო, ასტანაში კი უპირატესობას ეკონომიკურ ინტეგრაციას ანიჭებენ, თუმცა რუსეთის ბიუჯეტს ძალუძს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მსგავსი ქრთამების გაღება. რუსეთს შესაძლოა, მობეზრდეს საკუთარი ელიტის იმპერიული კომპლექსების დაფინანსება. ევრაზიული პროექტი ეს პოსტსაბჭოთა არქიპელაგის მირაჟია, რაც კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდება, თუმცა მალე პუტინის იმპერიულ ამბიციებს ბოლო მოეღება.

სადამდე აპირებს რუსეთი თანხების გაღებას სამიზნე სახელმწიფოებისთვის და რა ადგილი უჭირავს საქართველოს რუსეთის თვალსაწიერში? საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია კი რუსეთს თანხის გაღება საქართველოსთვის, რომლის კურსიც მყარია დასავლეთთან მიმართებით?! ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ არც ჩვენ და არც დასავლეთმა არ უნდა ვიოცნებოთ იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი თავის მიერ გაგებულ და წარმოსახულ ეროვნულ ინტერესებზე ხელს აიღებს და ისე იმოქმედებს, როგორც ჩვენ გვინდა. საბოლოოდ, რუსეთი შეეცდება, წავიდეს დასავლური ცივილიზაციის გზით, რადგან მისთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ გამოდის, რადგან, რუსეთის გაგებით, მისგან ითხოვენ მის ეროვნულ ინტერესებზე ხელის აღებას, ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვას და თავის იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმას, რისთვისაც მზად არ არის არა მარტო პუტინის რუსეთი, არამედ ე.წ. დემოკრატიული ოპოზიცია - ნავალნი და სხვები.

მეტიც, ცნობილი ილარიონოვიც კი, თუკი ოდესმე მოვა ხელისუფლებაში, აუცილებლად ანგარიშს გაუწევს რუს ხალხს, რომელსაც არ სურს, დაკარგოს თავისი უპირატესობები დასავლეთთან მიმართებით, რადგან ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რუსეთი დასავლეთს ვერ დაეწევა უახლოესი 20 წლის განმავლობაში. ამიტომ, ის უნდა იყოს იაფი ნედლეულის წყარო დასავლეთისთვის და უნდა იყოს მეორეხარისხოვანი გლობალური გეოპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დროს.

„რესურსი, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირის მსგავსი გაერთიანება და მას დაარქვას ევრაზიული კავშირი, ერთიანი ეკონომიკური სივრცით, ერთიანი შეიარაღებული ძალებით და სისტემით, უტოპიაა. მაგრამ რუსეთი ყოველმხრივ შეეცდება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და სოციალიზმის ბანაკის წევრი ქვეყნები თავის მეგობართა, მოკავშირეთა და გავლენის არეალის ქვეყნებად შეინარჩუნოს, შექმნას თანამეგობრობა, სადაც ის იქნება პირველი თანასწორთა შორის და იმპერიულ მანერებზე ხელის აღებას შეეცდება. პირველობას ის მაინც შეეცდება. სადამდეც ეყოფა ფული, იქამდე წავა. ჯერჯერობით, ბელორუსიასთან მას აქვს გარკვეული ასოცირების ტიპის ურთიერთობა. ასევე, უკრაინასთან აქვს ისტორიული ფესვები, რადგან ე.წ. მესამე რომად წოდებული რუსეთი, თავისი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული გაგებით, სერიოზულ როლს ასრულებდა, მაშინ, როცა უკრაინა, ბელორუსია და სხვა ქვეყნები, ძირითადად, სტალინის საბჭოთა იმპერიული პოლიტიკის შედეგია და ამ პროცესში გახდნენ სახელმწიფოები. „ბელაია რუს“, „მალაია რუს“ და მონღოლების მიერ რუსეთის დაყოფა, ეს კიდევ სხვა თემაა. რუსეთი შეეცდება გადაიხადოს იმდენი, რამდენიც შეუძლია“, -აცხადებს ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, თუ რუსი ხალხი არანაირად არ რეაგირებს უკრაინა-ბელორუსიასთან პუტინის ადმინისტრაციის ამგვარი გულუხვობის გამო, ის არც საქართველოსთან მიმართებით გააკეთებს მკვეთრ რეაქციას. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური კლასი მზად არ არის, რუსეთისგან, თუნდაც, დიდი მოცულობის ფინანსური დახმარების მისაღებად. უფრო მეტიც, რუსულ ფულზე საუბრისას გასათვალისწინებელი ფაქტორია უკრაინელი და ბელორუსი ხალხის ეთნიკური წარმომავლობა, საქართველოსთან მიმართებით კი ასე არ არის. მეტიც, საქართველოს აბსოლუტურად სწორი ხედვა აქვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან მიმართებით და არც პოლიტიკური კლასი და ელიტა არ არის მზად, ითანამშრომლოს რუსეთთან.

„უკრაინა-ბელორუსიისგან განსხვავებით, გამორიცხულია, კომპენსაციის შემოთავაზების გამო უარი ვთქვათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. რუსეთის მხრიდან ასეთი მიდგომა არ გაამართლებს. თუ სურს კავკასიაში დალაგებული ურთიერთობა, რუსეთს ურჩევნია, უფრო პრაგმატულად იაზროვნოს, გაგვიხსნას ბაზარი, ყოველგვარი დათქმისა და წინაპირობის გარეშე, შემოიღოს უვიზო რეჟიმი და დასთანხმდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გადახედვის დაშვებას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ხილულ პერსპექტივაში რეალური იყოს ჩრდილო კავკასიის ავტონომიების რუსეთის შემადგენლობაში მშვიდობიანად დარჩენა. ასე უნდა მოიქცეს რუსეთის პოლიტიკური კლასი, რომელიც დღემდე იმბეცილიის კლასიკურ მაგალითებს გვიჩვენებს ხოლმე“, -აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ, პოლიტიკური ელიტისგან განსხვავებით, რუსი ხალხი რუსეთში ბევრს არაფერს წყვეტს. რუსი ხალხი შეიძლება იყოს უკმაყოფილო, თუმცა ბოლო 70 წლის განმავლობაში ეს უკმაყოფილება დიდად არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით გორბაჩოვის გადაყენებისას მცირე გამოსვლებს მოსკოვში, ასევე, თეთრი სახლის ამბებს, როცა ელცინის ხელისუფლებას დაუპირისპირდა გარკვეული ჯგუფი. თუმცა, ორივე ეს გამოსვლა კატასტროფული მარცხით დასრულდა და ეს მაინც იყო ელიტების ბრძოლა ხელისუფლებისთვის და არა - რუსი ხალხის ბრძოლა.

„რუსი ხალხის დიდ ნაწილში იმპერიულ-ამბიციური მენტალობა საკმაოდ ძლიერია. რუსული იმპერია ჯერ მართლმადიდებლობის დასამკვიდრებლად იბრძოდა და ეს იყო მთავარი იდეური მოტივი, როცა მეფის რუსეთის დროს იმპერიის შექმნას ცდილობდა, საბჭოთა იმპერიას კი ახალი იდეოლოგია ჰქონდა -პროლეტარიატის ბატონობა და დაჩაგრული ხალხის „გათავისუფლება“. ორივე ეს იდეა იმპერიის გაფართოებას ემსახურებოდა. ავღანეთშიც ამ მოტივით შევიდნენ. იმ პერიოდში დასავლეთში ითვლიდნენ კიდეც, დღეში რა უჯდებოდა ავღანეთი საბჭოთა კავშირს. ამას დაემატა ნიკარაგუა და ანგოლა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მილიარდს ხარჯავდა ყოველდღიურად საბჭოთა კავშირი. თუმცა ბოლო მომენტამდე, სანამ ხაზინა მთლიანად არ დაცარიელდა, საბჭოთა ელიტას ამაზე ხელი არ აუღია“, -აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბარში.

მანვე განმარტა, რომ, რაც კრემლმა უკრაინისთვის გაიღო, ეს ერთჯერადი გადასახადია და, ცხადია, რუსეთი იმპერიის აღორძინებას ცდილობს. უბრალოდ, ევრაზიული კავშირი ახალი ფორმაა, რაც იდეოლოგიურად განმტკიცებული ისე არ არის, როგორც წინა ორ შემთხვევაში, მაგრამ მისადაგებულია მსოფლიო გაერთიანებების ფორმებთან.

იმის გამო, რომ ეს „სიამოვნება“ კრემლს რამდენიმე მილიარდი უჯდება, ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, რუსეთმა ამაზე ხელი აიღოს. მეტიც, თუკი 80-იან წლებში იმპერიის დაშლის პროცესი მიდიოდა, ახლა, პირიქით, აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და რუსეთში ცენტრალური ხელისუფლება უფრო ძლიერია, ვიდრე 90-იან წლებში იყო საბჭოთა ხელისუფლება. თუმცა, თუ ეს კავშირი აღდგება, აქ საკმარისი არ იქნება ფინანსური და ერთჯერადი დახმარება. მუდმივი დოტაცია და რეპრესიული აპარატის მუდმივი ზრდა დასჭირდება რუსეთს ამ ქვეყნების შესანარჩუნებლად, რათა იქ გაჩენილი უკმაყოფილებები ჩაახშოს.

კონკრეტულ ქვეყნებს რაც შეეხება, ექსპერტი აცხადებს, რომ ბელორუსიაში დემოკრატიული მოძრაობა სუსტია, შუა აზიაში -ეს მოძრაობა არც არსებობს, სომხეთი გამონაკლისია და იგი იმდენად გაიხლართა ყარაბახის კონფლიქტში, რომ რთულ მდგომარეობაშია. უკრაინა, მოლდოვა და საქართველო კი ამ მხრივ გამონაკლისი იქნება.

კერძოდ, უკრაინის მაგალითზე პროტესტი დღემდე გრძელდება და ეს მუხტი მუდმივად იარსებებს. ამას დაემატება მოლდოვაში იგივე საპროტესტო ტალღა. ამიტომ ექსპერტი ეჭვობს, მხოლოდ ფულადი შეთავაზებები აღმოჩნდეს საკმარისი მათ შესანარჩუნებლად.

„თუ რუსეთს მართლაც აქვს გადაწყვეტილი იმპერიის აღდგენა, მასში საქართველოს „შეთრევის“ გარეშე ეს ძნელად წარმომიდგენია, რადგან საქართველოს ყოფნა ევრაზიის კავშირში მთლიანად კეტავს შუა აზიას და იქიდან მომდინარე ენერგორესურსებს. ძირითადი გათვლა ის არის, რომ ის თანხა, რაც შეიძლება რუსეთს დაუჯდეს, ენერგეტიკული ფასით ევროპიდან იქნება ამოღებული. როგორც ჩანს, ასეთი ეკონომიკური გათვლა არსებობს კრემლში, რაც არასწორი გათვლაა. გამოდის, ადამიანმა ნაღმები ეზოდან სახლში შეიტანოს. სწორედ ასეთი დეტონატორის როლს ითამაშებს უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო. თქვენ წარმოიდგინეთ, თუკი სომხეთი და აზერბაიჯანი ევრაზიულ კავშირში მოხვდებიან, შიგნითვე დაიწყებენ არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ თამაშებს, რაც მძიმე იქნება რუსეთისთვის. ამიტომ რუსეთის ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, ის უნდა წავიდეს დემოკრატიზაციის გზით ან უნდა დაიწყოს იმპერიის აღდგენა,“ -აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მანვე რუსეთის მდგომარეობა გასული საუკუნის 20-30-იანი წლების გერმანიის მდგომარეობას შეუდარა. გერმანიის მსგავსად, რუსეთიც თვლის, რომ ის დამარცხებულია და მას არასწორად მოექცა დანარჩენი მსოფლიო. ასეთი გამოვლინებები, რომ თურმე არარუსები ძარცვავენ რუსებს - კავკასიელების და შუა აზიელების სახით, დღეს რუსეთში მნიშვნელოვანი პრობლემაა. საბოლოო ჯამში კი, რუსეთი ვერ შეინარჩუნებს იმპერიას, მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ელიტა უარს მაინც არ იტყვის იმპერიის აღდგენის სურვილზე.

„პუტინს ხომ ამბიცია აქვს, ისტორიაში შევიდეს, როგორც ახალი იმპერიის ფუძემდებელი“, -ასეთია ვახტანგ ძაბირაძის შეფასება.